Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე


გასულ უქმეებზე რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა ფედერაციის ტეროტორიაზე არ შეუშვა საქართველოდან დომოდედოვოს აეროპორტში ჩასული 55 მოქალაქე, რომელთა ერთი ნაწილი

დეპორტაციის მიზეზების გარკვევას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეეცადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპორტირებულ მოქალაქეებს ხელთ ჰქონდათ რუსეთის საზღვრის გადაკვეთისათვის აუცილებელი ყველა საბუთი, თუმცა, როგორც საქართველოში რუსეთის საელჩო განმარტავს, საქართველოს მოქალაქეებს ანკეტაში, რომელიც თან ახლავს ვიზას, არასწორად ჰქონდათ მითითებული ვიზიტის მიზანი და ბევრი სხვა მონაცემი.
რა მოხდა სინამდვილეში?

სტატისტიკის თანახმად, საქართველოს აეროპორტებიდან ყველაზე მეტი მგზავრი მეზობელი რუსეთის მიმართულებით მიფრინავს, თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ ანთაძის განცხადებიდან ირკვევა, 11 და 12 თებერვალს ზოგიერთ მათგანს არ გაუმართლა:

[მერაბ ანთაძის ხმა] „საერთო ჯამში, 55 მოქალაქე არ შეუშვეს რუსეთის ტერიტორიაზე. ნაწილი უკვე გამოამგზავრეს სამშობლოში, ნაწილი კი, მას შემდეგ, რაც გაირკვევა ავიაკომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, უახლოეს ხანში გამოემგზავრება თბილისისკენ.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის უცნობია დეპორტაციის რეალური მიზეზი, პარლამენტის ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს კი ეჭვი არ ეპარება, რომ რუსი მესაზღვრეები პოლიტიკური მოტივით მოქმედებდნენ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] „ამ ცოტა ხნის წინ ჩვენმა სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოში ვიზების გარეშე შემოსული რუსი ოფიცრები. ქართველი მოქალაქეების დეპორტირება არის პასუხი ჩვენი პოლიციის ქმედებაზე.“

დეპორტაციის მიზეზის დასადგენად მე საქართველოში რუსეთის საელჩოს მივაკითხე. ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დარწმუნებულია, რომ მომხდარში პოლიტიკოსების ხელი არ ურევია:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] „რა არის დეპორტაციის მიზეზი? არ უნდა მოიტყუო და ანკეტაში ვიზიტის მიზნის გასწვრივ მდებარე გრაფაში არ უნდა ჩაწერო ქორწილი ან სხვა რამ, როცა ხელში ტურისტული ვიზა გიჭირავს. ეს არასწორია.“

საქმე ის არის, რომ საქართველოს მაქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთში ეგრეთ წოდებული „ტურისტული ბიუროების“ დახმარებით ხვდება. მოქალაქე, რომელიც რუსეთში, როგორც წესი, საშოვარზე მიემგზავრება, ბიუროს თანამშრომლის დახმარებით ყიდულობს ვიზას. სამთვიანში დაახლოებით 120 დოლარს იხდის, ერთწლიანში კი - 300-ს. ქალბატონი მანანა ხუთი წელია თანაქალაქელებს რუსეთის ვიზების აღებაში ეხმარება.

[ქალბატონ მანანას ხმა] „ანკეტებს ვუვსებთ მოქალაქეებს და ყველანაირად ვეხმარებით. არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ წესიერად გასცემენ პასუხს კითხვაზე: რატომ, რა მიზნით ჩადის რუსეთში. ზოგიერთმა რუსული არ იცის და ტურისტული ვიზის მფლობელი პასუხობს, ნათესავთან მივდივარო და ასე შემდეგ.“

ქალბატონ მანანას თქმით, თუ მესაზღვრე მოქალაქეს ტყუილში გამოიჭერს, შეუძლია ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე გამოაბრუნოს უკან. ცხადია, ასეთ შემთხვევაში დეპორტირებულ მოქალაქეს ვიზაში გადახდილ ფულს არავინ დაუბრუნებს. დეპორტაციისა და ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში გამგზავრებას აპირებენ, ურჩევს ზედმიწევნით კარგად შეისწავლონ ის ჩანაწერი, რომელიც ტურისტულ ვიზას სპეციალური ვაუჩერის სახით ახლავს.

[მერაბ ანთაძის ხმა] „საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი იყენებს ტურისტულ ვიზას. შესაბამისი ფირმა ტურისტული ვიზის გაცემისას ასევე იძლევა ვაუჩერს, სადაც მკაფიოდ არის ვიზიტის მიზანი დაფიქსირებული. ამავე დროს, იქვე არის დაფიქსირებული მიმღები მხარის კოორდინატები, ანუ ის, თუ სად გაჩერდება ჩასული მოქალაქე. ამ კითხვებზე ადეკვატური პასუხების გაუცემლობის შემთხვევაში ნებისმიერ მესაზღვრეს - მათ შორის, რუს მესაზღვრესაც - ექნება მიზეზი უარი უთხრას საზღვრის გადაკვეთაზე.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG