Accessibility links

logo-print

დაიყოლიებს თუ ვერა მოსკოვი თეირანს, ურანი რუსეთში გაამდიდროს?


რუსეთის დედაქალაქში იმყოფება ირანის მაღალი რანგის დელეგაცია, რომლის წევრები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ მოსკოვის წინადადებას,

ბირთვული პროგრამის განსახორციელებლად საჭირო ურანის გამდიდრების სამუშაოები თეირანმა რუსეთის ტერიტორიაზე ჩაატაროს.

მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და მის მნიშვნელობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს დაავალა, პირადად მოახსენოს მას ირანელ სპეციალისტებთან მოლაპარაკების მიმდინარეობასა და შედეგებზე. თავად ლავროვი - მოლაპარაკების შესაძლო წარმატების შეფასებისას - დიპლომატიურად თავშეკავებულია.

[სერგეი ლავროვის ხმა] "გულახდილად თუ ვიტყვით, ჩვენი მოლოდინი მოკრძალებულია. მაგრამ მაინც ყოველ ღონეს ვიხმართ, რათა არ დავუშვათ ვითარების გამწვავება, არ დავუშვათ, რომ მან ძალისმიერი სახე მიიღოს."

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი ეცდება, მარტის დამდეგისთვის ჩიხიდან გამოიყვანოს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკება. რატომ მაინცდამაინც მარტის დამდეგისთვის? იმიტომ, რომ სწორედ მარტის პირველ დღეებში გაიმართება გაეროს ბირთვული უწყების - ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს - მმართველთა საბჭოს მორიგი სესია. და რუსი დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ მანამდე მოახერხებენ ირანელი კოლეგების დაყოლიებას, ბირთვულ სფეროში მორატორიუმის რეჟიმს დაუბრუნდნენ.

რას ემყარება ეს ოპტიმიზმი, ძნელი სათქმელია. ჯერ კიდევ გუშინ ირანის სახელმწიფო უშიშროების უზენაესი საბჭოს წევრმა ჯავად ვაიდიმ განაცხადა, რომ თეირანი ხელს არ აიღებს თავისი ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ვაიდის თქმით, ამ სფეროში დასავლეთის მოთხოვნების შესრულება ირანისთვის "დამცირება" იქნებოდა. ხოლო დღეს, ბრიუსელში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ, ეუთოს მორიგე თავმჯდომარესთან კარელ დე ჰუხტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში ევროპას ასეთი სიტყვებით უსაყვედურა:

[მანუჩერ მოტაკის ხმა] "ჩვენი ღრმა რწმენით, ნდობის ჩამოყალიბება ორმხრივ მოძრაობას ნიშნავს, და არა ცალმხრივს. ევროპასთან ჩვენს ურთიერთობაში მუდამ გულახდილი ვიყავით და მუდამ ვასრულებდით სიტყვას. მაგრამ მეორე მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ."

დავუბრუნდეთ მოსკოვის წინადადებას, ურანის გასამდიდრებლად თავისი ტერიტორია და საწარმოები შესთავაზოს თეირანს. ამ წინადადებას მოწონებით შეხვდნენ როგორც შეერთებული შტატები, ისე ევროპის კავშირი. მეტიც: ბევრი ექსპერტი სწორედ ამაში ხედავს ჩიხიდან გამოსავალს. ერთ-ერთი მათგანია მოსკოვის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის თანამშრომელი ალექსანდრ პიკაევი. მისი აზრით, თუ მოსკოვის წინადადება მიიღო, თეირანი თვითონაც იხეირებს.

[ალექსანდრ პიკაევის ხმა] "ასეთი სქემის შემთხვევაში ირანი მნიშვნელოვან სახსრებს ზოგავს ბირთვული საწვავის გამომუშავების საქმეში. ჯერჯერობით მას ეს საწვავი არც აქვს და არც მისი გაკეთება იცის. ასეთი საწვავის მოსაპოვებლად მას დიდი ძალისხმევა და არაერთი წელი დასჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით რუსეთის საწარმოები უფრო რენტაბელურია, რადგან რუსეთს ბირთვული საწვავის მიღების უზარმაზარი გამოცდილება აქვს. რუსეთი დიდი რაოდენობით აწარმოებს ამ საწვავს და ამიტომ - წინასწარვე შეიძლება ითქვას - მისი ფასი გაცილებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ირანის შესაძლო საწარმოში მიღებული საწვავისა."

მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ მეტი გვეცოდინება.
XS
SM
MD
LG