Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების და ევროკავშირის დაახლოებას მოუგვარებელი კონფლიქტები და აზერბაიჯანისa და კვიპროსის პრობლემური ურთიერთობა აფერხებს


”ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებაში მოგითხრობთ

ევროკომისრის ბენიტა ფერერო-ვალდნერის ვიზიტზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ვიზიტი გასულ კვირაში შედგა. როგორც ირკვევა, მას ევროკავშირისა და რეგიონის დაახლოებაში რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე არ მოუტანია.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკომისრის ბენიტა ფერერო- ვალდნერის ვიზიტის დროს განსახილველი ძირითადი საკითხები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმები და ”გაყინული კონფლიქტები” იყო.

თუმცა, როგორც ბრიუსელში ოფიციალური პირები აცხადებენ, ამ ვიზიტს არც ერთ სფეროში არ მოჰყოლია რაიმე ხელშესახები შედეგი.

ფერერო-ვალდნერის წარმომადგენლის ემა უდვინის თქმით, ევროკომისარმა სამ ქვეყანას სამოქმედო გეგმების ირგვლივ ეფექტიანი კონსულტაციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამ გეგმებით რეგიონსა და ევროკავშირს შორის მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განზრახული დაახლოების პირობებია განსაზღვრული.

თავდაპირველი ვარაუდით, სამოქმედო გეგმების შემუშავება 2005 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, როგორც ემა უდვინმა ჩვენს რადიოს უთხრა, ამ ვადის გადადება არ ნიშნავს, რომ რაიმე პრობლემასთან გვაქვს საქმე:





[უდვინის ხმა] ”სამოქმედო გეგმები სწრაფად და ეფექტიანად ვითარდება. გასული წლის ბოლოს ერთი რაუნდი დასრულდა და მარტის დასაწყისში უკვე მეორეს დავიწყებთ. იმედი გვაქვს, მეორე რაუნდი პირველივით კარგად ჩაივლის და კონსულტაციის პროცესი სწრაფად დასრულდება.”

თუმცა ემა უდვინს კონსულტაციების დასრულების ვადები არ დაუკონკრეტებია.

როგორც რადიო “თავისუფლებამ” ევროკავშირის სტრუქტურებში მომუშავე პირებისგან შეიტყო, მოლაპარაკებას დიდწილად აფერხებს აზერბაიჯანსა და კვიპროსს შორის არსებული უთანხმოება. ევროკავშირის წევრ კვიპროსს სურს, რომ აზერბაიჯანმა აღკვეთოს კვიპროსელი თურქების მიერ კონტროლირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში კომერციული ავიარეისების შესრულება.

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, გასული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ასეთი რეისი განხორციელდა. თუმცა ჯერჯერობით არ ხერხდება ისეთი გზის პოვნა, რომელიც კვიპროსსაც დააკმაყოფილებს და აზერბაიჯანსაც მისცემს მოკავშირე თურქეთთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას.

ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლის თანახმად, მანამ, სანამ ეს საკითხი კვიპროსის სასარგებლოდ არ გადაწყდება, საქართველოსა და სომხეთს სამოქმედო გეგმები არ დაუმტკიცდებათ.

ემა უდვინის თქმით, სამოქმედო გეგმების დასრულებას სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები აფერხებს, თუმცა იგი ადასტურებს, რომ კვიპროსის თანხმობა აუცილებელია:




[უდვინის ხმა] ”ამ ეტაპზე ეს შემაფერხებელ ფაქტორს არ წარმოადგენს. ცხადია, როდესაც ტექსტების დამტკიცება ხდება, ისინი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ყველა წევრმა უნდა მიიღოს. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ბლოკირება ნებისმიერ ცალკეულ წევრ ქვეყანას შეუძლია.”

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ევროკომისრის ვიზიტი
10 და 11 თებერვალს საფრანგეთში, რამბუიეს სასახლეში,
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შემდგარ შეხვედრას მოჰყვა. შეხვედრა, რომელზეც, ძირითადად, მთიანი ყარაბახის საკითხი განიხილეს, რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. თუმცა ემა უდვინი აცხადებს, რომ ევროკავშირი ამ შეხვედრას მაინც პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს:

[უდვინის ხმა] ”ვფიქრობ, იმის მიუხედავად, რომ რამბუიეს შეხვედრასთან მიმართებით პრესამ საკმაოდ პესიმისტური პოზიცია გამოხატა, ის, რომ ორივე მხარე კვლავ განაგრძობს მუშაობას და რამბუიეს შეხვედრას დასასრულად კი არა, პროცესის ერთ-ერთ ეტაპად მიიჩნევს, თავისთავად პოზიტიური მოვლენაა.”

უდვინის თქმით, ფერერო ვალდნერმა სამივე ქვეყნის მთავრობებს განუცხადა, რომ ”გაყინული კონფლიქტების” მოგვარება ევროკავშირთან დაახლოების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:

[უდვინის ხმა] ”ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ: იმისათვის, რომ სამივე ქვეყანამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმათა პოტენციალი სრული მასშტაბით გამოიყენოს, რეგიონში სტაბილურობა გადამწყვეტია. თუ ”გაყინული კონფლიქტები” არ მოგვარდა, ქვეყნები სამეზობლო პოლიტიკით სრული მასშტაბით ვერ ისარგებლებენ. ეს კი, თავის მხრივ, დამატებითი საბაბია იმისათვის, რომ მხარეებმა ყველაფერი იღონონ კომპრომისის, პრობლემის გადაჭრის გზების მოსაძებნად.”

ამასთან, ემა უდვინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ინტერესებშია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, რომ ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ცხინვალის რეგიონში საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენების შესაძლებლობა.

ევროკავშირმა ამ დღეებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სპეციალურ წარმომადგენლად შვედი დიპლომატი პიტერ სემნები მიავლინა.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG