Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი და რუსი პარლამენტარების უშედეგო დიალოგი თბილისში


ამ დღეებში საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები იყვნენ ჩასულნი, ერთი მხრივ, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ სიტუაციაზე დეტალური ინფორმაციის

მისაღებად და, მეორე მხრივ, ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობასა და საქართველოს პარლამენტის წევრებთან შესახვედრად. რუსი დეპუტატების ასეთი მისია თბილისში საქართველოსა და რუსეთს შორის სასაუბრო დერეფნის გახსნად შეაფასეს, თუმცა უნდა ითქვას, რომ საუბარს საწყის ეტაპზე არავითარი შედეგი არ გამოუღია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა დუმის დელეგაციისა და საქართველოს პარლამენტის წევრების ერთობლივი პრესკონფერენცია საერთაშორისო პრესცენტრში ”ახალი ამბები - საქართველო”. ამ პრესკონფერენციაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რაოდენ შორსაა ერთმანეთისგან მათი პოზიციები.


[სერგეი ანტუფიევის ხმა] ”მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ვიცე-სპიკერის მეთაურობით, მოსკოვში სახელმწიფო სათათბიროში გვეწვევა. იქ გავაგრძელებთ ამ საკითხების განხილვას. ჩვენს შორის მოლაპარაკებათა პროცესი გრძელდება, ჩვენ გავუგებთ ერთმანეთს.”

პრესკონფერენციის ბოლოს ასე დაემშვიდობა რუსეთის დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი ანტუფიევი საერთაშორისო პრესცენტრში შეკრებილ ქართველ - და არამარტო ქართველ - ჟურნალისტებს. ”ჩვენ მოსკოვში გავუგებთ ერთმანეთსო,” - თქვა მან. არადა, თბილისში მხარეებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს. საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზეც და რუსი და ქართველი დეპუტატების ერთობლივ პრესკონფერენციაზეც საუბარი ქართულ- ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციისა და, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის 15 თებერვლის დადგენილების ირგვლივ წარიმართა. შეგახსენებთ: ეს არის დადგენილება, რომელიც მთავრობას ავალებს 1992 წლის დაგომისის ხელშეკრულების გადახედვას სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის მიზნით. 1992 წლის ხელშეკრულებას რუსეთისა და საქართველოს მაშინდელი მეთაურები აწერენ ხელს. ხელშეკრულება ცალსახად ორმხრივია, რუსეთის მხარე კი მას ოთმხრივ ხელშეკრულებად განიხილავს. რატომ? - ამაზე პასუხი ასეთია:

[სერგეი ანტუფიევის ხმა] ”დაგომისის ხელშეკრულებას ხელს აწერენ საქართველოსა და რუსეთის მეთაურები, მაგრამ ხელშეკრულების ნორმების შემუშავებაში 4 მხარე მონაწილეობდა. რუსეთსა და საქართველოს შორის შეთანხმების მიღწევაში სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.”

ეს ისევ სერგეი ანტუფიევი გახლდათ. ის და მისი კოლეგები აცხადებენ, რომ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში მოვალეობას კარგად ართმევენ თავს, ინარჩუნებენ მშვიდობას და ამიტომ მათ გაყვანაზე ლაპარაკი არაკორექტულია. ამას გარდა, ხაზს უსვამენ, რომ სამშვიდობო ოპერაციის შესაფასებლად მარტო საქართველოს მხარის არგუმენტაცია არ კმარა:

[დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მიხეილ ბაბიჩის ხმა] ”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის საერთაშორისო კონტინგენტი და სამშვიდობო პროცესში მისი მონაწილეობა უნდა შეფასდეს სამშვიდობო მისიაში წარმოდგენილი ყველა მხარის თვალსაზრისის გათვალისწინებით.”

ეს უკვე დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბაბიჩი გახლდათ. მასაც და სერგეი ანტუფიევსაც პრესკონეფერნციაში მონაწილე ქართველმა დეპუტატებმა გივი თარგამაძემ და კონსტანტინე გაბაშვილმა არაერთხელ განუმარტეს, რა გახდა პარლამენტის დადგენილების მიზეზი, როგორ ჩავარდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაცია, მაგრამ პასუხები ყოველ ჯერზე იყო ისეთი, როგორიც იყო პასუხი შეკითხვაზე, რატომ წავიდა რუსეთი საერთაშორისო და თვით რუსეთის კანონმდებლობის დარღვევაზე ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაციით:

[სერგეი ანტუფიევის ხმა] ”ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებისთვის მოქმედებს რუსეთის მოქალაქეების მიღების გამარტივებული პროცედურა, თუკი ეს მოქალაქეები არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ოსებისა და აფხაზებისთვის, რომლებსაც არა აქვთ საქართველოს პასპორტები, ეს ნორმაა. კანონი არსებობს და იმის თქმა, რომ ეს უკანონოდ ხდება, არასწორია. მე ამას ვამბობ როგორც იურისტი.”
XS
SM
MD
LG