Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''გზები და დღეები'', ანუ ''ხსნადი კაფკა''


დავით პაიჭაძე, თბილისი ყოველკვირეულ ბიბლიოთეკაში დღეს ორ წიგნს წარმოგიდგენთ. ერთი ორიოდე თვეა, რაც გამოიცა, მეორე კი - სულ ორი დღე.

პირველი გახლავთ ზაზა ბურჭულაძის ტექსტი ”ხსნადი კაფკა”, მეორე - ზვიად რატიანის ლექსების კრებული ”გზები და დღეები” - პარასკევს, 17 თებერვალს, წარუდგინეს მკითხველს. საუბარს სწორედ ზვიად რატიანის წიგნით დავიწყებთ.

ზვიად რატიანის კრებულზე მის რედაქტორს, კრიტიკოს მალხაზ ხარბედიას ვესაუბრები. თუმცა თვითონ ამბობს, რომ მასთან მიმართებით სიტყვა რედაქტორი ბრჭყალებში უნდა მოექცეს, რადგან ზვიად რატიანმა, ავტორობის გარდა, წიგნში რედაქტორის ფუნქციაც იტვირთა: მიუხედავად იმისა, რომ 6 წელია, წიგნი არ გამოუცია, უაღრესად კრიტიკულად მიუდგა კრებულში შესატან ლექსებს. მალხაზ ხარბედია ამბობს, რომ ზვიად რატიანმა ამ ხნის მანძილზე გაცილებით მეტი ლექსი გამოაქვეყნა (ძირითადად, ლიტერატურულ ჟურნალებში - “არილსა” და “ალტერნატივაში”), ორიგინალიცა და თარგმანიც, წიგნში კი ბევრად ნაკლები შეიტანა, მათ შორის, გამოუქვეყნებელი ლექსები:

[მალხაზ ხარბედიას ხმა] ”ზვიადმა მითხრა ერთხელ, დრო რომ მქონოდა, კიდევ უფრო პატარა კრებული გამოვიდოდაო. ანუ კიდევ უფრო მეტ ლექსს ამოყრიდა წიგნიდან. ხომ წარმოგიდგენია, 6 წელია, წიგნი არ გამოუცია, ამდენი რამ დაუგროვდა, მაგრამ ცდილობს, ისეთი რამ დატოვოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ძალიან ზუსტი კრებული, ერთი სტრიქონი არ არის აქ ზედმეტი. ეს არის 60 გვერდიანი, კონცეპტუალურად უაღრესად შეკრული კრებული.”

საქართველოში ხშირად ასე ხდება, მეუბნება მალხაზ ხარბედია: პოეტმა იცის, რა თანხით უფინანსებენ კრებულს, შესაბამისად, რამდენ გვერდს გასწვდება ეს ფული. და გამოდის 300 გვერდიანი წიგნები.

პოეზიაზე ლაპარაკი, მისი განმარტება ძნელია. ამიტომაც საუბრისას ვერ ავცდით შედარებით მისაწვდომ - რომ არა ვთქვათ, ბანალურ - საკითხებს. მალხაზ ხარბედიამ თქვა, რომ ზვიად რატიანი უპირატესად თავისუფალ ლექსს წერს. თუმცა დაუმტკიცებია, რომ კონვენციური ლექსის წერაც შეუძლია.

[ხარბედიას ხმა] ”ზვიადი არის ძალიან გაბედული პოეტი ფორმაშიც და ფორმა ჩემთვის გულისხმობს შინაარსსაც. ზვიადი ძალიან გაბედულია ანჟანბემანშიც, ოსტატურად აკეთებს ამას. ქართულ პოეზიაში ძალიან იშვიათია კარგი, გამართული ანჟანბემანი. ძალიან უყვართ ხოლმე აზრის დამთავრება სტრიქონის ბოლოს. აქ არის, პირველ რიგში, ინგლისურენოვანი პოეზიის გავლენა: ელიოტის, პაუნდის, ბროდსკის.”

ლიტერატურათმცოდნეთა პროფესიული ჟარგონის ენაზე ანჟანბემანი პოეტური გამოსახვის ერთ-ერთი ხერხია და გადაბიჯებას, გადახტომას ნიშნავს. ქართულად, ჩვეულებრივ, გადატანას უწოდებენ. წინადადების ნაწილის გადატანა ტაეპიდან ტაეპში გამოწვეულია იმით, რომ ლექსის ინტონაციურ-ფრაზობრივი და მეტრული დაყოფა ერთმანეთს არ ემთხვევა. ითვლება, რომ გადატანა ხელს უწყობს ცალკეული სიტყვების გამოკვეთას, აძლიერებს მეტყველების ექსპრესიულობას, ლექსში შეაქვს სასაუბრო ინტონაცია. ანჟანბემანის ყველაზე ცნობილი მაგალითი ქართულ პოეზიაში შეიძლება იყოს ეს ორი ფრაზა: ”შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის?” ან ”მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა”.

მალხაზ ხარბედიას ვთხოვე, განემარტა, რას ნიშნავს პოეტის - ამ შემთხვევაში, ზვიად რატიანის - გაბედულება. კრიტიკოსის აზრით, ესაა გაბედულება, რომელიც გულისხმობს ამბიციას, შეცვალო ქართული ლექსი, წინამორბედთა გააზრების შემდეგ დაძლიო ძველი და შექმნა ახალი სალექსო ფორმები. თუ ვინმე შეიძლება იყოს ზვიად რატიანის წინამორბედი ქართულ პოეზიაში, ეს ბესიკ ხარანაულია, მიაჩნია მალხაზ ხარბედიას.

[ხარბედიას ხმა] ”ზვიადმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო რამდენიმე ქართველმა პოეტმა, რომელსაც ჰქონდა დასავლური გამოცდილება, მაგრამ ის ვერანაირად ვერ მოარგო ქართული ლექსის თავისებურებებს. ასეთი იყო, ალბათ, ნიკო სამადაშვილი.”

ფორმისეულ ძიებათა გარდა, ზვიად რატიანის პოეზიაში მალხაზ ხარბედია კიდევ ერთ თავისებურებას მონიშნავს, რომელიც ამ პოეზიის ძირითად თვისებად, ვთქვათ ასე, მაგისტრალურ ხაზად მიაჩნია:

[ხარბედიას ხმა] ”ეს არის საგნობრიობა. მე ვფიქრობ, როგორც ქართულ პროზას ჩიხიდან გამოიყვანს დოკუმენტურობა, რაღაც ნაღდი, ნამდვილი, ის, რაც არ არის ჩაკეტილი და ჰერმეტული, დაახლოებით ასევეა პოეზიაშიც.”

და მაინც, შეუძლებელია იყო პოეტი და ისე წერდე, თითქოს შენამდე არავის არაფერი უთქვამს. რით ეხმიანება ზვიად რატიანი ქართული პოეზიის მოტივებს, რა იმემკვიდრა მან ამ პოეზიიდან? ბევრი არაფერი, ფიქრობს მალხაზ ხარბედია, მიუხედავად იმისა, რომ ზვიადი ძალიან კარგად იცნობს ქართულ კლასიკურ პოეზიას.

[ხარბედიას ხმა] ”არა მგონია, რაიმე განსაკუთრებული მემკვიდრეობა იგრძნობოდეს ზვიადის ლექსებში. ზვიადს სულ სხვა გამოცდილება ჰქონდა: მას უწევდა ბევრი პოეტის თარგმნა. ზვიადს გვერდით ჰყავს კლასიკოსები - რამდენიმე არაჩვეულებრივი ცოცხალი ქართველი პოეტი, მაგრამ ის აკეთებს იმას, რაც ვერ მოახერხა ვერც, დავუშვათ, ბესიკ ხარანაულმა, ვერც ოთარ ჭილაძემ და ვერც სხვა ბრწყინვალე პოეტმა. ზვიადმა იცის ენა, მას აქვს პოეტური გამოცდილება. ზვიად რატიანს ვერ უწოდებ პროფესიონალ მთარგმნელს, ის პირადი გამოცდილებით თარგმნის რილკეს, ცელანს, ელიოტს...”

ასეთი ლაპარაკის შემდეგ ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა, ხომ არ არის მალხაზ ხარბედია ნაჭარბევად მიკერძოებული ზვიად რატიანის პოეზიის შეფასებისას? შეიძლება, - მიპასუხა მალხაზმა. - მე, უბრალოდ, მინდა დავაფასო ზვიადის, როგორც პოეტის, შრომა, კაცისა, რომელიც სარჩოს სულ სხვაგვარი, არაპოეტური, საქმიანობით მოიპოვებს. ის კავშირგაბმულობის სპეციალისტია და მუშაობს კიდეც, რომ იტყვიან, პროფილით. ლექსების კრებულს ”გზები და დღეები” ჰქვია. ხშირად მისი დღეები სწორედ გზებში იხარჯება. და მცირე გამოცანაა, საიდან რჩება დრო ლექსის წერისა თუ თარგმნისათვის. როგორც მალხაზ ხარბედიამ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, წიგნისათვის ლექსების ბოლომდე შესარჩევად ზვიადს დრო არ ეყო.

ახლა კი მოკლედ მეორე წიგნის შესახებ. ზვიად რატიანის კრებულზე საუბრისას მალხაზ ხარბედიამ თქვა, რომ ქართული პროზის ჩიხიდან გამოსაყვანად საჭიროა ჩაკეტილობის, ჰერმეტულობის დაძლევა ტექსტებში. ზაზა ბურჭულაძის ”ხსნადი კაფკას” არსებითი ნიშანი - მეტიც, ღირსება - სწორედ მისი ჰერმეტულობაა, მიაჩნია კრიტიკოს გაგა ლომიძეს. ზაზა ბურჭულაძე საკულტო მწერლისათვის დამახასაითებელ ნიშნებს იძენს. ეს არ არის მასობრივი მკითხველისათვის გამიზნული ლიტერატურა.

თუ ასეა, მკითხველთა იმთავითვე ვიწრო წრეზე მიმართულ რომანს, ცოტა უცნაურია, ეპატაჟის ფუნქცია დაუდგინო. ზაზა ბურჭულაძის ბოლო ტექსტებს ამ მიზნის გაუთვალისწინებლად ვერ განიხილავ. ”ხსნადი კაფკას” ერთი დანიშნულებაც სწორედ მკითხველის გაოგნება და გამოწვევაა. გაგა ლომიძის აზრით:

[ლომიძის ხმა] ”მე მგონი, ამით უფრო მკვეთრად უპირისპირდება ტოტალიტარულ ლიტერატურასა და ტოტალიტარულ იდეოლოგიას. ყველა ნიშნით ტოტალიტარულია დღევანდელი ქართული ლიტერატურა. მე მგონი, თანდათან კვდება, მაგრამ ცნობიერება მაინც ტოტალიტარულია.”

გაგა ლომიძე დასძენს, რომ ”ხსნად კაფკაში” მწერალი ისე აყალიბებს ეპატაჟურ ელემენტებს, რომ სიცილს აღძრავს, რაც სიჯანსაღის ნიშანია. რომანი ნაკლებად სიუჟეტურია, ამბობს გაგა ლომიძე და ზაზა ბურჭულაძის ტექსტის შესაძლო მკითხველის განსაზღვრისას თანამედროვე რუს მწერლებს, ედუარდ ლიმონოვსა და ვლადიმირ სოროკინს, იხსენებს. ანუ მათი მოყვარული ზაზა ბურჭულაძესაც სიამოვნებით წაიკითხავსო.

ზაზა ბურჭულაძეს ბოლოდროინდელ შემოქმედებას ახასიათებს ერთგვარი ენობრივი მანერულობა, ნაწერის გაჯერება ხელოვნური, საგანგებოდ დამუშავებული სამეტყველო ჟესტებით, რაც მკითხველს, შესაძლოა, სრულიად ზედმეტად ეჩვენოს. გაგა ლომიძე არ იზიარებს ასეთ ვარაუდსა და შეფასებას:

[ლომიძის ხმა] ”მანერულობაში მაინც ვერ ჩამოვართმევდი ზაზას ამ თავის ენობრივ თამაშებს. მთავარი ამოსავალი ისაა, რომ საქართველო მაინც აზიაა და ჯერჯერობით მაინც სჭირდება, უხეშად რომ ვთქვათ, ეპატირება, გამოფხიზლება, ტოტალიტარული იდეოლოგიიდან გამოსვლა, ინდივიდის დანახვა. ამ ყველაფერს, ალბათ, ასეთი რადიკალური ხერხები სჭირდება.”

დღეს ამით დავასრულოთ საუბარი ბიბლიოთეკაში. შეგახსენებთ, ამ ჯერზე ქარველი მწერლების ორი ახალი წიგნი წარმოგიდგინეთ: ზაზა ბურჭულაძის ”ხსნადი კაფკა” და ზვიად რატიანის ”გზები და დღეები”.
XS
SM
MD
LG