Accessibility links

logo-print

Keep smiling! - რუსუდან ჭყონიას სულაც არ ეღიმება


18 თებერვალს ბერლინში საზეიმოდ დაიხურა 2006 წლის პირველი

მნიშვნელოვანი კინოფორუმი – “ბერლინალე”. “ბერლინალეს” პროგრამებზე ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ. დღეს კი შემოგთავაზებთ მასალას ქართულ ფილმზე, რომლის ბედი სწორედ ამ დღეებში წყდება ბერლინში. ახალგაზრდა რეჟისორი რუსუდან ჭყონია, რომელიც თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას იწყებს, “ბერლინალეს” ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროგრამაში, “ტალანტ კამპუსში”, მონაწილეობდა. ბერლინში გამგზავრებამდე რუსუდანი ჩვენი რადიოს თბილისის სტუდიაში გვეწვია.

გასულ კვირას თბილისის კულტურული ცხოვრების მიმოხილვაში გიამბეთ ახალ ქართულ დოკუმენტურ ფილმზე “სადა ხარ, ჩემო სულიკო”, რომლის კონსულტანტმა, ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი ქართული კულტურა სოციალური თემების მიმართ გულგრილია, ხოლო ქალთა უფლებების დაცვის საკითხები საერთოდ არ აინტერესებსო.

გარკვეული თვალსაზრისით ასეცაა: ახალგაზრდა რეჟისორის რუსუდან ჭყონიას ფილმის - “გაიღიმეს” - სცენარი ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფინალში გავიდა, მაგრამ გამარჯვებულებს შორის მაინც ვერ მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსუდან ჭყონია შვეიცარიული კინოფონდის, “ავანტის”, გრანტის მფლობელია; ე.ი.“გაიღიმე”, ნაწილობრივ, უკვე დაფინანსებულია, ფილმს მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის დახმარება სჭირდებოდა. ვერ გეტყვით, რატომ დაიწუნა კომისიამ ეს სცენარი. თუმცა კომისიის ერთ-ერთი წევრი, კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხმა სწორედ “გაიღიმეს” მისცა და შეგვახსენებს რუსუდან ჭყონიას დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც უსახლკარო ბავშვებისა და ტრეფიკინგის თემებს მიეძღვნა. თავის დროზე ამ სურათების შესახებ რადიო “თავისუფლებამაც” გიამბოთ. ქართული სინამდვილისთვის ძალზე აქტუალური პრობლემების ამსახველი ეს ფილმები საერთაშორისო ორგანიზაციებმა დააფინანსეს. რუსუდან ჭყონიას პირველი სრულმეტრაჟიანი სურათის სცენარით, “ავანტის” გარდა, დაინტერესდა “სტუდია 99”, რომელსაც თავისი ფილიალი აქვს ბერლინში (სწორედ ამ სტუდიაშია გადაღებული ფრანგული ფილმი “როცა ოთარი წავიდა” – ბოლო დროის ერთ-ერთი ტიტულოვანი ევროპული სურათი). “გაიღიმეს” სცენარმა მოიგო კინოს განვითარების გრანტი ბერლინში. რუსუდან ჭყონია “ბერლინალეზე” მიიწვიეს. ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა რეჟისორი მომავალი ფილმის სათაურს აკონკრეტებს და გვიხსნის, რატომ აქვს სცენარს ინგლისური სახელი:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “Keep smiling” ჰქვია – ინგლისურად... რადგან ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი არის ფრანგი, რომელიც სულ ასწავლის ქართველებს, ქალებს... როგორ უნდა მოიქცნენ, როგორ გაიღიმონ... ეს ფრაზა სულ მეორდება, არადა, ფილმის განწყობა არანაირად არ არის Keep smiling-ის განწყობილების.”

არადა, განწყობილება აქ, მართლაც, სახალისო უნდა იყოს. მომავალი ფილმი ხომ სილამაზის კონკურსს ეძღვნება – ე.ი. აქამდე სრულიად უცხო მოვლენას ქართულ კულტურაში...აქამდე უცხოს, მაგრამ ძალიან პოპულარულს დღეს. ქართველ ფემინისტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ სილამაზის ეს კონკურსები კიდევ უფრო მეტად ამკვიდრებს ქალის, როგორც მხოლოდ და მხოლოდ “მოხმარების ობიექტის”, სტერეოტიპს. რუსუდანს ცოტა გაუკვირდა, როცა ვუთხარით, რომ ქალთა უფლებების დამცველები მოუთმენლად ელიან მისი ფილმის დასრულებას:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “მართლა? მე ვთვლი, რომ ფემინისტური არ არის – ზოგადად ადამიანურია. მიუხედავად იმისა, რომ სულ ქალებზეა, ვფიქრობ, რომ ეს თემები მამაკაცებისთვისაც ასევე მტკივნეულია. ეს არის მრავალშვილიანი დედების სილამაზის კონკურსი, ჟანრი არის ტრაგიკომედია – ერთი პერსონაჟი არის ლტოლვილი, მეორე – პარლამენტარის ცოლი... აბსოლუტურად განსხვავებული ქალები არიან. არის აზერბაიჯანელი ქალი, მრავალშვილიანი. ათი მთავარი გმირია. ყველას აქვს თავისი ისტორია, თავისი ხაზი.”

თბილისში უკვე გავრცელდა ხმა – ახალგაზრდა რეჟისორი რუსუდან ჭყონია ქართულ კინოში ნეორეალიზმის აღორძინებას აპირებსო. მართლაც, ამბავი, რომელიც ეკრანზე უნდა აისახოს, გვახსენებს დიდი იტალიელი რეჟისორების, ჯუზეპე დე სანტისის და ლუკინო ვისკონტის, ფილმებს – “რომი 11 საათზე”, “ულამაზესი”... უფროსი თაობის ქართველ მაყურებელს ახსოვს, როგორ ებრძოდნენ ამ სურათებში ქალები გაჭირვებას და სიღარიბეს, ახსოვს ეს კინოტრაგედიები, რომელშიც ომის შემდგომი იტალიის სოციალური ფონი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიცაა, ვიდრე ცალკეული პერსონაჟები. მაგრამ რუსუდანი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ არ აპირებს სოციალური ფილმის გადაღებას:

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “მარტო სოციალური პრობლემა არ არის და არ მსიამოვნებს ხოლმე, როცა ამბობენ, რომ სოციალური თემაა აქ მხოლოდ. მთავარი აქ არის ღირსების გრძნობა. სოციალური ფონი სხვა საკითხია, მაგრამ მე უფრო მინდა შევეხო თემას, თუ რა ძნელია დაიცვა საკუთარი ღირსება და რაოდენ იოლია აღმოჩნდე მარიონეტი ვიღაცის ხელში... ყველა გზით გამარჯვება ყოველთვის ნიშნავს თუ არა გამარჯვებას და ა.შ.”

ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს, რუსუდან ჭყონიას, ფილმის გადაღება ჯერ არ დაუწყია, თუმცა მსახიობები თითქმის შერჩეული ჰყავს. ნეორეალისტებისგან განსხვავებით, რუსუდანი არ აპირებს არაპროფესიონალებთან მუშაობას. მისი თქმით, ტრაგიკომედიის ჟანრს მაღალი დონის პროფესიონალები სჭირდება.

მსახიობები შეარჩიეს, მაგრამ კონკრეტულად როდის დაიწყება სურათის გადაღება, ჯერ უცნობია. პარადოქსია: ფილმით, რომელიც ადამიანის ღირსებას ეძღვნება, ქართველებზე მეტად უცხოელები დაინტერესდნენ. მაგრამ რუსუდან ჭყონიას თქმისა არ იყოს, რატომ უნდა დააფინანსონ უცხოელმა პროდიუსერებმა ქართული ფილმი ადამიანის ღირსებაზე, თუკი ამ თემით თავად ქართველები არ დაინტერესდნენ? უცხოელმა პროდიუსერებმა, შესაძლოა, არ იციან, რომ ჩვენში ის, ვისაც ფული აქვს, სიამოვნებით ეხმარება თუნდაც სილამაზის კონკურსების ორგანიზატორებს... და რატომ უნდა დაეხმაროს რეჟისორს, რომელიც ამ კონკურსების კრიტიკულ ანალიზს შეეცდება?

[რუსუდან ჭყონიას ხმა] “სამწუხაროდ, ისეა, რომ ყველა კინოფონდი, ყველა ევროპელი პროდიუსერი, რომლებიც დაინტერესდნენ – დაინტერესება კი იყო ძალიან დიდი, იმდენად დიდი, რომ მე თვითონ გამიკვირდა... მაგრამ პრინციპი აქვთ ასეთი: როცა უცხოელი პროდიუსერი ფულს იძლევა, ფული უნდა დაიხარჯოს იმ ქვეყანაში... მაგრამ ეს ისტორია საქართველოში ხდება, ქართულ გარემოში, ქართველი მსახიობები არიან. არ ვიცი, როგორ უნდა დაიხარჯოს იმათი ფული. შეიძლება, დავუშვათ, გამნათებელი წამოიყვანო, ოპერატორი...მაგრამ რაღაც ნაწილი უნდა მოვიძიო საქართველოშიც.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG