Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო “იბრუნებს” პოზიციებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 200 სამხედროს გაგზავნით, საქართველოს ხელისუფლებამ ნაწილობრივ დაიწყო საკუთარი სამშვიდობო კვოტის შევსება, რის გამოც მას ხშირად

აკრიტიკებდნენ ადგილობრივი ექსპერტები. თუმცა არავინ იცის, თუ რამდენად მყარი იქნება ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. ბოლო ორი წლის განმავლობაში სამშვიდობო ოპერაციით უკმაყოფილო საქართველოს ხელისუფლება ჯავრს საკუთარ სამშვიდობოებზე იყრიდა ხოლმე, რის გამოც ვერ ხერხდებოდა კონფლიქტის ზონაში მიღებული საბრძოლო გამოცდილების აკუმულირება. მინდა ქართული სამშვიდობო ოპერაციის შუქ-ჩრდილებზე გესაუბროთ.

გადამდგარი პოლკოვნიკი ავთანდილ ჯოხაძე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედ საქართველოს სამშვიდობო ძალებს 2004 წლის აგვისტოდან თებერვლამდე ედგა სათავეში. ეს ის პერიოდია, როდესაც ივლისის ჰუმანიტარული შტურმი ახალდამთავრებულია და პროვოკაციებიც ყოველდღიურად ხდება. პოლკოვნიკ ჯოხაძის თქმით, ასეთი დაძაბული ფონის მიუხედავად, ქართველი მშვიდობისდამცველები ყოველდღიურ რეჟიმში ახდენდნენ 9 საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაცვას, ქართველი სარდალი კი თავისუფლად შედიოდა ცხინვალში, სადაც შერეული სამშვიდობო ძალების გაერთიანებული შტაბი მდებარეობს.

[ავთო ჯოხაძის ხმა] “რაციით გადავცემდი ხოლმე ჩემს კოორდინატებს ოსებს, ისინი გვხვდებოდნენ პოსტებზე და ცხინვალში შევდიოდით. კარგი ურთიერთობა გვქონდა მაშინაც კი, როცა ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო.”


ქართული სამშვიდობო კონტინგენტი, რომელსაც პოლკოვნიკი ჯოხაძე ხელმძღვანელობდა, 23-ე ბათუმის ბატალიონის მებრძოლებით იყო დაკომპლექტებული. მაგრამ ისე მოხდა, რომ 2004 წლის 30 დეკემბერს, ახალ წლამდე ერთი დღით ადრე, საბრძოლო პოსტებზე მყოფი ქართველი მშვიდობის დამცველები, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, კადრების განკარგულებაში გაიყვანეს, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებული პოლკოვნიკი ჯოხაძე კი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს. ამის შემდეგ ქართული სამშვიდობო კონტინგენტი კვოტით გათვალისწინებული 550 ჯარისკაციდან 100-მდე დავიდა და ასე გრძელდებოდა 20 თებერვლამდე, თითქმის ერთი წელი. საქართველოს ხელისუფლების ასეთ ნაბიჯს გაუმართლებლად მიიჩნევდა გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ შიდა კონფლიქტის ზონაში მიღებულ სამშვიდობო გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “რაც მეტი ჯარისკაცი შეისწავლის იმ ტერიტორიას, მით უკეთესია სამხედრო თვალსაზრისით. რადგან მე ადრე არ ვწერდი ასე პირდაპირ, მაგრამ ომი რომ დაიწყოს, ჯარისკაცებმა უნდა იცოდნენ ეს ტერიტორია, რათა ბრმად არ მოუწიოთ მოქმედება. ამიტომ ვამბობდი, არ იყენებდნენ-მეთქი ამ შესაძლებლობას.”(სტილი დაცულია)

მას შემდეგ, რაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება რუსეთის სამშვიდობო ძალების სტატუსის გარშემო, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო ფიქრი საკუთარი სამშვიდობო კვოტის შევსებაზე. 20 თებერვლიდან საქართველოს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში 350 ჯარისკაცი ეყოლება და მათი როტაცია არა 6 თვეში, არამედ 3 თვეში ერთხელ მოხდება. სულ კი, შეთანხმების თანახმად, საქართველოს უფლება აქვს იყოლიოს 550 მშვიდობის დამცველი. ქართული სამშვიდობო ძალების სარდალია პოლკოვნიკი პაატა ბედიანაშვილი, რომელსაც, წინამორბედებისაგან განსხვავებით, ოსები ცხინვალის ტერიტორიაზე არ უშვებენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG