Accessibility links

logo-print

ვლადიმირ სოკორი: საქართველოს დასავლეთის საზოგადოებაში არაერთი კოზირის გათამაშება შეუძლია


რადიო "თავისუფლების" ქართული სამსახური საქართველოს პარლამენტის მიერ 15 თებერვალს მიღებული დადგენილების ირგვლივ ჯეიმსთაუნის ფონდის და "Wall Street Journal"-ის ანალიტიკოსს, ვლადიმირ სოკორს ესაუბრა.

ვლადიმირ სოკორს თავიდან საქართველოში რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის ზოგადი შეფასება ვთხოვეთ:

ვლადიმირ სოკორი: "სიტუაცია მიუღებელია საქართველოსთვის, ის მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის და მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რუსეთის მიერ წარმოებული ოპერაცია არ უპასუხებს სამშვიდობო ოპერაციებისთვის მიღებულ არც ერთ საერთაშორისო ნორმას. სახელწოდება "მშვიდობის დაცვა" აქ სრულიად უადგილოა. რუსეთის ოპერაცია სხვა არაფერია, თუ არა ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომლითაც რუსეთმა სამხრეთი ოსეთისა და აფზახეთის დე ფაქტო ანექსია მოახდინა. უფრო ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ის ნაწილია რუსეთის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია შავი ზღვისა და სამხრეთი კავკასიის მთელს რეგიონში საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობის მორღვევისკენ. ამაში შედის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მოშლა, საკუთარი ჯარის ჩაყენება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ადგილობრივი ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა უშუალოდ მოსკოვიდან დანიშვნა რუსეთის სპეცსამსახურებისა და სამხედრო უწყების მიერ. ასეთი ვითარება მიუღებელია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ მზარდ მნიშვნელობას, რომელსაც სამხრეთი კავკასია და შავი ზღვის რეგიონი იძენენ ევროატლანტიკური ინტერესებისთვის. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ყოველმხრივი დახმარება უნდა აღმოუჩინოს, რათა წერტილი დაესვას ამგვარ ვითარებას."

შემდეგი შეკითხვა, რომელიც ვლადიმირ სოკორს დავუსვით, იმ მხარდაჭერას ეხებოდა, რომელიც საქართველოს ინიციატივას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან აქვს. კერძოდ, მას შევახსენეთ 9 თებერვალს გამართული ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა, სადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სიფრთხილის გამოვლენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ალტერნატიული ძალებით ჩანაცვლების გარეშე რუსი მშვიდობისდამცველების გასვლამ შეიძლება დესტაბილიზაცია მოიტანოს. ვლადიმერ სოკორის პასუხი ასეთი იყო:

ვლადიმირ სოკორი: "სიფრთხილისკენ მოწოდებები სავსებით ნორმალურია. საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, ფრთხილად იმოქმედოს, ნებისმიერი ინიციატივა პროფესიულად შემუშავებული და კარგად გათვლილი უნდა იყოს. ამიტომ, არა მგონია, სიფრთხილისკენ მოწოდებები იმას ნიშნავდეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ან, ამ შემთხვევაში, შეერთებული შტატები საქართველოს საყვედურობდეს."

ბოლოს, ვლადიმირ სოკორს იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვკითხეთ, რომლებიც, მისი აზრით, საქართველომ არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით უნდა გადადგას:

ვლადიმირ სოკორი: "ამ დადგენილების შესრულების პერსპექტივა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ ჩამოაყალიბებს საქართველო თავის მოწოდებებს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობას, დასავლეთის ორგანიზაციებს დახმარება იმგვარად უნდა სთხოვოს, რომ ამ უკანასკნელებმა წარმატების მიღწევის გზები დაინახონ. საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს, რომ არ აპირებს სამხრეთი ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და რომ კვლავინდებურად ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პრინციპისა - რაზეც საუბარია პრეზიდენტ სააკაშვილის სამშვიდობო გეგმაში. საქართველომ დახმარებისთვის უნდა მიმართოს უწინარეს ყოვლისა ევროპის კავშირს და ხაზი გაუსვას, რომ ჭეშმარიტი სამშვიდობო ოპერაცია, რომლის განხორციელებასაც საქართველო კონფლიქტის ზონაში ესწრაფის, ევროკავშირში მიღებულ სამშვიდობო კონცეფციებს უნდა ემყარებოდეს. ეს კონცეფციები ამ სამიოდე წლის წინათ წარმოადგინა ხავიერ სოლანას უწყებამ და მალევე მისი პრაქტიკული ხორცშესხმა წარმატებით დაიწყო ბალკანეთში და სხვაგანაც. საქართველოს შეუძლია, ეს პრეცედენტი გაიხსენოს. თვითონ ევროკავშირსაც ძალიან სჭირდება იმის წარმატებული მაგალითები, თუ როგორ ხორციელდება მისი პოლიტიკა საგარეო და უშიშროების სფეროებში. ამდენად, წარმატებული და ჭეშმარიტად საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაცია, რომელიც ევროკავშირის კონცეფციის მიხედვით იხელმძღვანელებდა, ევროკავშირის პოლიტიკის სისწორეს დაადასტურებდა. საქართველოს დასავლეთის საზოგადოებაში არაერთი კოზირის გათამაშება შეუძლია. მათ შორის, მორალური, პოლიტიკური და სტრატეგიული კოზირებისა. პარლამენტსა და მთავრობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ ისინი ამ კოზირების უნარიანად ხმარებას."
XS
SM
MD
LG