Accessibility links

ვინ არის გენერალი მლადიჩი?


გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება გენერალ რატკო მლადიჩის შესახებ.

21 თებერვალს საღამოს სერბიის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტომ, ტანიუგმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად მლადიჩი - სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი და ჰააგის ტრიბუნალის მიერ ძებნილი პირი - დააპატიმრეს. ეს ცნობა მალევე უარყო ბელგრადმა. დღეს კი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ განაცხადა, რომ ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი გენერალი ჯერაც არ დაუპატიმრებიათ. ვინ არის რატკო მლადიჩი? და რატომ არის ჰააგის ტრიბუნალისთვის მისი დაპატიმრება ესოდენ მნიშვნელოვანი? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უახლესი ისტორიის გახსენება მოგვიწევს.

1995 წლის ივლისი, ქალაქი სრებრენიცა. ბოსნიელ სერბთა არმიამ ეს-ეს არის, ქალაქი დაიკავა, და გენერალი რატკო მლადიჩი ამ სიტყვებით ამშვიდებს ათასობით ბოსნიელ მაჰმადიანს:

[რატკო მლადიჩის ხმა] "ნურაფრის ნუ გეშინიათ. დამშვიდდით. ჯერ ქალები და ბავშვები გაუშვით. ოცდაათი ავტობუსი გელოდებათ. კლადანში გადაგიყვანთ. ნუ გეშინიათ. არავინ არაფერს დაგიშავებთ."

გენერალ მლადიჩის ამ სიტყვებიდან ერთი კვირის შემდეგ სრებრენიცის შვიდი ათასზე მეტი მცხოვრები სიცოცხლეს გამოასალმეს.

გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის ბრალდების თანახმად, მას შემდეგ, რაც ქალებით დატვირთულმა ავტობუსებმა ქალაქი დატოვეს, სრებრენიცელი მამაკაცები და ბიჭები ადგილზევე დახვრიტეს - გენერალ რატკო მლადიჩის განკარგულებით. მოგვიანებით ბოსნიელ სერბთა ძალებმა კვალის დაფარვა სცადეს და დახოცილთა გვამები ქვეყნის რამდენიმე რაიონში მიმოფანტეს და მასობრივ საფლავებში დამარხეს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ევროპას ამ მასშტაბის მკვლელობის აქცია აღარ ენახა. არადა, სრებრენიცა გაეროს მიერ უსარფრთხო ზონად იყო გამოცხადებული და სწორედ ამ ქალაქს აფარებდნენ თავს ბოსნიის სხვა რაიონებიდან დევნილი მაჰმადიანები.

გენერალ მლადიჩს - ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერ რადოვან კარაჯიჩთან ერთად - ჰააგის ტრიბუნალი ბოსნიაში ეთნიკური წმენდის მთავარ ინიციატორად და განმახორციელებლად მიიჩნევს და თავის მთავარ ამოცანად სწორედ ამიტომ აქვს დასახული ამ ორი ადამიანის დაპატიმრება. თანაც, პროკურორთა თქმით, მლადიჩის წინააღმდეგ მათ საკმარისზე მეტი სამხილი მოეპოვებათ.

გავიხსენოთ სარაევოს ბლოკადა, რომელიც ასევე მლადიჩის ხელმძღვანელობით განხორციელდა და თითქმის ოთხ წელიწადს გაგრძელდა - 1992 წლის აპრილიდან 1996 წლის მარტამდე. ამ ხნის მანძილზე 12 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 50 ათასამდე კაცი - დაიჭრა.

მოისმინეთ ერთი იმდროინდელი ჩანაწერი. გენერალი მლადიჩი რადიოკავშირის მეშვეობით განკარგულებებს აძლევს თავის ერთ-ერთ ხელქვეითს:

[რატკო მლადიჩისა და მისი ხელქვეითის რადიოკავშირის ჩანაწერი]
ხმა: ჭიანჭველებივით არიან...
მლადიჩი: ჭიანჭველებივით...
ხმა: დიახ.
მლადიჩი: სნაიპერები ამუშავეთ.
ხმა: მთელი საღამო მოუწევთ მუშაობა.
მლადიჩი: იმუშაონ, იმუშაონ.
ხმა: შერჩევით მოგვიწევს...
მლადიჩი: ჰო, მეგობარო, ამოარჩიეთ, ვინც გინდათ.
ხმა: მესმის, უფროსო.
მლადიჩი: ძალიან კარგი.
ხმა: გავიგე.
მლადიჩი: მიდი, შეუბერე, "უფროსო".
ხმა: აბა, კარგად.
მლადიჩი: კარგად. მარტო სხეულში დაუმიზნეთ.

ბოსნიის ომის დამთავრების შემდეგ გენერალი მლადიჩი ბელგრადში დასახლდა, სადაც - იუგოსლავიის მაშინდელი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის ფრთის ქვეშ მყოფს - არაფერი ემუქრებოდა. 2001 წელს, მილოშევიჩის დაპატიმრებისა და ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემის შემდეგ, მლადიჩი გაუჩინარდა. თუმცა, ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ სერბიის ხელისუფლებისთვის მლადიჩის ადგილსამყოფელი ცნობილია.

ამ ბრალდებებს გასულ თვეში მოჰყვა ევროპის კავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლის ოფიციალური გაფრთხილება სერბიის მისამართით. კერძოდ, კომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ოლი რენმა ბელგრადი არჩევანის წინაშე დააყენა: ან თანამშრომლობა მლადიჩისა და კარაჯიჩის დაპატიმრების საქმეში ან უარის თქმა ევროპის კავშირთან დაახლოებაზე. ბევრი მიმომხილველი ფიქრობს, რომ ამ მუქარამ გაჭრა და მლადიჩი და კარაჯიჩი ვეღარ გადაურჩებიან მართლმსაჯულებას.

[კარლა დელ პონტეს ხმა] "მსურს, მიმდინარე წლის ივლისში მლადიჩი და სრებრენიცის დანაშაულში ბრალდებული კიდევ ცხრა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. დროა, ბოლო მოეღოს ვითარებას, როცა გენოციდის განხორციელებაში ბრალდებული ორი პირი თავისუფალია."

ეს კარლა დელ პონტე გახლდათ. შეუსრულდება თუ არა ჰააგის ტრიბუნალის მთავარს პროკურორს ეს სურვილი, მალე უნდა გაირკვეს.
XS
SM
MD
LG