Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს რეპუბლიკური პარტია რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლების პროექტზე მუშაობს


დღეს საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ პარტიულ კონფერენციაზე განსახილველად წარადგინა დოკუმენტი, რომლის საფუძველზე რესპუბლიკელები ჩრდილოვანი

კაბინეტის შექმნას გეგმავენ. პროექტი რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლების სახელითაა ცნობილი და მისი ძირითადი მიზანი პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქციის სრულფასოვნად შესრულება და ქვეყნის მართვისათვის უკეთ მომზადებაა.

ჩრდილოვანი მთავრობის მოდელზე აწყობილმა სისტემამ პარტია უნდა უზრუნველყოს დროული და ხარისხიანი ინფორმაციით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის შესახებ. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელები ხელისუფლების პოლიტიკის ოპონირებასა თუ მხარდაჭერას კვალიფიციური ანალიზითა და არგუმენტებით შეეცდებიან და თავადაც უფრო ორგანიზებულად იმუშავებენ საკანონმდებლო ინიციატივებზე. თუმცა, მეორე მხრივ, რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლება სრულმასშტაბიანი ალტერნატიული სახელისუფლებო სტრუქტურის შექმნას არ გულისხმობს. სახელმწიფო მმართველობის ყოველი მნიშვნელოვანი მიმართულებით პარტია გამოკვეთს 3–4 ძირითად თემას, რომელზეც ჩრდილოვანი კაბინეტის ფოკუსირება მოხდება. კონფერენციაზე ცალკეულ მიმართულებებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა ცნობილია, რომ პარტია სამომავლოდ აქცენტებს გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის პოლიტიკა და ასე შემდეგ.

[თინა ხიდაშელის ხმა]“ პარტია გეგმავს მთელი წლის განმავლობაში ყველა კონკრეტული მიმართულებით კონფერენციების გამართვას, რათა საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს - არა ლოზუნგების დონეზე, არამედ კონკრეტულად ქაღალდზე დეტალურად გაწერილი - გეგმა იმისი, რას აპირებს რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,“ -

ამბობს თინა ხიდაშელი და ოპოზიციური მონიტორინგის ჩრდილოვანი სტრუქტურების ჩამოყალიბების ამოცანაზეც მიუთითებს. კერძოდ, რესპუბლიკური პარტია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას გაერთიანებული ოპოზიციური კოალიცია და ამოქმედდეს ისეთი პროექტები, როგორიცაა: ოპოზიციური სახალხო დამცველი, ოპოზიციური კონტროლის პალატა და ოპოზიციური საკონსტიტუციო სასამართლო.

[დავით ბერძენიშვილის ხმა]“ ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირება ჩვენი იქნება ადეკვატური. ხან დაემთხვევა სახალხო დამცველის აპარატის რეაგირებას. ვვარაუდობ, რომ უფრო ხშირად ის იქნება განსხვავებული და უფრო მკვეთრი. იგივე იქნება საბიუჯეტო ხარჯებთან მიმართებაში. ვთქვათ, კონტროლის პალატას ჯეროვნად არ შეუფასებია პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდების გადახარჯვა და არამიზნობრივად მისი გამოყენება. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში რაც კი სარჩელი შევა, ჩვენი კვალიფიციური იურისტები მას შეისწავლიან და დადებენ საკუთარ დასკვნას.“

ეს დავით ბერძენიშვილი იყო. მისი თქმით, ოპოზიციურ–კოალიციური ჩრდილოვანი სტრუქტურების მოსინჯვა სწორედ ზემოხსენებული სამი მიმართულებით შემთხვევით არ მომხდარა. როგორც რესპუბლიკელები ფიქრობენ, სახალხო დამცველის აპარატი, კონტროლის პალატა და საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ის ინსტიტუტებია, რომლებშიც ხელისუფლების საქმიანობის ავკარგიანობის განსაზღვრა შესაძლებელია მკაფიო კრიტერიუმებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით და არა პოლიტიკური იდეოლოგიისა და გემოვნების მიხედვით. რესპუბლიკურ პარტიებს ამ კოალიციური პროექტების ხორცშესხმისათვის ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყია. პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს მოვუსმინოთ:

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ ოპოზიციურ–კოალიციური პროექტის ბედი არ უკავშირდება თავად რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლების პროექტს, ვინაიდან ამას ჩვენ ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ. ისევე როგორც, ჩვენი აზრით, ყველა პოლიტიკური პარტია და ჯგუფი უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით.“

რესპუბლიკური პარტიის კონფერენციაზე, მთლიანობაში, ორი დოკუმენტი წარადგინეს. დემოკრატიული ალტერნატივის, ანუ რესპუბლიკური მომავლის ხელისუფლების, პროექტის გარდა, რესპუბლიკელებმა საქართველოს ხელისუფლების გასული წლის საქმიანობაც შეაფასეს. „ვარდების რევოლუციიდან ნეობოლშევიზმისკენ, ანუ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური არჩევანი“ - ასე ჰქვია ნაშრომს, რომელიც დემოკრატიული ალტერნატივის პროექტთან - ანუ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ არჩევანთან - ერთად, დაინტერესებული საზოგადოების შეფასებას ელის. შენიშვნებსა და წინადადებებს რესპუბლიკურ პარტიაში ერთი კვირის განმავლობაში მიიღებენ.
XS
SM
MD
LG