Accessibility links

”ფორბსი” საქართველოს მოგზაურობისათვის საშიშ ქვეყანად მიიჩნევს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გავლენიანმა ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" გამოაქვეყნა მოგზაურობისა და მუშაობისთვის საშიში ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი, რომელშიც 14 სახელმწიფოს შორის

საქართველოც მოხვდა. რეიტინგი 2005 წლის შედეგების მიხედვით არის შედგენილი, გასული წელი კი ქვეყანაში, პირიქით, ტურისტების რიცხვის ზრდით აღინიშნა. რატომ დაიმსახურა საქართველომ მოგზაურობისათვის საშიში სახელმწიფოს სტატუსი?

ცნობილი ამერიკული ჟურნალის ”ფორბსის”ვერსიით, საქართველო მოგზაურობისა და მუშაობისათვის საშიში ქვეყნის სტატუსს იძენს. "ფორბსის" ყოველწლიურ რეიტინგში, საქართველოს გარდა, 13 სახელმწიფო - მათ შორის, რუსეთის ფედერაცია - მოხვდა. და ეს მაშინ, როდესაც საქართველოში უცხოეთიდან შემოსული სტუმრების რაოდენობას ზრდის ტენდენცია ახასიათებს, ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში გარკვეული ინვესტიციები ჩაიდო და თითქოს არც ქვეყნის ხელისუფლებას დაუკლია მცდელობა საქართველოს მიმართ მსოფლიოში კეთილსაიმედო იმიჯი დაემკვიდრებინა და ამ მიზნის მისაღწევად, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, გარკვეული საბიუჯეტო სახსრებიც გაიღო. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის ინფორმაციით, გასულ წელს ტურისტების რაოდენობა საქართველოში 40%-ით გაიზარდა, რაშიც გარკვეული როლი, მისი აზრით, სხვადახვა ავტორიტეტულ გამოფენებში საქართველოს მონაწილეობამ და სხვა სპეციალურმა ღონისძიებებმა შეასრულა.

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] „დაიწყო და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, იმიჯის შექმნაზე. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო ბაზრობაში. ეს არის: მილანი, მიუნხენი, ბერლინი, სტამბული, ტოკიო და სხვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველით ამის შედეგებს უკვე უახლოეს მომავალში. ჩვენ ასევე ვმუშაობდით საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებთან, მოეწყო რამდენიმე პრე-ტური. რა თქმა უნდა, მარტო ამით არა, მაგრამ ამის შედეგადაც მოხდა ის, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა 2005 წელს 40%-ით გაიზარდა, წინა წელთან შედარებით.”

ამ აქტივობის მიუხედავად, საქართველო მაინც იმ ავბედით 14 სახელმწიფოს შორის ხვდება, რომელშიც მოგზაურობა ან სამუშაოდ წასვლა ”ფორბსის” მიერ რეკომენდებული არ არის. საინტერესოა, რომ ”ჟურნალის” წინა წლის რეიტინგში, როდესაც ტურისტების ოდენობა საქართველოში გაცილებით ნაკლები იყო, ქვეყანამ ”ფორბსის” ”შავ სიას” მაინც თავი დააღწია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამ, ერთი შეხედვით, ალოგიკური მიდგომის მიზეზია ისევ და ისევ აქტიურობა საქართველოს ხელისუფლებისა, რომელმაც აქ არსებული სეპარატისტული რეგიონებისა და კონფლიქტის კერების მიმართ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა შეძლო.

”ფორბსი” ქვეყნებს, რისკების შესაბამისად, რამდენიმე კატეგორიით აფასებს: პოლიტიკური და ტერორისტული რისკები, სამოქალაქო ომის დაწყების შესაძლებლობა, დანაშაულობათა საერთო დონე და სამართალდამცველი ორგანოების მუშაობა. ქვეყნები ფასდება 5 ბალიანი სისტემით, სადაც შეფასება ”5” ყველაზე უარესი მაჩვენებელია. საქართველომ რეიტინგში ყველაზე ნაკლები – 3 ქულა - დაიმსახურა, რაშიც, ”ფორბსის” აზრით, 1990-იანი წლების სამოქალაქო ომი და ის სეპარატისტული ოლქებია დამნაშავე, რომლებიც თბილისის ხელისუფლებას არ ცნობენ. ჟურნალი რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს, "ზედმიწევნით ფრთხილად იყვნენ საქართველოში, განსაკუთრებით პანკისის ხეობაში, სადაც ქართული ძალები ჩეჩენ ბოევიკებს და სხვა ტერორისტებს შეეჯახნენ". ამდენად, საქართველოში უცხოელი ვიზიტიორების მოსაზიდად მთავრობის მიერ ტურიზმის მთავარ პრიორიტეტად აღიარება არ ყოფილა საკმარისი და სანამ ქვეყანაში სეპარატისტული რეგიონების პრობლემა არსებობს, საქართველოს ”ტურისტულ ოაზისად” გამოცხადება მაინც ნაადრევია.
XS
SM
MD
LG