Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მიუნხენი” თბილისის ეკრანებზე


სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის - “მიუნხენის” - ნახვის შესაძლებლობა ახლა უკვე ქართველ მაყურებელსაც ეძლევა. რატომ გამოიწვია “მიუნხენმა” აზრთა სხვადასხვაობა და

ჩაერთვება თუ არა ჩვენი საზოგადოება ამ ფილმის გარშემო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაწყებულ დისკუსიაში?

პალესტინის ტერორისტული ჯგუფის - “შავი სექტემბრის” - წინააღმდეგ ისრაელის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციის შესახებ აქამდე მსოფლიომ თითქმის არაფერი იცოდა. გაგახსენებთ, რომ პალესტინელმა ტერორისტებმა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე 11 ისრაელელი სპორტსმენი დახვრიტეს. ამის შემდეგ დაიწყო “შავი სექტემბრის” წევრთა განადგურება ისრაელის სპეცსამსახურების მიერ.

სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი, რომელიც ორივე მხარის ძალადობას ერთნაირი დრამატიზმით აღწერს და სწორედ ამიტომ გაიჩინა ოპონენტები. “ნიუ-იორკ ტაიმსი”, მაგალითად, სპილბერგს “ყალბ განზოგადებაში” ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ სპილბერგი ყველანაირად ცდილობს იმის მტკიცებას, რომ ბოროტება არ არსებობს. ისრაელის გენერალურმა კონსულმა ლოსანჟელესში ფილმს “პრეტენზიული” და “ზედაპირული” უწოდა.

მაგრამ “მიუნხენს” თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სპილბერგმა კონფლიქტის ორივე მხარის პოზიცია გაითვალისწინა და მაქსიმალურად ობიექტურად გვიჩვენა შურისძიების არსი, მისი მიზეზები.
“ნიუსვიკი”, მაგალითად, სპილბერგს თავად ალფრედ ჰიჩკოკს ადარებს.

სანამ ტერორისტები ნიღბებში არიან, ისინი აღიქმებიან, როგორც “აბსოლუტური ბოროტება”, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიღაბს მოიხსნიან, ხვდები, რომ ადამიანები არიან - ასეთია ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიბერალის სტივენ სპილბერგის პოზიცია, რომელიც ტერორიზმის შიშით მოცულ სამყაროში, საეჭვოა, პოპულარული გახდეს. მით უმეტეს, რომ სპილბერგმა თავად თქვა უარი ფილმის რეკლამაზე და სურათი მსოფლიო ეკრანებზე საშობაო დღესასწაულების დროს გამოუშვა, როცა ხალხს მაინცდამაინც არა აქვს სურვილი უყუროს სისხლიან ტრაგედიას. ამიტომაცაა, რომ “მიუნხენს” არ ჰქონდა ისეთი წარმატება, როგორც, მაგალითად, “შინდლერის სიას”. თუმცა, სპილბერგის თქმით, იგი წარმატებაზე არც ფიქრობდა - მისი მიზანი იყო, ხალხს ტერორიზმის შესახებ ემსჯელა, დისკუსია დაეწყო, თავისი თავისთვის ეკითხა:“ღირს კი ძალადობასთან ბრძოლა ძალადობით?”

[“მიუნხენი”. მუსიკა]

სტივენ სპილბერგმა უკვე უწოდა ამ ფილმს “ლოცვა”, “ლოცვა მშვიდობისთვის”. მნიშვნელოვანია, რომ მთელი ფილმის მოქმედება დასავლეთ ევროპაში ხდება, იქ, სადაც დღეს თითქოს ნაკლებად ეშინიათ ტერორისტების. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკელმა სპილბერგმა “მიუნხენი”, პირველ რიგში, ევროპელებისთვის გადაიღო და არა ამერიკელებისთვის?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG