Accessibility links

logo-print

აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას “დაგომისის ხელშეკრულების” გაუქმების უფლება


საქართველოს პარლამენტმა, შესაძლოა, 2005 წლის 11 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციისა და მთავრობის ანგარიშის საფუძველზე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური

რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტა და ეგრეთ წოდებული „დაგომისის ხელშეკრულების“ გაუქმება მოითხოვოს, თუმცა პარლამენტში თითქმის არავის აქვს იმის ილუზია, რომ ოფიციალური მოსკოვი მშვიდად შეხვდება ქართველი დეპუტატების ამ გადაწყვეტილებას და რუსული სამშვიდობო მისიაც მყისიერად შეწყდება. რა საფრთხეს შეიცავს ოფიციალური თბილისის პოზიცია და აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების უფლება, რომლის საფუძველზეც 14 წლის წინ ცხინვალის რეგიონში მშვიდობის დასაცავად რუსული სამხედრო ნაწილები შევიდა?

ჯერ კიდევ შარშან, 2005 წლის 11 ოქტომბერს, პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ“. ამ რეზოლუციის თანახმად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს, საქართველოს მთავრობამ მოამზადა დასკვნა, რომლის თანახმადაც, უარყოფითად შეფასდა კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო ძალების მოქმედება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „მთავრობის, პარლამენტის უშიშროებისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივმა სხდომამ სამშვიდობო ძალების მოქმედება შეაფასა მკვეთრად ნეგატიურად. არის ორი მოსაზრება. პირველი, რომ დავადასტუროთ ის დადგენილება, რომელიც საკმაოდ მკვეთრი და მძიმეა, ან არადა, თუ საჭირი იქნება, დამატებითი დადგენილებაც მივიღოთ.“

დადგენილების მიღების შემთხვევაში, ოფიციალური თბილისი მოითხოვს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას, არსებული სტრუქტურებისა და 1992 წლის 24 ივლისს დაგომისში ბორის ელცინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის ლეგიტიმური უფლება, როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე განმარტავს, საქართველოს ხელისუფლებას აქვს:

[ლევან ალექსიძის ხმა] „ვენის კონვენცია ლაპარაკობს სწორედ, რომ თუ ერთ-ერთი მხარე სისტემატურად არღვევს ხელშეკრულებას, ემუქრება ხელშეკრულების ობიექტსა და მიზნებს, ვერ სრულდება, ასეთი ხელშეკრულება შეიძლება შეწყვიტოს მეორე მხარემ.“(სტილი დაცულია)

ცხინვალის რეგიონში რუსული სამშვიდობი ძალები “დაგომისის ხელშეკრულების” საფუძველზე იმყოფებიან, თუმცა ლევან ალექსიძე იხსენებს იმ მოვლენებსა და ვითარებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრას უძღოდა წინ:

[ლევან ალექსიძის ხმა] „ცხინვალის რეგიონში იდგა ორი რუსული პოლკი. რუსეთი აშკარად იყო კონფლიქტის ერთ-ერთი მხარე. მაშინ სუსტები ვიყავით და არც არავინ გვიცნობდა მსოფლიოში და რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ მჩაგვრელების როლში გამოვეყვანეთ... ერთი სიტყვით, თავს მოგვახვიეს ხელშეკრულება. თავად განსაჯეთ, ხელშეკრულებას ვაწერ ხელს მაშინ, როცა შენი ჯარი დგას ჩემს ტერიტორიაზე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში თავისუფლების გამომჟღავნების უფლება შეზღუდული მაქვს.“

ლევან ალექსიძის თქმით, თუნდაც ამგვარი შეზღულობის გამო, ვენის საერთაშორისო კონვენცია აძლევს უფლებას ოფიციალურ თბილისს ცალმხრივად გავიდეს ხელშეკულებიდან, რომელიც მეორე მხარემ იძულებით მოახვია თავს. კონფლიქტის ზონიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანას რიგითი თბილისელებიც უჭერენ მხარს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

[მამაკაცის ხმა] „მესამე ძალის ჩარევა არ არის საჭირო. საერთოდ რომ არ იყოს იქ რუსის ჯარი, უკეთესი იქნება. აქამდე უკვე შევრიგდებოდით ქართველები და ოსები.“

[ქალბატონის ხმა] „არ ვიცით, ქართული მხარე ჩაენაცვლება თუ არა რუსებს. საფრთხე ორივე შემთხვევაში რეალურია, რუსები ტყუილად არაფერს დათმობენ.“

[მამაკაცის ხმა] „გაყვანა კარგია, რასაკვირველია, მაგრამ ამას უნდა დიდი მომზადება. შეიძლება გართულდეს ვითარება.“

უნდა ითქვას, რომ ვითარების გართულების შესაძლებლობას არც მკვლევარები გამორიცხავენ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე დარწმუნებულია, რომ მოსკოვი საქართველოში სეპარატიზმის კერას ადვილად არ დათმობს.

[არჩილ გეგეშიძის ხმა] „რუსეთი, ალბათ, არ დაიწყებს ამ გადაწყვეტილების სამართლებრივ კრიტიკას. ეცდება რაც შეიძლება გაწელოს სამხედროების გაყვანის პროცესი, რათა ხელი შეუწყოს რეგიონის მილიტარიზაციას, იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მოინდომოს იურისდიქციის აღდგენა ნებისმიერი, მათ შორის, ძალისმიერი ფორმითაც.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG