Accessibility links

დღევანდელი “24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან


დღევანდელი “24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილესთან მირა რიკარდელთან, რომელიც თბილისს უკვე მეექვსედ ეწვია.

ამჯერად მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების ფორუმი, რომელსაც პარასკევს ”ქორთ-იარდ მერიოტი” მასპინძლობდა. ეს ძალზე საინტერესო, ენერგიული და იუმორის შესანიშნავი გრძნობით დაჯილდოებული ქალბატონი წლების მანძილზე დონალდ რამსფელდის მთავარი მრჩეველი იყო ევრაზიის საკითხებში. მირა რიკარდელი ამბობს, რომ ენერგობლოკადასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სწორი განცხადებები გააკეთა რუსეთთან მიმართებით. სხვა შემთხვევაში, ეს საკითხი მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღებას ვერ მიიპყრობდა.

კორესპონდენტი ინტერესდება, რამდენად ახლოს დგას საქართველო ნატოსთან და არის თუ არა ის, როგორც პრეზიდენტი ამბობს, ერთი ხელის გაწვდენაზე? რიკარდელის პასუხი ასეთია: ”თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ნატოს კარზე დაკაკუნება. საქმე ის არის, როდის გაიღება ის. ჩემი აზრით, ძალიან მნივნელოვანია, რომ ამერიკა ამ საქმეში აქტიურად ეხმარება საქართველოს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა არა მარტო ამერიკა, არამედ ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველო დიდ წარმატებებს აღწევს რეფორმების გზაზე და, რაც მთავარია, მას საკუთარი წვლილი შეუძლია შეიტანოს ნატოს განვითარებაში. რადგან თუკი მხოლოდ მომხმარებლად დარჩი და საკუთარი კონტრიბუცია არ შეიტანე, საკუთარი ნიშა ვერ განსაზღვრე ამ ორგანიზაციაში, მაშინ ძნელია იმ მოტივაციის პოვნა, თუ რატომ უნდა მიიღოს ნატომ საქართველო თავის წევრად”. მირა რიკარდელს პროგნოზების გაკეთება საშინლად არ უყვარს და ამიტომ შეკითხვას, შეძლებს თუ არა საქართველო ნატოში წევრობის კანდიდატის სამოქმედო გეგმის ამ ზაფხულისთვის მიღებას, რესპონდენტი მხოლოდ საკუთარი განწყობის გამოხატვით უპასუხებს: ”ჩემი აზრით, საქართველო იმსახურებს, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს.”

გაზეთი ”რეზონანსი” ექსპერტებთან ერთად ცდილობს ბენიტა-ფერერო ვალდნერის თბილისში ვიზიტის მიზეზების შეფასებას. შეგახსენებთ, რომ ის გახლავთ ევროკომისარი საგარეო ურთიერთობებისა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. პუბლიკაციის სათაურში დასმულია შეკითხვა - ბრუნდება თუ არა ევროკავშირი ”კავკასიის დანაღმულ პოლიტიკურ ველზე?” გაზეთი წერს, რომ ამ შეკითხვაზე ექსპერტებს დადებითი პასუხი აქვთ: ”დასავლელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ევროკავშირი პრიორიტეტებს იცვლის და სამხრეთ კავკასიაზე უფრო დიდ ფსონს ჩამოდის, ვიდრე ბალკანეთზე, რომლის ”დაწყნარებასაც” დიდი ძალისხმევა დასჭირდა”. რუსეთ-უკრაინის იანვრის ენერგეტიკული დავა ევროკავშირისთვის ”განგაშის სიგნალად” იქცა, რის შემდეგაც ენერგეტიკული უსაფრთხოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა. რას უნდა მოელოდეს, ამ პრიორიტეტის ფონზე, სამხრეთი კავკასია ევროკავშირისგან? პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირის ძალიან სწრაფი გააქტიურება მოსალოდნელი არ არის. ”როგორც ვიცით, - ამბობს ექსპერტი, - ამჟამად ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოსთან. ეს მოლაპარაკებები ზოგ შემთხვევაში - ადვილად, ზოგ შემთხვევაში კი, საკმარისად რთულად მიმდინარეობს.. მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, გარკვეულ საკითხებზ უფრო დაძაბული დისკუსიებია.”

პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოს თემას სწორედ ენერგოუსაფრთხოების საკითხისა და საერთაშორისო ფონის გათვალისწინებით განიხილავს: ”ირანში თუ ომი დაიწყო, ერთი ხუთი წელიწადი იქ ვერანაირი ნავთობი ვერ გაივლის. ამ შემთხვევაში, იქ ერაყზე უარესი მდგომარეობა იქნება. საქართველო რჩება ერთადერთ ალტერნატივად, სადაც გაზმა და ნავთობმა, რუსეთის გვერდის ავლით, შეიძლება გაიაროს. ბუნებრივია, ევროპას, თუნდაც ამ სუფთა ეგოისტური მიზნების გამო, აქ სამხედო კონფლიქტის გაჩაღება ხელს არ აძლევს. მგონი, ეს ჩვენთვისაც გასაგები უნდა იყოს.”
XS
SM
MD
LG