Accessibility links

მწვავდება გაეროს და შეერთებული შტატების დაპირისპირება გუანტანამოს ციხის ირგვლივ


ამ დღეეებში სულ უფრო მწვავდება ვაშინგტონსა და გაეროს შორის არსებული უთანხმოება გუანტანამოს ციხის ირგვლივ. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს,

რომ, გაეროს ანგარიშის თანახმად, ეს ციხე რაც შეიძლება მალე უნდა დაიხუროს. თეთრი სახლის მიხედვით კი, ეს ანგარიში მხოლოდ უკვე გამოთქმული ბრალდებების გამეორებაა.


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა გუანტანამოს ციხეში მყოფ დაახლოებით 500 დაკავებულს ან ბრალდება უნდა წაუყენოს, ან უნდა გაათავისუფლოს ისინი:

[ანანის ხმა] "მათ ბრალდებები უნდა წაუყენონ, თავის დაცვის საშუალება მისცენ, უნდა გაასამართლონ, დამნაშავედ ცნონ ან გაათავისუფლონ. ვფიქრობ, ეს ნებისმიერ იურიდიულ სისტემაში ასეა. ადრე თუ გვიან გუანტანამოს ბაზის დახურვა საჭირო გახდება."

16 თებერვალს გაერომ გუანტანამოს ციხეში არსებული ვითარების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ჟენევაში მოქმედი მთავრობათაშორისი გაეროს ადამიანის უფლებების კომისიის დამოუკიდებელი ექსპერტები აწარმოებდნენ.

ანგარიში აცხადებს, რომ მეთოდები, რომლებსაც ამ ციხეში პატიმრების დაკითხვისას იყენებენ, წამების ტოლფასია. მაგალითებად მოყვანილია პატიმრების დაბმა, დიდი დროის განმავლობაში თვალების ახვევა, განმარტოებაში დატოვება, გაშიშვლება, ექსტრემალურ სიცივესა ან სიცხეში დატოვება და მათი ძაღლებით დაშინება.

მაგრამ ვაშინგტონი ანგარიშს უარყოფს. როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკქელანმა 16 თებერვალს ჟურნალისტებს უთხრა, დოკუმენტში მოყვანილი ინფორმაცია საფუძვლიან კვლევას არ ეყრდნობა:

[მაკქელანის ხმა] "გაეროს ექსპერტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობდნენ, გუანტანამოში არც კი ჩასულან, ციხე არ უნახავთ. მათ ციხის დათვალიერების ისეთივე საშუალება მიეცათ, როგორიც ამ საკითხზე მომუშავე კონგრესმენებს აქვთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ გუანტანამოში ჩასვლაზე უარი განაცხადეს."

სწორედ გუანტანამოში არსებული სიტუაციის შესწავლის საშუალება წარმოადგენს შეერთებულ შტატებსა და გაეროს შორის გაჩენილი უთანხმოებისMმთავარ საკითხს.

2004 წლის ივნისში გაეროს მკვლევართა ჯგუფმა გუანტანამოში ჩასვლის და პატიმრებთან გასაუბრების უფლება მოითხოვა. ამას ვაშინგტონი გასული წლის ბოლოს დასთანხმდა, თუმცა განაცხადა, რომ მკვლევართა ჯგუფს მხოლოდ ციხის დათვალიერების საშუალება ექნებოდა. ისინი ცალკეულ პატიმრებს ვერ გაესაუბრებოდნენ. ასეთი პირობების გამო ექსპერტებმა საერთოდ უარი განაცხადეს გუანტანამოში ჩასვლაზე.

უშუალოდ ციხის დათვალიერების ნაცვლად, გაეროს ანგარიში ყოფილ პატიმრებთან ინტერვიუებს, ამჟამინდელი პატიმრების ადვოკატების ინფორმაციას, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მასალებს დაეყრდნო.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ მეთოდებით საკმარისი ინფორმაციის მოპოვება შეძლეს იმისათვის, რომ მთავარ შეკითხვაზე გაეცათ პასუხი:

[ნოვაკის ხმა] "მკვლევრები, უწინარესად, შემდეგ შეკითხვაზე ცდილობდნენ პასუხის გაცემას: გუანტანამოში მყოფი პატიმრები კანონიერად არიან დაკავებული თუ უკანონოდ. მათი დასკვნა კი ის იყო, რომ პატიმრები იქ უკანონოდ ჰყავთ დაკავებული."

ეს სიტყვები წამების საკითხში გაეროს სპეციალურ ექსპერტს და ანგარიშის თანაავტორს მანფრედ ნოვაკს ეკუთვნის. მან ეს 16 თებერვალს ვენაში განაცხადა.

გუანტანამოს პატიმრების ერთი ნაწილი იქ მას შემდეგ იმყოფება, რაც 2001 წლის ბოლოს ავღანეთში თალიბების რეჟიმის დაცემის შემდეგ დააკავეს. სხვები კი გუანტანამოში ბოლო 4 წლის მანძილზე მიმდინარე "ტერორიზმის წინააღმდეგ ომის" განმავლობაში, სხვადასხვა დროს მოხვდნენ.
XS
SM
MD
LG