Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დაიწყო მოლაპარაკება კოსოვოს სტატუსზე


ვენაში დაიწყო მოლაპარაკება, რომელიც ეხება კოსოვოს სამომავლო სტატუსს და განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: პირისპირ მოლაპარაკებას პირველად აწარმოებენ

სერბიისა და კოსოვოელი ალბანელების წარმომადგენლები. შუამავლის ფუნქცია გაერომ დააკისრა ფინეთის ყოფილ პრეზიდენტ მატი აჰტისაარის.

საქმე ეხება ყოფილ იუგოსლავიის ტერიტორიაზე გასული საუკუნის 90-ანი წლების ომების ბოლო მოუგვარებელ საკითხს. თითქმის 7 წელია გასული მას მერე, რაც ნატოს სამხედრო-საჰაერო კამპანიამ პროვინცია კოსოვოს დატოვება აიძულა სერბიის ჯარებს. აქვე უნდა ითქვას, რომ კოსოვოს სტატუსზე მოლაპარაკების საბოლოო შედეგი, ფაქტობრივად, ეჭვს არ იწვევს: არაერთი უცხოური ქვეყანა გამოთქვამს კოსოვოს დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერას.

კვლევით ინსტიტუტ “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” კოსოვოს ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ანდერსონმა დღეს ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა: [ანდერსონის ხმა] “"გასული თვის მანძილზე, შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ბელგრადს არაერთხელ უთხრეს, რომ მოლაპარაკების მოსალოდნელი და სასურველი შედეგი იქნება კოსოვოს დამოუკიდებლობა და რომ მოლაპარაკების დროს საჭიროა ყურადღების გამახვილება კოსოვოელი სერბებისთვის სასურველ პირობებზე. ოფიციალური ბელგრადი ამის კატეგორიული წინააღმდეგია და ეს არის ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც ვენაში დღეს დაწყებულ მოლაპარაკებას ახლავს".

ვენაში მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და ამიტომ მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. შეგვიძლია მოვისმინოთ, რა უთხრა ვენაში ჟურნალისტებს კოსოვოელი ალბანელების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლუფტი ჰაზირიმ: [ლუფტი ჰაზირის ხმა] "დღეს ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება დღის წესრიგი, ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციები და გვიანტერესებს, რა შედეგები მოჰყვება ამ სხდომას. გვინდა, კოსოვოს სტატუსის საკითხი რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. თარჯიმნები უკვე მოდიან და ჩვენს დადებით როლს ჩვენც შევასრულებთ". ეს უთხრა კოსოვოელი ალბანელების დელეგაციის მეთაურმა ჟურნალისტებს ვენაში დღეს. გუშინ კი მანვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მიზანია, კოსოვო საბოლოოდ ჩამოშორდეს სერბიას. მოხდება ეს თუ არა, ამას მომავალი აჩვენებს - კოსოვოელი ალბანელების და სერბების მოლაპარაკება ამ წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება, თუ უფრო დიდხანს არა.

მანამდე ამ თემას უთუოდ ბევრჯერ დავუბრუნდებით. ის საქართველოსთვის განსაკუთრებულ ინტერეს იწვევს იმის გამოც, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გასულ თვეში, თავის ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ თუ კოსოვოს მიენიჭება დამოუკიდებლობა სერბია-ჩერნოგორიისაგან, ამავე პრინციპზე დაყრდნობით შეიძლება გადაწყდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებიც.

და კიდევ ერთი ინფორმაცია: კოსოვოს საკითხზე ვენაში დღეს დაწყებული მოლაპარაკების ეს წრე ორ დღეს გასტანს და მოლაპარაკების შუამავლის - ფინელი მატტი აჰტისაარის - პრეს-მდივნის განცხადებით, მოლაპარაკების პირველ ეტაპზე იმსჯელებენ ადგილობრივი მმართველობის რეფორმაზე. რეფორმის მიზანია კოსოვოში სერბებისა და სხვა უმცირესობების უფლებების დაცვის გაუმჯობესება. დიახ, სერბები კოსოვოში უმცირესობაში არიან - სერბიის ამ პროვინციაში მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენენ ალბანელები.
XS
SM
MD
LG