Accessibility links

logo-print

დღეს გამოსული ქართული გაზეთების საგანგებო ყურადღების ცენტრში ექცევა ლევან კალაძის


დღეს გამოსული ქართული გაზეთების საგანგებო ყურადღების ცენტრში ექცევა ლევან კალაძის გატაცებისა და მკვლელობის საქმე, რომელიც 5 წლის დაგვიანებით გაიხსნა.

ამ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციაზე მოგითხრობთ.

ვინ არიან ლევან კალაძის გატაცების ორგანიზატორები? - შეკითხვას სვამს დღევანდელი ”მთელი კვირა” და პოლიციის პოლკოვნიკის ბათუ საღინაძის კომენტარი მოჰყავს (აქვე ვიტყვი, რომ კალაძის საქმეს ერთ დროს სწორედ ის იძიებდა): ”გამტაცებლები არიან საქართველოს კრიმინალური ელიტა და ძალოვნები. როცა გავეცანი ამ ინფორმაციას, გავარკვიე, რომ კალაძე უკვე ლიკვიდირებული იყო. კახა თარგამაძე დოყლაპია რომ არ ყოფილიყო, ეს საქმე დღეს გამოძიებული იქნებოდა. მასთან ერთად პასუხისმგებლობა უნდა გაინაწილონ მისმა მოადგილემ კახა ბაკურაძემ და სოსო ალავიძემ. ამ საქმეს იმიტომ ჩამომაშორეს, რომ ჩემი პრინციპულობით და პირდაპირობით არ გახსნილიყო, არ გამომჟღავნებულიყვნენ თავკაცები და ორგანიზატორები.”

პოლიციის პოლკოვნიკთან ინტერვიუს დღევანდელი ”ახალი თაობაც” ბეჭდავს. კორესპონდენტი ინტერესდება, რატომ მაინცდამაინც მას დაევალა ამ საქმის გამოძიება. საღინაძის პასუხი ასეთია: ”2003 წლის დეკემბერში დამიძახა შინაგან საქმეთა მინისტრმა გია ბარამიძემ. მითხრა, პენსიიდან უნდა გამოხვიდეო. რაშია საქმე-მეთქი. საქართველოს ის სირცხვილი უნდა მორეცხო, რასაც კალაძეების საქმე ჰქვიაო. ვუთხარი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ამ საქმეს ვერ მოვერევით-მეთქი. რატომო. იმიტომ, რომ დაკავშირებულია დანარჩენ გატაცებებთან, რაც, რა თქმა უნდა, მაღალჩინოსნების გარეშე არ კეთდებოდა.”

პოლიციის პოლკოვნიკი, საგანგებოდ შერჩეულ გუნდთან ერთად, საქმის გამოძიებას 2003 წლის დეკემბრის ბოლოს მაინც შეუდგა და, როგორც თავად ამბობს, თებერვლის ბოლოსთვის უკვე ყველაფერი დღესავით ნათელი იყო მისთვის და იცოდა ”რა ხდებოდა, რა სჭირდა ჩვენს ქვეყანას ამ გატაცებებთან დაკავშირებით”. ბათუ საღინაძის ინფორმაციით, ლევან კალაძე ”აფრასიძეების ბინაში ჰყავდათ მიყვანილი” და გამოძიების კვალი სწორედ ამ ოჯახამდე მიდიოდა. გამომძიებელი ამბობს, რომ მაღალჩინოსნები მას ამ კვალზე გასვლაში ხელს უშლიდნენ და რომ აფრასიძეების ოჯახის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციაც მისგან ფარულად ჩატარდა. ერთი სიტყვით, საღინაძე გაზეთ “ახალი თაობის” ფურცლებზე ბევრ საინტერესო დეტალს ააშკარავებს.

5-წლიანი გაუჩინარების საიდუმლოზე ”ახალი ვერსიაც” მსჯელობს. გაზეთის ვერსიით, ”ლევან კალაძის გატაცების საქმე, შესაძლოა, ტარიელ ონიანის მეგობარ ”ხალვამდე” და ძველ ძალოვნებამდე მიდიოდეს”. ”არაოფიციალური ვერსიით, კალაძის საქმეში ე.წ. სვანური კლანია გარეული - ”კანონიერი ქურდი” მურმან ტვილდიანი, მეტსახელად ”ხალვა”, რომელიც ოფიციალურად 2002 წლის 20 თებერვალს ბიზნესმენ ირაკლი კორტავას გატაცებაშია ბრალდებული. 2005 წელს ის ბარსელონაშიც იყო დაკავებული, მაგრამ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. იანვარში იგი უკვე მოსკოვში დააკავეს, ხოლო 18 იანვარს საქართველოში ჩამოიყვანეს. ”ხალვაზე” ამბობენ, რომ ის ტარიელ ონიანთან დაახლოებული პირია.”

გაზეთი საქმის დეტალებში გარკვევას ცდილობს და ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხსაც განიხილავს: ”დაუჯერებელია - მაშინ, როცა მთელი საქართველო (და არამარტო საქართველო) კალაძის გატაცებაზე საუბრობდა, მაშინდელმა ძალოვანებმა 2001 წლის 4 ივლისს ვაზისუბნის დასახლების ხევში ნაპოვნი უცნობი მამაკაცის ცხედარი ისე დამარხეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, რომ გვამის იდენტიფიკაციაც არ მოახდინეს. რატომ?”
XS
SM
MD
LG