Accessibility links

logo-print

რუსი მშვიდობისდამცველების პრობლემა, საფრთხეები და მათი დაძლევის მექანიზმები


პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის შესახებ უკვე ისტორიული ფაქტია. შესაბამისად, საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა შესაძლო საფრთხეებზე, რაც სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანას უკავშირდება, და მათი დაძლევის მექანიზმებზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა პარასკევს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციაში “საქართველო ნატოში”.

1990 წლის შემოდგომაზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიაზე დაწყებული საბრძოლო მოქმედებები 1992 წლის ივნისის დაგომისის საზავო შეთანხმებით ისე დასრულდა, რომ საზოგადოებისათვის არც ომის დაწყება უკითხავს ვინმეს და არც ომის დასრულება. თუმცა შედეგი საყოველთაოდ ცნობილია: დიდძალი მსხვერპლი, სახლ-კარიდან აყრილი ქართველი და ოსი ადამიანები, უსაფრთხოების ზონად დაყოფილი ტერიტორია და სრული უკონტროლობა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ექსპერტი 16 თებერვალს სწორედ იმიტომ შეიკრიბა, რომ შესაძლო საფრთხეებსა და მათი დაძლევის მექანიზმებზე ურმის გადაბრუნებამდე ემსჯელათ. ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია “შერიგების რესურსების” წარმომადგენელი, თბილისის საკრებულოს წევრი პაატა ზაქარეიშვილი პირველ საფრთხეს იმაში ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს თვითაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან შეხვედრაზე, რაც კონფლიქტოლოგს ცუდად ენიშნება.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა]

თუმცა სამხედრო ექსპერტები დასაშვებად მიიჩნევენ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სამხედრო-სამშვიდობო ოპერაციის საკუთარი ძალებით ჩატარებაზე, თუკი რუსი სამშვიდობოები გავლენ, ხოლო მათი ჩამნაცვლებელი სხვა ძალის არარსებობის გამო, კონფლიქტის ზონაში გარკვეული ვაკუუმი წარმოიშვება. ასეთი სცენარის ამოქმედებას დასაშვებად მიიჩნევს დამოუკიდებელი ექსპერტი, გერმანიის გენერალური შტაბის აკადემიის კურსდამთავრებული, გენერალი ალექსი ბარბაქაძე, ოღონდ ერთი არსებითი გარემოების დაზუსტებით.

[ალექსი ბარბაქაძის ხმა]

დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტების უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ პარლამენტის დადგენილების შემდეგ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პროვოკაციები, შესაძლოა, მოხდეს რუსეთის ფარული ძალების ხელშეწყობით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით უნდა გაანეიტრალოს რუსეთის მხრიდან შესაძლო ნეგატიური ზემოქმედების ძალა. ასეთი კონტრმექანიზმების ეფექტურობაში ღრმად არის დარწმუნებული მარშლის ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჩიტაძე.

[ნიკოლოზ ჩიტაძის ხმა]

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ საფრთხეთა განეიტრალებისათვის, ექსპერტთა აზრით, მნიშვნელოვანია საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება. მაგრამ არა სპონტანურად ან აქცენტის მხოლოდ რეიტინგულ ტელევიზიებზე გაკეთების გზით, რაც საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს, არამედ საზოგადოების მუდმივი ინფორმირების რეჟიმში, ამბობს ყოველდღიურ გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორი ლაშა ტუღუში.

[ლაშა ტუღუშის ხმა]

ასეთი ინფორმირება კი მხოლოდ თანამშრომლობის ნაყოფია, როცა სახელმწიფო მოხელეებს და ჟურნალისტებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ქვეყანას ორივე ინსტიტუცია სჭირდება. არადა, გასულ კვირას საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც ასეთ თანამშრომლობას ხელს ვერ შეუწყობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე დაინიშნა იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული აკაკი ბობოხიძე, რომელიც წინა თანამდებობიდან ტელეჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის ცემის გამო გადადგა.
XS
SM
MD
LG