Accessibility links

logo-print

როგორი იყო პრეზიდენტის წლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში და დეპუტატების პირველი რეაქციები მასზე


14 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისი მისვლა

საღამოს 6 საათზე იყო დანიშნული, თუმცა პრეზიდენტმა დააგვიანა. დათქმულ დროს სხდომათა დარბაზში შეკრებილი საზოგადოება : დეპუტატები, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები, ჟურნალისტები მიხეილ სააკაშვილს თითქმის ერთ საათს ელოდნენ. პრეზიდენტი მისთვის კარგად ცნობილ დარბაზში საღამოს 7 საათისთვის მივიდა. როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა და დეპუტატების და მთავრობის წევრების პირველი რეაქციები ამ გამოსვლაზე?

გამოსვლა იყო დაახლოებით საათნახევრიანი. საკუთარი მოხსენება პრეზიდენტს მთლიანად უკვე მიღწეულსა და მომავალში მისაღწევზე ჰქონდა აგებული. წარუმატებლობასა და ქვეყნის ყველაზე მწვავე პრობლემებზე მას ყურადღება თითქმის არ გაუმახვილებია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საბაჟო სამსახური აუღებელ ციხესიმაგრედ იქნა მოხსენიებული, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო კი საშინელ სამედიცინო დაწესებულებად.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”პრაქტიკულად დემოკრატიულ ინსტიტუტებზე საუბარი არ ყოფილა. ტექსტი არ იყო გადატვირთული ისეთი ცნებით, როგორიც არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება საერთოდ ნახსენები არ ყოფილა, არც სამართლიანი სახელმწიფო. იყო მესიჯი ყველა ციხეში. ჯამში, მე ვიტყოდი, რომ ეს იყო საბჭოთა ყაიდის პრემიერის გამოსვლა, აი, კოსიგინის გამოსვლა.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის გამოსვლამ ასეთი შთაბეჭდილება ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრს ივლიანე ხაინდრავას შეუქმნა. პრეზიდენტის მოხსენება არ მოსწონებიათ არც ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს. მათგან ”მემარჯვენე ფრაქციის” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ გვითხრა, რომ მისი ფრაქცია იმსჯელებს, 15 თებერვლისთვის არის თუ არა საჭირო საპასუხო გამოსვლა პრეზიდენტის გამოსვლაზე. მემარჯვენეები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის დაუსწრებლად მის კრიტიკას აზრი არა აქვს. უმრავლესობა კი თავის აზრზეა - იქ პრეზიდენტის მოხსენებაც მოსწონთ და პარლამენტში მისი პირს უკან გაკრიტიკების იდეაც. მოვისმინოთ რა განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ სამშაბათს, პრეზიდენტის წლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ:

[მაია ნადირაძის ხმა] ”ამ გამოსვლამ ადამიანების უმრავლესობა დატოვა კარგ ხასიათზე. პრეზიდენტის გამოსვლა ყოველთვის უნდა იყოს წარმატებებისადმი მიძღვნილი."

ასეც იყო. წარმატებებს შორის აღინიშნა: გზების დაგება, გვირაბის გაყვანა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობის ზრდა, ენერგოკრიზისის დიდი ჩაბნელების გარეშე გადატანა, არმიის მშენებლობა, საგადასახადო განაკვეთების შემცირება და ასე შემდეგ. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილმა უკვე მიღწეულ წარმატებებთან გააიგივა სამომავლო გეგმები, სამომავლო წარმატებები. სამაგიეროდ, ოპოზიციას ნიშანდობლივად მოეჩვენა ის, რომ პრეზიდენტს საერთოდ არ უხსენებია ოპოზიცია და მასთან ერთად საკუთარი პარტიაც, ”ნაციონალური მოძრაობა.” მოკლედ ითქვა საქართველოს მთავარი პრობლემების - ტერიტორიული პრობლემების - შესახებ, იმის ხაზგასმით, რომ საქართველო ადგას მშვიდობის გზას, მაგრამ არ მოითმენს გამთლიანების იდეის დასამარებას. მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს 3 ინიციატივა შესთავაზა: პირველი - აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს მიეცეთ აფხაზეთში თავიანთი ოდინდელი საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატები, მეორე - 4 თვის მანძილზე ყველა სახელმწიფო მოხელეს ჩაუტარდეს ნარკოლოგიური გამოკვლევა და მესამე - გაუქმდეს პირობითი სასჯელი მძარცველებისთვის. დაბოლოს, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში გამოიტანა მოქმედების ახალი დევიზები, როგორც დიდ წინაპართა ნაანდერძევი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ყველა ქართველმა უნდა მოუაროს ჩვენს ქონებას. ჩვენი მრწამსია - უნდა დავეხმაროთ უმწეოებს, ”მიეც გლახაკთა საჭურჭლე”; ჩვენი გზა არის ეკონომიკური თავისუფლება - ” ათავისუფლე მონები”; ჩვენი მომავალია განთლებული ერი - ”მიეცი ნიჭსა ფართო გზა” და ჩვენი მოქმედება დაფუძნებულია ღირსეულების პატივისცემაზე - ” თაყვანისცემა ღირსებას.” თანამედროვე პოლიტოლოგები ამას ეძახიან მერიტოკრატიას, ე.ი. ღირსეულთა და უნარიან ადამიანთა მმართველობას.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის მოხსენებაზე საპასუხო გამოსვლები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პარლამენტში 15 თებერვალს შედგება.
XS
SM
MD
LG