Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოქვეყნდა აბუ ღრაიბში ამერიკელ სამხედროთა მიერ ერაყელების დამცირების დამადასტურებელი ახალი ფოტოები


ავსტრალიის ტელევიზიამ ოთხშაბათს გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია ამერიკელ სამხედროთა მიერ

ერაყელი ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ბაღდადის აბუ ღრაიბის ციხეში. შეგახსენებთ, რომ აბუ ღრაიბის პირველი ფოტოების შესახებ დაახლოებით ორი წლის წინ გახდა ცნობილი და მათ გამოქვეყნებას სერიოზული სკანდალი მოჰყვა.

"არსებობს მრავალი სხვა ფოტოსურათი და ვიდეოფირი. მათი გამოქვეყნებით საქმეს უფრო გავაფუჭებთო," განაცხადა 2004 წლის მაისში თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელმა მას მერე, რაც აბუ ღრაიბის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა.

მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ავსტრალიის ტელკომპანია "სპეშიალ ბროდკასტინგ სერვისმა" ამ გამოუქვეყნებელი ფოტოების ნაწილი მაინც გამოიტანა ფართო საზოგადოების სამსჯავროზე, ვაშინგტონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბუ ღრაიბში მომხდარი დარღვევები არ გამოხატავს შეერთებული შტატების ოფიციალურ პოლიტიკას.

[ბელინჯერის ხმა] "ეს დამატებითი ფოტოები, რომლებიც ახლა გამოქვეყნდა, საზიზღარია. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებს დაუშვებელ ქცევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აბუ ღრაიბში. ამავე დროს დასანანია, რომ ფოტოების გამოქვეყნება გრძელდება, ვინაიდან, ჩემის აზრით, ეს უბრალოდ ცეცხლში ნავთს ასხამს იმ დროს, როცა ამ საკითხთან დაკავშირებით ემოციები ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა მთელ მსოფლიოში."

ეს გახლდათ ჯონ ბელინჯერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

ავსტრალიის ტელევიზიის მიერ ნაჩვენებ ფოტოებსა და ვიდეოფირებზე გადაღებული არიან აბუ ღრაიბის შიშველი პატიმრები, რომელთაც თავზე ტომრები აქვთ ჩამოცმული. ისინი სექსუალურად დამამცირებელ ვითარებებში არიან ნაჩვენები. ზოგ ფოტოზე ჩანს, რომ პატიმრებს ძაღლებით აშინებდნენ. ერთ-ერთი, როგორც ჩანს, ფსიქიურად დაავადებული პატიმარი, თავდაყირაა ჩამოკიდებული ანდა შეგნებულადაა დატოვებული ისეთ მდგომარეობაში, რომ საკნის კარებს თავი მიარტყას.

ავსტრალიის მთავრობაც შეეცადა გაენელებინა ფოტოებით გამოწვეული რისხვა. პრემიერ-მინისტრმა ჯონ ჰოვარდმა თქვა, არ შეიძლება ფოტოებზე ასახულის შედარება იმასთან, რასაც უკეთებდა პატიმრებს სადამ ჰუსეინის რეჟიმიო. ავსტრალიის ჯარები ერაყის საერთაშორისო კოალიციაში შედიან.

არაბულენოვანმა მასმედიამ აიტაცა და აჩვენა ახალი ფოტოები. რეაქციამ არ დააყოვნა. ხალხი აღშფოთებას ვერ მალავს.

ერთ-ერთს, ბაღდადელ აბდ ალ-ავადჰს ჩვენი რადიოს კორესპონდენტი გაესაუბრა.

[აბდ ალ-ავადჰის ხმა] "გუშინ ნანახმა ფოტოებმა გული დაგვწყვიტა. ჩვენ ვიხილეთ ერაყელთა დამცირება. ვნახეთ, რომ ამ ქვეყანაში პატივს არ სცემენ ერაყელი ხალხის ღირსებას. ქვეყანაში, რომელშიც ჩვენ ბატონები ვიყავით და ახლა მონებად ვიქეცით, ბატონები კი უცხოელები არიან. აბუ ღრაიბის ფოტოების გარდა ვიხილეთ, როგორ სცემენ ბასრაში ერაყელებს ბრიტანელი სამხედროები."

აბუ ღრაიბის სურათების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, 12 თებერვალს, ნაჩვენები იქნა ბასრაში ბრიტანეთის ჯარების მიერ ერაყელი სამოქალაქო პირების ცემა. ბასრაში ასობით დემონსტრანტი მივიდა ბრიტანეთის ჯარების შტაბის შენობასთან და ქალაქის საბჭომ მხარი დაუჭირა ბრიტანეთის ჯარების მიმართ ბოიკოტის გაგრძელებას.

ბუნებრივია, ახალი მასალის გამოქვეყნებას ადამიანის უფლებების დამცველებიც გამოეხმაურნენ. "ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის" აღმასრულებელი დირექტორის, ენტონი რომეროს თქმით, "კვლავაც ვხედავთ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფართოდ გავრცელებულ და სისტემატურ პრაქტიკას. ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან ჯერაც არ მოუთხოვიათ პასუხი იმ პოლიტიკისთვის, რამაც მიგვიყვანა ამ სისასტიკემდე."

თავის დროზე შეერთებული შტატების ცხრა სამხედრო მოსამსახურე - დაბალი რანგის რეზერვისტები - გაასამართლეს 2003 წლის ბოლოს მომხდარი დარღვევებისთვის. ზოგს ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯა, ზოგი არმიიდან დაითხოვეს.

ვაშინგტონი დაბეჯითებით აცხადებს, რომ მის მთელ სამხედრო პერსონალს აკრძალული აქვს დაკითხვისას დამამცირებელი და სასტიკი მეთოდების გამოყენება.
XS
SM
MD
LG