Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს


17 თებერვალს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, მუშაობა დაიწყო საქართველოს უსაფრთხოების ფორუმმა, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან ერთად

უსაფრთხოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მასპინძლობს. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ბალტიის ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები. ფორუმის მონაწილენი სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ საქართველოს თავდაცვის სამინოსტროში მიმდინარე რეფორმებისა და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის შესახებ.
ფორუმი, რომელიც დილის ათის ნახევარზე გაიხსნა, ორგანიზატორთა თქმით, შედგება სამი პანელისაგან, რომელთა თემები ასეა განაწილებული: საქართველოს უსაფრთხოების დღის წესრიგი; საქართველოში 1999-2006 წლებში განხორციელებული უსაფრთხოების სფეროს რეფორმები და, სულ ბოლოს, საქართველო და ნატო. ფორუმის გახსნაზე ელოდნენ მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ღონისძიების გახსნის პატივი თავდაცვის მინისტრს ერგო. ირაკლი ოქრუაშვილი დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების ფორუმი საქართველოს ნატოსკენ სავალი გზის შემოკლებაში დაეხმარება:
[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] „ამ ფორუმით მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მიმდინარე დადებით მოვლენებზე. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ შეიძლება დღე-დღეზე გინიხილონ საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატად მიღების საკითხი. ასეთი ფორუმებით ჩვენ შევეცდებით გარკვეული დადებითი მუხტი შევიტანოთ ამ საქმეში.“
ფორუმის პირველ დღეს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობას გვერდი ვერ აუქცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წარმომადგენელმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გადამდგარმა პრეზიდენტმა ბრიუს ჯორჯმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო გაწევრიანდება ნატოში, ხოლო მოგვიანებით ევროკავშირშიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს. ბრიუს ჯორჯისა და სხვა მომხსენებლების გამოსვლას ყურადღებით უსმენდა საქართველოს საგერო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი:
[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „საინტერესო გამოსვლები იყო, თუმცა ახალი ჩემთვის არაფერი ყოფილა. მათ დაადასტურეს ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ კარგა ხანია, რომ საქართველოს ინტეგრაცია ნატოში რელისტურია და რომ საქართველო მიზანმიმართულად მიდის ამ გზით. ბევრი რამ გაკეთდა და რაც გასაკეთებელი გვაქვს, ესეც კარგად ვიცით.“
ის, თუ რა არის გასაკეთებლი, კარგად იციან ფორუმში მონაწილე ექსპერტებმაც, თუმცა როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, არასამთავრობო სექტორს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რას და როგორ აკეთებს როგორც სამხედრო უწყების, ასევე ქვეყნის ხელმძღვანელობა:
[გია ნოდიას ხმა] „შეგვიძლია ავიღოთ ორი დიდი სფერო. ერთი არის სამხედრო, ხოლო მეორე ინსტიტუციური რეფორმების, დემოკრატიის სფერო. სამხედრო უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე,სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცი, რაც შეეხება დემოკრატიის სფეროს, მეტი ვიცით, მაგრამ ამით დიდად აღფრთოვანებულები არ ვართ. მაგრამ, როგორც ჩანს, არის ოპტიმიზმის საფუძველიც - განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.“
ფორუმის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა უსაფრთხოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გენერალი სერ გარი ჯონსონი, რომელმაც საბჭოს 2006 წლის ანგარიში წარმოადგინა. საქართველოს ენრგეტიკულ უსაფრთხოებაზე კი ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმირ სოკორმა ისაუბრა. ფორუმი, რომელიც 17 თებერვალს გაიხსნა, ორი დღის შემდეგ, 19 თებერვალს, დაიხურება. კონფერენციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ საქართველოს უახლოეს მომავალში ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭენებენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულა საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, ეგრეთ წოდებული აიპაპი, რომელიც ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა 2004 წლის 29 ოქტომბერს დაამტკიცა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG