Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შეფასებას საქართველოს პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებია


საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების შეფასება ქვეყნის პარლამენტში მშვიდად, კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა,

თუ არ ჩავთვლით „მემარჯვენე ოპოზიციის“ მიერ სხდომის გახსნისთანავე გამოთქმულ პროტესტს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის დაუსწრებლად დებატები აზრს კარგავს. სხვა მხრივ კი, დებატები პრაქტიკულად არც კი გამართულა. უმრავლესობის ფრაქციებმა პრეზიდენტის გამოსვლას და, შესაბამისად, მის ერთწლიან საქმიანობას უმაღლესი შეფასება მისცეს, ოპოზიცია კი თავის პოზიციაზე დარჩა და მოხსენება უსაგნო შოუდ მიიჩნია. გამონაკლისი კვლავაც მემარჯვენე ოპოზიცია იყო, რომელმაც პრინციპულად არ ისურვა ამ საკითხზე მიკროფონთან მისვლა.

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება ქვეყნის პარლამენტში სამშაბათ საღამოს მონოლოგის ფორმატში წარიმართა. დიალოგი არ შედგა არც ოთხშაბათს, 15 თებერვალს, გამართულ სხდომაზე, რომლის პირველი ნაწილი საგანგებოდ პრეზიდენტის მოხსენების განხილვას მიეძღვნა. იმ ფაქტს, რომ სხდომას თავად პრეზიდენტი არ ესწრებოდა, ოპოზიციისგან განსხვავებით, დისკომფორტი არ შეუქმნია უმრავლესობის ფრაქციებისთვის. ფრაქცია „მაჟორიტარების“ სახელით, დეპუტატმა ბესო ჯუღელმა გასული ერთი წლის მთავარ მიღწევებად მიიჩნია: განათლების რეფორმის დაწყება, ქართული ჯარის გაძლიერება, საგადასახადო რეფორმა, ამ ცოტა ხნის წინათ დაძლეული ენერგოკრიზისი და სხვ. თემატური ჩამონათვალის გარდა, ფრაქცია „მაჟორიტარის“ ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს არც ზოგადი პათოსით ჩამორჩა:

[ბესო ჯუღელის ხმა]“ მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ მე, ბესო ჯუღელი, მოვესწრები საქართველოს გამთლიანებას და ერთიანობას, საქართველოს ნატოში გაწევრიანებას,მე მოვესწრები საქართველოს ევროკავშირში შესვლას, მე მოვესწრები დემოკრატიულ და მდიდარ საქართველოს.“

პრეზიდენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებისას არანაკლებ აღმატებული იყო ფრაქცია „საქართველოს რეგიონების“ თავმჯდომარის გოგი ლიპარტელიანის სიტყვა და ტონი. ბიუჯეტის ზრდა, ბიზნესმენთა ინტერესების დაცვა, ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული და პირნათელი პრეზიდენტი – რამდენიმე ფრაზით ასე შეიძლება მოიხაზოს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მის გამოსვლაში იყო აქცენტირებული. ეს აქცენტები კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტისთვის”. როგორც ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში არაფერი თქმულა ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებზე:

[ზვიად ძიძიგურის ხმა]“როდესაც ხელისუფლება თავის წარმატებებზე საუბრობს, ერთგვარი თავმდაბლობა უფრო დამშვენდებოდა. მივცეთ საშუალება საქართველოს მოსახლეობას, მან ისაუბროს იმ წარმატებებზე, რომელიც აქვს ხელისუფლებას თვითონ. საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლაში ჩვენ პრაქტიკულად არ მოგვისმენია არც ერთ იმ პრობლემაზე საუბარი, რომელიც აწუხებს ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ არ მოგვისმენია იმ ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ.“(სტილი დაცულია)

კითხვები კი, რომელსაც ზვიად ძიძიგური, შესაძლებლობის შემთხვევაში, თავად დაუსვამდა პრეზიდენტს, შემდეგია: ჩავარდა თუ არა სასამართლო რეფორმა, რომელ ეკონომიკურ მახასიათებელთან შედარებით დადგინდა 6 პროცენტიანი ინფლაცია, რატომ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, რატომ არ იქმნება სამუშაო ადგილები, რატომ დაულპათ დასავლეთ საქართველოში გლეხებს ციტრუსის მოსავალი და ასე შემდეგ.

ამ კითხვებს პასუხი, პრეზიდენტის ნაცვლად, უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ გასცა:

[მაია ნადირაძის ხმა]“ მე უნდა გითხრათ, რომ ანგარიში ნიშნავს, ჩემი აზრით, იმას, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს. თუ გაკეთდა იმდენი რამ, რომ შეიძლება ერთი საათის განმავლობაში ამის მხოლოდ ჩამონათვალი ხდებოდეს, გაკეთდა ესე იგი და ამას ნიშნავს ანგარიში.“(სტილი დაცულია)

საერთოდ კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის განხილვა პარლამენტში კონსტრუქციულად წარიმართა. მაია ნადირაძემ ამასთან დაკავშირებით შენიშნა კიდეც, რომ ოპოზიცია განსაკუთრებული კრიტიკულობითა და ექსცენტრიულობით არ გამოირჩეოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ დეპუტატებს პრეზიდენტთან დიალოგის საშუალება არ მიეცათ. დასასრულ, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შეფასება სწორედ იმ ფრაქციის წარმომადგენელს ვთხოვეთ, რომლისთვისაც პრეზიდენტის მოხსენების ირგვლივ ფორმალური დებატები თავიდანვე წყლის ნაყვა იყო. ახალ მემარჯვენე ირაკლი იაშვილს მოუსმინეთ:

[ირაკლი იაშვილის ხმა]“გამოსვლის ფორმა იყო საკმაოდ კომიკური, მინდა გითხრათ. და თვითონ შინაარსი... ძალიან შორს იყო რეალობისგან ის ინფორმაცია, რასაც პარლამენტს გუშინ ეუბნებოდნენ. აბსოლუტურად სულ სხვა რეალობა არსებობს ქვეყანაში იმავე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სამართლებრივ სისტემასთან დაკავშირებით, ზოგადად სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ ეს გუშინ მოვისმინეთ.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG