Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის ლიდერის ბიზნესინტერესების შესწავლას მოითხოვს


20 თებერვალს საპარლამენტო ფრაქცია "დემოკრატიულმა ფრონტმა" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძისა და მისი მეუღლის ბიზნესინტერესების

შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ამ ინიციატივით ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბეჟან გუნავა გამოვიდა და საპარლამენტო უმრავლესობას საკუთარი ოჯახის ბიზნესინტერესების შესწავლაც შესთავაზა. რატომ მოითხოვს ოპოზიცია უმრავლესობის ლიდერის ოჯახის საქმიანობის საპარლამენტო გამოძიებას და როგორ უყურებს ამ ინიციატივას თავად უმრავლესობა?

გასული კვირის მიწურულს პარლამენტარმა ბეჟან გუნავამ უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე და მისი მეუღლე ზურაბ ჩიკვილაძე სხვადასხვა ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. და, აი, რა განაცხადა:

[ბეჟან გუნავას ხმა] ”ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არის მისი ოჯახის კორუფციული საქმიანობა...”

ბეჟან გუნავას არ დაუსახელებია კონკრეტულად რა კორუფციულ ფაქტებში ამხელს მაია ნადირაძეს და მის ქმარს. როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი თბილისის მერიაში სატრანსპორტო სამსახურს ხელმძღვანელობს. მაია ნადირაძემ გუნავას ბრალდება იმით გააბათილა, რომ კოლეგას მტერი უწოდა და საკუთარი ქონების გამომზეურების მზადყოფნა გამოთქვა:

[მაია ნადირაძის ხმა] ”გუნავები და ძმანი მისნი რომ არიან ჩემი მტრები, ეს არის ჩემთვის პატივი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაინტერესებთ ჩემს ბინებთან თუ ქონებასთან დაკავშირებით, არის ღია და გახსნილი.”

ამ დაპირისპირებამ 20 თებერვალს ოფიციალური სახე მიიღო, რადგან ბეჟან გუნავამ მაია ნადირაძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხელმოსაწერად პირადად გადასცა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა. მანამდე კი პრესკონფერენცია გამართა და შემდეგი განცხადება გააკეთა:

[ბეჟან გუნავას ხმა] ”მე დარწმუნებული ვარ, თუ ეს კომისია შეიქმნება და ქალბატონი მაია ამას ხელს მოაწერს, ალბათ, ეს კომისია შეიქმნება და ეს მასალები დაიდება. ასეთ შემთხვევაში უმრავლესობას შერცხვება, რომ მას ჰყავს ისეთი ლიდერი, როგორიც ქალბატონი მაია ნადირაძეა.”(სტილი დაცულია)

მოგვიანებით, ბიუროს სხდომის დამთავრების შემდეგ, გაირკვა, რომ მაია ნადირაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ხელი არ მოაწერა. აღნიშნული კომისიის ჩამოსაყალიბებლად 55 დეპუტატის ხელმოწერა და პარლამენტის ბიუროს თანხმობაა საჭირო. გუნავას ინიციატივას ნადირაძის მსგავსად მოეკიდნენ უმრავლესობის სხვა ლიდერებიც და თუ რატომ, ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებიდან შევიტყობთ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”მაშინ ეს ადამიანი უნდა იყოს თავისი თავის და პრინციპების მოწინააღმდეგე, რადგან ტყუილს უნდა დაუჭიროს მხარი. თუ ესეთი ადამიანია, მისი ადგილი არც უმრავლესობაშია და არც ჩვენს გვერდით.”

ოპოზიცია კი ირწმუნება, რომ მაია ნადირაძის და მისი ოჯახის ბიზნესინტერესების შესახებ გამოთქმული ეჭვები საკმაოდ საფუძვლიანია და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ბოლომდე მიიყვანს.
XS
SM
MD
LG