Accessibility links

რამ განაპირობა საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 32 პუნქტით გაუმჯობესება


2005 წლის მიწურულს ”ჰერიტიჯის ფონდმა” (Heritage Foundation) გამოაქვეყნა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომელშიც საქართველომ მეასე პოზიციიდან 68-ზე გადაინაცვლა.

ეს თავის წლიურ ანგარიშში საგანგებოდ აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:

[სააკაშვილის ხმა] ”საქართველო მყარი ნაბიჯით იმტკიცებს საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგს და ესეც არ არის ჩემი სპეკულაცია - იცით, რომ მე არ დამიჯერებდნენ. მივხედოთ, შევხედოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს. “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი” საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში აწინაურებს, 28 ნაბიჯით აჰყავს ზემოთ და, ძირითადად, თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს მიაკუთვნებს. იმავე სტატუსით სარგებლობს ევროკავშირის ქვეყანათა უმრავლესობა.”

როგორ აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკა, მაგალითად, შვედეთის ან თურქეთის ეკონომიკაზე უფრო თავისუფალი?

“ჰერიტიჯის ფონდის” ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად მოიშველია, 161 ქვეყნის ეკონომიკის თავისუფლების ხარისხის ერთგვარ ბარომეტრს წარმოადგენს. ამ ინდექსის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკის თავისუფლება 2004 წელს 3 პუნქტით გაუარესდა, ხოლო 2005 წელს უცებ 32 პუნქტით უკეთესობისკენ შეიცვალა. მისი ავტორი მარკ მაილსი ახლა თბილისში იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქართველ ბიზნესმენებს ხვდება. მე მას ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვკითხე, რამ გამოიწვია საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებლის ასეთი სწრაფი ცვლილება.

[მარკ მაილსის ხმა] ”მე მგონი, საქართველოს უკან დაწევა იმიტომ კი არ მოხდა რომ მისი ინდექსი დაეცა, არამედ, უბრალოდ, სხვა ქვეყნები უფრო სწრაფად წავიდნენ წინ. წელს რაც ხდება, ეს ის არის, რომ ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა უფრო ღია ბაზრის ფორმირებისკენ.”

მე იმითაც დავინტერესდი, საქართველოში, მართლაც, უფრო ღია და თავისუფალი თუა ეკონომიკა, ვიდრე თურქეთში ან კიდევ შვედეთში.

[მარკ მაილსის ხმა] ”ვფიქრობ, რომ ამჟამად საქართველოში უფრო მეტი რეფორმები მიმდინარეობს და მთავრობას უფრო მეტად სურს შექმნას თავისუფალი ბაზარი. საქართველოში გადასახადები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მთელს მსოფლიოში. მაგალითად, პირადი საშემოსავლო გადასახადი საქართველოზე უფრო დაბალი მხოლოდ 11 ქვეყანას აქვს.”

“ჰერიტიჯის ფონდი” ინდექსის შედგენისას ინფორმაციის რამდენიმე წყაროს ეყრდნობა, ძირითადად კი, სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიწოდებულ მასალებს და ლეგალურ დოკუმენტებს. ქართული ეკონომიკის საკანონმდებლო-ნორმატიულ სფეროში კი 2004 წლიდან 2005 წლის ბოლომდე,მართლაც, ბევრი ცვლილება განხორციელდა. ეკონომიკის ექსპერტების განცხადებით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება, ისე როგორც ეს შეიძლება ჩანდეს ჰერიტიჯის ინდექსის დინამიკიდან. ერთ-ერთ მათგანს, ნიკო ორველაშვილს, მოვუსმინოთ:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”სხვათა შორის, როდესაც შარშან გაგვიუარესდა პოზიცია, ხელისუფლება აღელდა და გაცხარებული მიმოწერა ჰქონდა ჰერიტიჯთან. ღმერთია მოწამე, პოლონეთზე უკეთესი მდგომარეობა ჯერ არ შეგვიქმნია და როდესაც ასეთ ფალსიფიკაციას აკეთებ, უნდა გესმოდეს, რას ნიშნავს ეს.”

ქართულ ეკონომიკაში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ეს თავად “ჰერიტიჯის ფონდის” წარმომადგენლის მარკ მაილსის განცხადებებიდანაც ჩანს. მან საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციაში გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნამდე ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი - შესაქმნელია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დასამკვიდრებელია კანონის უზენაესობა და შესამცირებელი - სავაჭრო ტარიფები თუ ბარიერები.
XS
SM
MD
LG