Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი დათმობას არ აპირებს წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებთან დაკავშირებულ კრიზისში


მუსულმანურ სამყაროში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები დანიის პრესაში წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.



დემონსტრანტები ევროპის კავშირის ქვეყნებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. მაგრამ ევროკავშირის წევრთა თქმით, მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ქვეყნების მთავრობები არ აკონტროლებენ და არც მომავალში გააკონტროლებენ მასმედიას თავთავიანთ ქვეყნებში.

პაკისტანში უკვე მესამე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა. ფეშავარსა და ლაჰორში დემონსტრანტებმა დაწვეს კინოთეატრები და კომპანიების შენობები.

პოლიციის ცნობით, ფეშავარის დემონსტრაციაში 70 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ზოგიერთმა დემონსტრანტმა იერიში მიიტანა მობილური ტელეფონების ნორვეგიულ კომპანია "ტელენორის" შენობაზე, ასევე სხვა კომპანიათა ოფისებზე.

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ასობით დემონსტრანტმა დანიის საელჩოს წინ დაწვა დანიის დროშა. პარლამენტის წევრმა მუჯიბ ჰათამანმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა დანიის მთავრობისგან:

[ჰათამანის ხმა]"ჩვენ გვინდა, რომ მათ დაგმონ "ილანდს პოსტენის" ქმედება. ჩვენ მათგან მოვითხოვთ ბოდიშის მოხდას მათი ხალხის სახელით. და, რა თქმა უნდა, ეს ეხება "ილანდს პოსტენსაც" მათ მიერ დაბეჭდილი კარიკატურებისთვის."

მაგრამ ევროკომისიის თავმჯდომარის, ჟოსე მანუელ ბოროზუს თქმით, სწორედ ამის გაკეთება არ შეუძლია და არც აპირებს ევროპის კავშირი. ოთხშაბათს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ბაროზუმ თქვა, რომ ევროპის კავშირის მთავრობები ვერ ჩაერევიან კერძო პირებისა და დამოუკიდებელი მასმედიის საქმეებში.

[ბაროზუს ხმა] "მთავრობები ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები არ არიან პასუხისმგებელი იმ მოსაზრებებისთვის, რასაც კერძო პირები გამოხატავენ. პირიქით, კერძო პირების მიერ გამოხატული მოსაზრებები ეხება ამ პირებს და მხოლოდ მათ. ისინი არ ეხება ქვეყანას, ხალხს, რელიგიას. და სხვებს არ უნდა მივცეთ იმის უფლება, საქმე პირიქით წარმოადგინონ."

ბაროზუმ დაგმო დანიის კომპანიებისა და პროდუქციის მიმართ ბოიკოტი და გააფრთხილა მუსულმანური ქვეყნები, რომ ეს ორივე მხარეს ავნებს. დანიური ნაწარმის ბოიკოტი, ევროპის ბოიკოტს ნიშნავსო, დასძინა მან.

ამავე დროს თავის გამოსვლაში მან სოლიდარობა გამოუხატა დანიის მთავრობასა და ხალხს.

[ბაროზუს ხმა] "მე ველაპარაკე დანიის პრემიერ-მინისტრს და კომისიის სოლიდარობა გამოვუხატე. მე დღეს აქ მსურს სოლიდარობა გამოვუხატო დანიელ ხალხსაც. ხალხს, რომელიც სამართლიანად სარგებლობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი და ტოლერანტი ხალხის რეპუტაციით."

ამ ტოლერანტობის გამოცდა გადაწყვიტა ირანმა. თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქის მუნიციპალიტეტის გაზეთ "ჰამშაჰრის" რედაქტორმა მოჰამად რეზა ზაერიმ სამშაბათს დაიცვა გაზეთის გადაწყვეტილება, კონკურსი გამოაცხადოს ჰოლოკოსტის თემაზე კარიკატურების შექმნაზე.

ზაერის თქმით, ამით გაზეთს სურს ნახოს, აკეთებს თუ არა გამონაკლისებს დასავლეთი, როცა სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობს.

ებრაულმა ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ირანის გაზეთის ეს ინიციატივა როგორც ირანში, ისე მრავალ სხვა ქვეყანაში.

განსხავებით დანიის გაზეთისგან, "ჰამშაჰრი" არ არის დამოუკიდებელი ორგანო და იგი ირანის ხელისულფების აზრს გამოხატავს.
XS
SM
MD
LG