Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ართმევს თუ არა მოვალეობებს თავს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი


ამ დღეებში რუსეთის სამშვიდობო ძალების თემას ჩვენს პროგრამებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს გასაგები მიზეზების გამო.



მაგრამ რუსეთის არმია და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი უკანასკნელ ხანებში სხვა მიზეზითაც მოექცნენ ყურადღების ცენტრში.

ვლადიმირ პუტინმა სერგეი ივანოვი 2001 წელს დანიშნა თავდაცვის მინისტრად და მძიმე ამოცანა დაუსახა: მას ახალი სიცოცხლე უნდა შთაებერა რუსეთის დასუსტებული არმიისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რის მოგვარებაც ვერ შეძლო მინისტრმა, არის არმიაში ახალწვეულებისადმი არაადამიანური მოპყრობა. ეს თემა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას მერე, რაც ცნობილი გახდა ჯარისკაც ანდრეი სიჩიოვის ტრაგედია. კვლავ გაისმის შეკითხვა: ართმევს თუ არა სერგეი ივანოვი თავის მოვალეობებს თავს?

ივანოვი უშიშროების სამსახურების პირველი მაღალი რანგის ოფიცერია, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა. ივანოვს, კაგებეს ყოფილ ოფიცერს, საერთოდ არა აქვს არმიაში მუშაობის გამოცდილება. მას ჯარში არც კი უმსახურია. ამასთან, იგი წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას, რომელსაც დიდი ხნის ანტაგონიზმი აქვს არმიასთან.

არმია, რომელიც ივანოვმა ჩაიბარა 2001 წელს, იყო დემორალიზებული, მატერიალურად გაპარტახებული, ფიზიკური და ფსიქიური ძალადობით და კორუფციით ცნობილი. მინისტრს ძალზე მძიმე ამოცანა ერგო წილად. მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ივანოვი სამხედრო სფეროში არც თუ ისე კარგად ერკვეოდა.

თავადაცვის მინისტრის თანამდებობაზე ივანოვის მუშაობის მოკლე შეფასება ასეთია: მან თავი ვერ გაართვა ნაკისრ ამოცანებს.

ანდრეი სიჩიოვის ინციდენტმა კიდევ ერთხელ გახადა ეს ნათელი. ახალგაზრდა ჯარისკაცი მისმა უფროსმა ამხანაგებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ მას ფეხებისა და სასქესო ორგანოების ამპუტაცია დასჭირდა.

13 თებერვალს რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ კიდევ ერთი ახალწვეულის სიკვდილის შესახებ ქალაქ უფაში. ისიც სასტიკად სცემეს.

სიჩიოვის ამბის შემდეგ საზოგადოების აღშფოთებას დასაბამი დაედო ივანოვის განცხადებით, "არაფერი სერიოზული არ მომხდარაო."

თუმცა რამდენიმე დღეში მან ტონი შეიცვალა და პასუხისმგებელი ოფიცრების მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

მაგრამ ბევრის აზრით, "დედოვშჩინის" მისამართით ივანოვის მიერ გამოთქმული კრიტიკა არ იყო გულწრფელი.

ასე ფიქრობს, მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო მიმომხილველი, ალექსანდრ გოლცი. მისი თქმით, ივანოვს არაერთხელ უარუყვია არმიის პასუხისმგებლობა "დედოვშჩინისთვის".

[გოლცის ხმა] "მას ბევრჯერ უთქვამს, რომ დედოვშჩინა დიდი ხანია არსებობდა, და მის წინააღმდეგ ხანგრძლივი ბრძოლაა საჭირო. დედოვშჩინა ყოველთვის არსებობდა. მან იმიტომ შეიძინა ასეთი სასტიკი ხასიათი, რომ ჩვენი საზოგადოება გახდა სასტიკი. ბრალი საზოგადოებას მიუძღვის და არა არმიას და ეთაურებსო. ასეთი მოსაზრებები ხშირად მოგვისმენია ყველასგან, გენერლებიდან დაწყებული პუტინით დამთავრებული."

მრავალი სხვა მიმომხილველის მსგავსად გოლცი ფიქრობს, რომ პუტინი და ივანოვი შეგნებულად ხუჭავენ თვალს არმიაში გამეფებულ სისასტიკეზე, რათა დაქვემდებარებისა და მორჩილების მკაცრი სისტემა შეინარჩუნონ და შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაში დანერგონ იგი.

გოლცის აზრით, არმია დღევანდელი სახით მნიშვნელოვანი სოციალური ინსტიტუციის როლს თამაშობს. მოქალაქეები მასში სწავლობენ მორჩილებას. ეჩვევიან იმას, რომ სახელმწიფო ყოვლისშემძლეა და ადამინის სიცოცხლეს უპასუხისმგებლოდ შეიძლება მოექცეს.

ერთი დადებითი სიახლე, რაც სერგეი ივანოვის სახელს უკავშირდება, ის არის, რომ მისი ბრძანებით თავდაცვის სამინისტრო თავის ვებგვერდზე ბეჭდავს სტატისტიკას არასაომარ ვითარებებში დაღუპული სამხედრო პერსონალის შესახებ.

ამ საიტის თანახმად, იანვარში 53 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ბოროტმოქმედებებისა და უბედური შემთხვევების გამო. საიტის თანახმად, 14-მა მათგანმა თავი მოიკლა.

ამ სტატისტიკის მიხედვით, 2005 წელს რუსეთის არმიაში არასაომარ ვითარებებში დაიღუპა 1064 ადამიანი. ჯარისკაცთა დედების კომიტეტის თანახმად, რეალური ციფრი დაახლოებით სამჯერ მეტია.
XS
SM
MD
LG