Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხები განიხილა საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლამდე


14 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია. როგორც ცნობილია, მასზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა

თბილისის დროით 18 საათზე დაიწყო. მანამდე კი პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს და რამდენიმე პროცედურულ საკითხზეც იმსჯელეს.

[საქართველოს ჰიმნი]

ტრადიციისამებრ, პარლამენტის საგაზაფხულო სესია სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო და, ასევე ტრადიციისამებრ, დღის წესრიგის დამტკიცებისთანავე კამათი პროცედურულ საკითხებზე გაიმართა. ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე, იმით დაინტერესდა, მოისმენს თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი ოპოზიციურ აზრს.
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”... როგორ იქნება ამ შემთხვევაში, წინდღით მობრძანდება პრეზიდენტი, მოხსენებას წაიკითხავს, თუ იტყვის და მერე ფრაქციების გამოსვლა მეორე დღეს პრეზიდენტის გარეშე უნდა წარიმართოს?”(სტილი დაცულია)
[ნინო ბურჯანაძე] ”ქალბატონო ფიქრია, ეს აბსოლუტურად პრეზიდენტის გადასაწყვეტი გახლავთ. თქვენ სწორად აღნიშნეთ - ეს რეგლამენტში არ არის გაწერილი...”

უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს აღუთქვა, რომ მის სურვილს პრეზიდენტის ყურამდე მიიტანდა.

ამის შემდეგ პარლამენტის სხდომა დღის წესრიგს დაუბრუნდა და 14-მდე საკითხი და საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა. მათგან რამდენიმე მნიშვნელოვანსა და აქტუალურს შევეხები.

თავდაპირველად პარლამენტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ პრეზიდენტის იმ დადგენილების კენჭისყრა ითხოვა, რომლის ძალითაც მიხეილ ჯიბუტი ფასიანი ქაღალდების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან საკუთარი სურვილის საფუძველზე გათავისუფლდა.
პარლამენტმა სცადა გამოეყენებინა პრეზიდენტის ბრძანებულების რევიზიის უფლება, რომელსაც მას კანონი ანიჭებს, და მიხეილ ჯიბუტის მოსმენა მოითხოვა.

[ბესო ჯუღელის ხმა] ”მე ბატონ მიშა ჯიბუტს ვესაუბრე და ვერაფრით დავადგინე მისი წამოსვლის მიზეზი. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა ბატონ მიშა ჯიბუტის აზრი. იმიტომ რომ ასე არაა ცხოვრება, აიღო და წახვიდე...”(სტილი დაცულია)

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მისმა თანამოაზრეებმა დაარწმუნეს, რომ ჯიბუტი, მართლაც, თავისი სურვილის საფუძველზე გადადგა და კანონის იმ ნორმის გაუქმებაც მოითხოვეს, რომელიც პრეზიდენტის დადგენილების რევიზიის უფლებას იძლევა.

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განიხილა: კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს, ასევე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ბანკის დამფუძნებელთა წილობრივი მონაწილეობის შეზღუდვას აუქმებს. პარლამენტარებმა განიხილეს და მოსაზრებები გამოთქვეს იმ ადმინისტრაციული ჯარიმების გაზრდის შესახებაც, რომელიც ავტომობილების მფლობელებს და ავტომობილთა ექსპლუატაციას შეეხება. საკითხების უმრავლესობის მოსმენამ კი, აი, ასე ჩაიარა:

[ისმის სპიკერის ხმა] ”შენიშვნები არ აქვთ, საკითხი განხილულია... გმადლობთ.”

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 14 თებერვლის საპარლამენტო სესიაზე საქართველოს მთავრობამ ერთი კანონის ჩაგდების ინიციატივაც გამოთქვა. საქმე ეხება ფიტოსანიტარული მოსაკრებლების შესახებ 2003 წელს პირველი მოსმენით მიღებულ კანონს.
ეს იმიტომ, რომ, სხვა კანონით, ფიტოსანიტარული კონტროლი და მოსაკრებლების შეგროვება საბაჟო დეპარტამენტის პრეროგატივაში გადავიდა.

[პარლამენტარების ხმა] ... “ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც მთავრობა სიამოვნებით ეთანხმება პარლამენტს კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით.”

აი, დაახლოებით ასეთი იყო საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი დღე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლამდე.
XS
SM
MD
LG