Accessibility links

logo-print

ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში შრომითი კოლექტივის საპროტესტო აქცია დაიწყო


14 თებერვალს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გენერალური დირექტორის კაბინეტი, შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის წარმომადგენლების დახმარებით,

გიგა ბედინეიშვილმა დაიკავა. ბედინეიშვილის ასეთ ქმედებას ქარხნის შრომითი კოლექტივის მწვავე რეაქცია მოჰყვა და 15 თებერვალს ზესტაფონში საპროტესტო აქცია გაიმართა. რა ხდება ფეროშენადნობთა ქარხნის ირგვლივ?

15 თებერვალს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის სააქტო დარბაზში საწარმოს 400-მდე თანამშრომელი შეიკრიბა და ახალი ხელმძღვანელობის მიმართ პროტესტი, აი, ასე გამოხატა:

[ხმაური]
[გიორგი გრიგოლიას ხმა] ”იძულებული ვართ დავუჯეროთ, იმდენი იარაღიანი ხალხი ახლავს...”

ეს არის გიორგი გრიგოლია, ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა აქტივის წარმომადგენელი. მისი თქმით, ქარხანა გაჩერების პირასაა და მის ახალ ხელმძღვანელს, პრეზიდენტის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველს გიგა ბედინეიშვილს, საწარმოს მართვის არავითარი გამოცდილება არ გააჩნია:

[გიორგი გრიგოლიას ხმა] ”ეს პიროვნება რაღაც დავალებით არის, თვითონაც მერყევი პოზიცია აქვს...”

ფეროშენადნობთა ქარხნის ადვოკატის გიგა კვერენჩხილაძის განცხადებით კი, ბედინეიშვილი დირექტორად ფეროს სამეთვალყურეო საბჭოს არ დაუნიშნავს და, შესაბამისად, მისი ყველა ქმედება უკანონოა:

[გიგა კვერენჩხილაძის ხმა] ”ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ...”

გიგა კვერენჩხილაძემ, ფეროშენადნობთა ქარხნის 2000 თანამშრომელთან ერთად, ხელი მოაწერა ერთობლივ წერილს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს გაუგზავნეს.

მასში ხაზგასმით დეტალურადაა აღწერილი ქარხნის ბოლოდროინდელი ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული სამუშაო, რომელმაც დანგრევის პირას მისული საწარმო გამოაცოცხლა და პერსპექტივა დაუბრუნა. კერძოდ, 2003 წლიდან შეიქმნა დამატებით 300 სამუშაო ადგილი, იმატა ხელფასებმა და 150 პროცენტით გაიზარდა წარმოების მოცულობა.

ზესტაფონელი მეტალურგები პრეზიდენტს აცნობებენ, რომ მისი ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის გიგა ბედინეიშვილის ქმედებით ქარხნის წარმატებებს საფრთხე დაემუქრა.

ადვოკატ კვერენჩხილაძეს პრეზიდენტის ყოფილი ეკონომიკური მრჩევლის საქციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ქმედებები კერძო ბიზნესში უხეშ ჩარევად მიაჩნია და სასამართლოში ჩივილსაც აპირებს.

გიგა ბედინეიშვილის ფეროს გენერალურ დირექტორად ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნის ფაქტს უარყოფს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაჯაია:

[ზურაბ ქაჯაიას ხმა] ”მე მქონდა მასთან საუბარი...”

საბოლოოდ ვის ხელში დარჩება ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ამ დროისთვის ის არის ცნობილი, რომ ქარხანა გაჩერების პირასაა, რადგან ჭიათურმანგანუმის გაჩერების გამო შეწყდა მადნის მიწოდება, რაც, სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ზარალთან ერთად, ქარხნის 3000-მდე თანამშრომელს საარსებო წყაროს გარეშე დარჩენით ემუქრება.
XS
SM
MD
LG