Accessibility links

logo-print

მთავრობა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას ბიზნესფორუმებით აპირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ქვეყანაში იზრდება.

მთავრობა მცდელობას არ აკლებს დაარწმუნოს უცხოელი ბიზნესმენები, რომ საქართველო ინვესტიციებისათვის უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყანა გახდა. ბოლო წლებში კაპიტალის მოსაზიდად მართლაც სერიოზული აქტივობა შეინიშნებოდა: ლიბერალიზაციის მიმართულებით შეიცვალა საგადასახადო კანონმდებლობა, შემცირდა ბიუროკრატიული ბარიერები და პროცედურები, ყურადღება მიექცა სატრანსპორტო კომუნიკაციებს, მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოში საქართველოს, როგორც სტაბილური სახელმწიფოს, ცნობადობა, მთავრობამ თავისი საინვესტიციო სტიმულების პოპულარიზებისათვის არაერთი საერთაშორისო ბიზნესფორუმი ჩაატარა, იმატა გავლენიან დასავლურ პრესაში საქართველოსადმი მიძღვნილი პოზიტიური პუბლიკაციების რაოდენობამ. მოკლედ, უცხოური კაპიტალის მოსაზიდად, უდავოდ, მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე ამ ღონისძიებებიდან განსაკუთრებით ბიზნესფორუმებისა და დიდი საერთაშორისო პროექტების მნიშვნელობას გამოყოფს:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”რაც შეეხება საინვესტიციო თვალსაზრისით საქართველოს გაცნობას საერთაშორისო ბაზრებზე, ჩატარდა საინვესტიციო ფორუმები ლონდონში, რომში, ტოკიოში. ჩატარდა ქართულ-სლოვენური, ქართულ-ლატვიური, რამდენიმე ქართულ-რუსული და რამდენიმე ქართულ-თურქული ბიზნესფორუმი. ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, დასრულება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის, რომელიც არის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია.”(სტილი დაცულია)

ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო მსხვილი სამრეწველო ობიექტების პრივატიზების პროცესი, თუმცა ”საპრივატიზებო მარათონი”, მეორე მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ხარისხის ერთგვარი ინდიკატორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ ობიექტის გაყიდვის შესახებ ძვირად ღირებული სარეკლამო განაცხადები მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ეკონომიკურ გამოცემებში განთავსდა, ტენდერებისა და კონკურსების გამჭვირვალობის მიმართ სერიოზული პრეტენზიები არსებობს. ცალკე საუბრის თემაა უკვე გაფორმებული და ფართოდ რეკლამირებული გარიგებების შემდეგ ინვესტორების მხრიდან ობიექტზე უარის თქმის არაერთი შემთხვევა. ამასთან, საინტერესოა იმ კაპიტალის წარმომავლობაც, რომელიც საქართველოთი ინტერესდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის პატრონაჟით მსოფლიოს ფინანსურ ცენტრებში არაერთი ბიზნესფორუმი გაიმართა და რეკლამებიც ყველაზე ავტორიტეტულ მედიასაშუალებებში განთავსდა, საქართველოს მიმართ ყველაზე მეტ ინტერესს ჯერჯერობით რუსული ბიზნესჯგუფები ამჟღავნებენ, რაც ექსპერტ გიორგი ჯანდიერს სრულიად ლოგიკურად მიაჩნია. იგი ფიქრობს, რომ თუ საინვესტიციო გარემომ სერიოზული ცვლილება არ განიცადა, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება:

[გია ჯანდიერის ხმა] „თუ ჩვენ საინვესტიციო გარემოს შევცვლით და შევცვლით პირობებს, რაც ხვდებათ ინვესტორებს საქართველოში ჩამოსვლისას, მე ეჭვი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში უფრო უკეთესი ინვესტორები მოხვდებოდნენ საქართველოში და აღარავის ექნებოდა სანერვიულო, რუსები მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას ამ პრივატიზებაში. დღევანდელი საინვესტიციო გარემო, როგორც ჩანს, ისეთია, რომელზეც რეაგირებენ მხოლოთ რუსი ინვესტორები, ვისთვისაც ასეთი პირობები მისაღებია, ხოლო ნორმალური ინვესტორებისათვის, როგორც ჩანს, ასეთი პირობები მიუღებელია და ამიტომ თავს იკავებენ საქართველოში პრივატიზების თუ სხვა ნებისმიერი სახის ინვესტირებისაგან.”(სტილი დაცულია)

საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად, ერთი შეხედვით, უმარტივესი რამ არის გასაკეთებელი – ქვეყანაში უნდა არსებობდეს ბაზარზე შეღწევის გამარტივებული პროცედურები, ჯანსაღი კონკურენცია და კერძო საკუთრების დაცვის მყარი გარანტია. ექსპერტი ნიკო ორველაშვილი, ამ მხრივ, მთავარ პრიორიტეტად კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვას მიიჩნევს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”პირველი - საკუთრების უფლება, მეორე - საგადასახადო კოდექსი და მთელი ამ სფეროს ლიბერალიზაცია და კანონის უზენაესობა, ალბათ, თავში უნდა დავაყენოთ.”(სტილი დაცულია)

უსამართლობა იქნებოდა იმის დაუნახაობა, რომ ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოსაზიდად ხელისუფლება ფულს და ენერგიას არ იშურებს და ეს გარჯა უკვე იძლევა შედეგს. თუმცა მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება არ ჩქარობს ინსტიტუციონალურად ჩამოაყალიბოს ის საინვესტიციო სტიმული, რომლის შესახებაც სხვადასხვა საერთაშორისო ბიზნესფორუმებზე საუბრობს. ალბათ, ამიტომ საქართველოში სერიოზული ფულის დაბანდებას, ძირითადად, რისკავს ან რუსული ბიზნესი, ან რისკავენ ის კომპანიები, რომელთაც უსაფრთხოების გარანტიები მიღებული აქვთ არა ზოგადად ქვეყნის კანონმდებლობისაგან, არამედ ხელისუფლებისგან.
XS
SM
MD
LG