Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შამბა: ''აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს არავითარი რესურსი არ მოეპოვება''


მურატ ტემიროვი, პრაღა რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა დღეს ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.

ვფიქრობთ, ამ ინტერვიუს რამდენიმე მონაკვეთი ჩვენი მსმენელისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს.

შეკითხვაზე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანამ, სერგეი შამბამ ჩვენს რადიოს უპასუხა:

[სერგეი შამბას ხმა] "ამ მოვლენებმა შეიძლება გარკვეულად იმოქმედონ მოვლენებზე მთელ რეგიონში. ვინაიდან ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ მშვიდობის დამცველი კოლექტიური ძალების გამოდევნა გამოიწვევს დაძაბულობას რეგიონში. მაგრამ, მართალი გითხრათ, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემდეგ მისგან გამუდმებით მომდინარეობს დაძაბულობა რეგიონისთვის."

შემდეგი შეკითხვა ეხებოდა იმას, მოეპოვება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რაიმე რესურსი აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად. სერგეი შამბას პასუხი ასეთი იყო.

[სერგეი შამბას ხმა] "მე ვფიქრობ, საქართველოს სახელმწიფოს არავითარი რესურსი არ მოეპოვება აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად - არც სამხედრო და არც მშვიდობიანი, რაზეც ისინი ლაპარაკობენ. მათი ორივე ეს რესურსი ძალზე სუსტია. რაც შეეხება პრობლემის სამშვიდობო გზით მოგვარებას, რაზეც უკანასკნელ ხანებში ბევრი ითქმება და რაზეც იყო ლაპარაკი სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაშიც, საერთოდ ვერ ვხედავ ვერავითარ რესურსს და ვერ ვხედავ ვერავითარ მოქმედებას და სიტყვებსაც კი, რომელთა შეიძლება აქით წაგვიყვანოს."

ამის შემდეგ, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის თხოვნით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოხუმის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა; კერძოდ იმაზე, აპირებს თუ არა თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ასოცირებულ წევრად შესვლას. პასუხი ასეთი იყო:

[სერგეი შამბას ხმა] "აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს განსაზღვრულია ჩვენი კონსტიტუციით და იმ რეფერენდუმით, რომელიც 99 წელს ჩატარდა. საუბარია ორ სახელმწიფოს შორის ისეთი ურთიერთობის დამყარებაზე, როგორსაც ჩვენ ასოცირებულ ურთიერთობებს ვუწოდებთ. ასეთი წინადადება თავის დროზე გამოთქვეს აფხაზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და წინა მოწვევის პარლამენტმა. და პრეზიდენტმა ბაღაფშმა დაადასტურა, რომ ეს წინადადებები ძალაში რჩება. ეს არ არის აფხაზეთის ასოცირებული წევრობა, ეს ასოცირებული ურთიერთობაა; დაახლოებით ისეთი, როგორიც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ სუბიექტს -მარშალის კუნძულებს შორის."
XS
SM
MD
LG