Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის ფონზე რუსეთის პრესა იმის გარკვევას შეუდგა, თუ რატომ შესძულდათ ქართველებს რუსეთი.


”რატომ მოიძულეს ქართველებმა რუსეთი?” - ასე ასათაურებს ”კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტი თავის პუბლიკაციას, რომელიც უგაზოდ და უელექტროენერგიოდ

დარჩენილ თბილისში ერთკვირიანი ყოფნის შედეგი გახლავთ. გალინა საპოჟნიკოვას ჩანახატი საინტერესოდ იკითხება, რადგან, ქართველების მიერ რუსეთის მიმართ უკმაყოფილების მიზეზების წარმოჩენის გარდა, ავტორი საკუთარ დასკვნებსაც უხვად გვთავაზობს და სწორედ ეს დასკვნები შეიძლება იყოს ქართველი მკითხველისთვის მრავლისმეტყველი. ციტატა პუბლიკაციიდან:

”ნუ შეუდგებით თავის მტვრევას იმაზე, თუ რა გაკლიათ თვალში, როცა აქ უცხო შენობაში შეხვალთ. თქვენ ვერ დაინახავთ გათბობის მილებსა და ბატარეებს. იმ მომენტიდან, როცა აქ ცენტრალური გათბობა გაქრა, დაიწყეს გათბობის მილებისა და ბატარეების ჭრა და ჯართად მიყიდვა თურქებისთვის. აქედან მიღებული ფული კი მხოლოდ იმისთვის აღმოჩნდა საკმარისი, რომ, მაგალითად, გივისა და ირას შვილი ირაკლი კინოში წასულიყო... აქ ხალხი აივნებზე ნაფოტებსაც წვავდა და პარკებში ხის სკამებსაც იპარავდა, საჭმელსაც მეზობლებთან ერთად ამზადებდა კოცონზე... ანუ ჰუმანიტარული კატასტროფა, რომელსაც მთელი იანვრის მანძილზე ვადევნებდით თვალს თბილისიდან გადმოცემულ სატელევიზიო რეპორტაჟებში, კატასტროფაა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელიც იმ ”დიდებულ” წლებში ამერიკაში ცხოვრობდა და ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდა. თორემ დანარჩენი საქართველოსთვის ასეთი ცხოვრება ნორმაა. ასე რომ, თანამედროვე საქართველოს უბედურებაში ჩვენ არ ვართ დამნაშავე. საქართველოს ბედნიერება იმაშია, რომ მას ჰყავს რუსეთისნაირი მეზობელი, რომელიც შეიძლება ყველაფერში დაადანაშაულოს. ჩვენ ხომ ასეთი ფუფუნების საშუალება არ გვაქვს. დიდი-დიდი, ჩუბაისის გალანძღვის უფლება მივცეთ თავს”, - წერს ”კომსომოლსკაია პრავდას” კორესპონდენტი”, რომელსაც იანვრის ენერგოკრიზისის დროს თბილისში მოუხდა ყოფნა.

რუსეთის პრესაში გამოხმაურება პოვა ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ის მიერ ორგანიზებულმა ტელეხიდმა რუს და ქართველ პოლიტიკოსებს შორის. ამ მოვლენამ და განსაკუთრებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას გამოსვლამ ტელეხიდის მიმდინარეობისას რუსეთის პრესის არაერთი მიმომხილველი შთააგონა. ”ნეზავისიმაია გაზეტას” მიმომხილველის ანატოლი გორდიენკოს სტატიის სათაურიც სწორედ რუსულ-ქართული ტელეხიდიდან იშვა: ”კიდევ ერთხელ ”ფაშიზმის” შესახებ”. გორდიენკო წერს: ”ქართველი მაღალჩინოსნები თანმიმდევრულად არღვევენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში დაშვებულ საზღვრებს. ყველა თავიანთ უბედურებაში უპირველეს დამნაშავედ რუსეთის დასახელებისას ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები სულ უფრო ამძაფრებენ ანტირუსულ რიტორიკას. ამ ყველაფრის ფონად იქცა საქართველოს ხელისუფლების პრეტენზიები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის, როგორც შუამავლის, კერძოდ კი, იქ მყოფი სამშვიდობო ძალების, მოქმედების მიმართ. მაღალჩინოსნები მოსაზრებების გამოთქმისას თავს არ იზღუდავენ. კარგად გვახსოვს გაეროში საქართველოს ელჩის რევაზ ადამიას სკანდალური განცხადებები, რომელიც მან თებერვლის დასაწყისში ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მან პირდაპირ დაადანაშაულა რუსი სამხედროები აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე ომისას ქართველების ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ორგანიზებაში. ამ გზით ადამიამ რუსეთი, ფაქტობრივად, ფაშისტური გერმანიის, ყოფილი იუგოსლავიისა და რუანდის გვერდით დააყენა”, - წერს ანატოლი გორდიენკო ”ნეზავისიმაია გაზეტაში”. გიორგი ხაინდრავას ტელეხიდში მონაწილეობას კი იმავე პუბლიკაციაში ასე აფასებს: ”აქამდე გიორგი ხაინდრავა ქართველი ”ქორების” რიგში არ ირიცხებოდა. რასაკვირველია, შეიძლება ხაინდრავას გამოსვლის დიდი ნაწილი დეპუტატ ალქსნისის მიერ მისთვის კბილის გაკვრას მივაწეროთ. მაგრამ ითქვა ისეთი სერიოზული სიტყვები, რომელთა შემდეგ საუბარი მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გაწყვეტაზე შეიძლება”, - წერს დღევანდელი ”ნეზავისიმაია გაზეტა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG