Accessibility links

როგორ აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტის წლიურ ანგარიშს


როგორც უკვე იცით, 14 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ამ თემამ წლიური ანგარიშის ძირითადი

ნაწილი დაიკავა. როგორ აფასებენ ეკონომიკის ქართველი ექსპერტები სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილ ეკონომიკურ მიღწევებსა და პრიორიტეტებს?

პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა საქართველოს პარლამენტში 14 თებერვალს წარმოთქმული სიტყვა, წლიური ანგარიში, ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრით დაიწყო. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს სააკაშვილის გამოსვლიდან:

[სააკაშვილის ხმა] ”მე აქ არ მოვსულვარ იმისათვის, რომ თავი შევიქოთ, რა მაგარი მიღწევები გვაქვს.”

ამ განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სწორედაც რომ მიღწევებზე ილაპარაკა და საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა:

[სააკაშვილის ხმა] ”დღეს ჩვენი ეკონომიკა - და ეს არის ციფრები, ეს არ არის სპეკულაცია - ვითარდება წარმოუდგენლად მაღალი ტემპებით. საქართველოს ბიუჯეტი 5-ჯერ გაიზარდა და ეს არ არის რაღაც ზღაპრები, ეს არის რეალური ციფრები.”

პრეზიდენტმა ციფრები, მართლაც, მოიშველია, მაგრამ არცთუ დამაჯერებლად, რადგან, მილიარდების ნაცვლად, ათასები დაასახელა.

[სააკაშვილის ხმა] ”პროდუქტის მოცულობა, ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, 2006 წელს მიაღწევს 1670 დოლარს. ხოლო 2010 წლისთვის ერთიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ნავარაუდევია - და ასე იქნება - 2400 დოლარი.”

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას არც ეკონომიკის ექსპერტები უარყოფენ, მაგრამ არ ეთანხმებიან პრეზიდენტს, როცა ის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კვალობაზე, ეკონომიკის წარმოუდგენლად მაღალი ტემპებით განვითარებაზე საუბრობს. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის აზრით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მისი შემადგენელი კომპონენტებიდან - მოხმარება, სახელმწიფო ხარჯები და ინვესტიციები - მხოლოდ ერთი კომპონენტის ზრდითაა გამოწვეული:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”სახელმწიფო ხარჯები, დიახაც, გაიზარდა, მაგრამ ისევ რის გამო გაიზარდა? ეს რომ გაზრდილიყო ბიზნესის ზრდის შედეგად გამოწვეული აქტივობით, სხვა ამბავია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რის შედეგად გაიზარდა. თუკი ვინმეს სადმე მატყლი ჰქონდა, დაიჭირეს, ზოგი გაკრიჭეს და ზოგი გაატყავეს.”(სტილი დაცულია)

ეკონომიკის კიდევ ერთ ექსპერტს კახა იმერლიშვილს მოვუსმინოთ:

[კახა იმერლიშვილის ხმა] ”ჩვენ რომ ვიმსჯელოთ ეკონომიკის ზრდაზე, უნდა შევაფასოთ, რამდენად იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტი მოიცავს გარკვეულ კომპონენტებს და ერთ-ერთი ნაწილი არის სახელმწიფო ხარჯები. შესაბამისად, თუ გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტიც. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის, როდესაც მ.შ.პ. იზრდება ინვესტიციების ხარჯზე. მაგრამ ეს ასე არ არის.”

არად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წლიურ ანგარიშში ირწმუნებოდა, საქართველოში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდა და ინვესტიციების მოცულობამაც იმატაო.

[სააკაშვილის ხმა] ”ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გამოკლებით, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა 23 პროცენტით, ხოლო, 2003 წელთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა თითქმის 60 პროცენტით და ახლა ვართ ჩვენ დასაწყისში, აი, ამ პროცესის.”

ეკონომიკის ექსპერტის ნიკო ორველაშვილის კომენტარი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”ზრდის განმაპირობებელი ერთადერთი კომპონენტი არის ინვესტიცია, რომელიც ქმნის ახალ პროდუქტს, ახალ სამუშაო ადგილებს და იძლევა გადასახადებს ბიუჯეტში. ინვესტიციების განხორციელება ამ ქვეყანაში არავის უნდა. თუ არ ჩავთვლით ყაზახური კაპიტალის აქტივობას, თავისუფალი ნების გამოხატვა რომ დავარქვათ, ასეთი საინვესტიციო გადაწყვეტილებები გასულ წელს საქართველოში არ მიღებულა.”

საქართველოს პრეზიდენტმა კი საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისა და საინვესტიციო აქტივობის ზრდის დასამტკიცებლად სულ სხვა არგუმენტები მოიშველია - ძირითადად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ინდექსები. მათ შესახებ ჩემს ერთ-ერთ მომდევნო სიუჟეტში გესაუბრებით.
XS
SM
MD
LG