Accessibility links

logo-print

ომის ვეტერანები პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ


ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 100 ათასზე მეტი ადამიანი ატარებს ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანის სტატუსს.

სამინისტროს მესვეურები მიიჩნევენ, რომ ვეტერანთა რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი, რის გამოც უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტმა ათეულობით მილიონი ლარის ზარალი ნახა. ვითარების შესაცვლელად მთავრობამ ვეტერანთა ხელახალი რეგისტრაცია დაიწყო, პარალელურად მოამზადა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში შესატანად ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო. სწორედ ამ ცვლილებებმა გამოიწვია ვეტერანთა უკმაყოფილება, რომელიც მათ 22 თებერვალს საპროტესტო აქციით გამოხატეს.

[აქციის მონაწილის ხმა] „უბედურება ისაა, რომ ამათ ჩვენ ცოცხლები არ ვჭირდებით. ამიტომ არც ჩვენ გვინდა ასეთი მთავრობა. რატომ უნდა ვაპატიოთ და რატომ უნდა შევარჩინოთ? ამაზე მეტი რა უნდა გვიქნან? ვიომეთ, ბოლო-ბოლო, ტყვიასთან გვქონდა საქმე.“ (სტილი დაცულია)

ეს ადამიანები „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში შეტანილ იმ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელთა თანახმადაც მკვეთრად შემცირდა ვეტერანთა სოციალური დაცვის გარანტიები. ჩიორა წიკლაური, აფხაზეთის ომის მონაწილე, ამბობს, რომ პარლამენტმა ცვლილებებს კენჭი ისე უყარა, რომ ვეტერანები საქმის კურსში არ ჩაუყენებია:

[ჩიორა წიკლაურის ხმა] „ამათმა, ჩვენი უფლებების გარდა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრთა უფლებებიც შელახეს. ამ კანონის მიღებით მათ, ფაქტიურად, ომში დაღუპულები გაძარცვეს. ომის დროს ამისთანა საქციელს მარადიორობას ვუწოდებდით.“(სტილი დაცულია)

პარლამენტის გადაწყვეტილებამ, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე და მეორე ჯგუფის ინვალიდი, 68 წლის კობა აბრამიშვილი ამბობს, კიდევ უფრო დაამძიმა მისი ისედაც გაუსაძლისი ყოფა. ბატონმა კობამ მძიმე ჭრილობა 13 წლის წინ სოფელ ლაბრასთან მიმდინარე ბრძოლაში მიიღო.

[კობა აბრამიშვილის ხმა] „დამმარხა ჭურვმა, რომელიც ჩემ წინ აფეთქდა. გადავრჩი სასწაულად. უამრავი ჭრილობა და კანტუზია მივიღე. მას მერე ნევროზი მაქვს, უცბად ვფეთქდები და ენა მებმება... თავის მოკვლა ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ვერ ვბედავ... თუ მოვიკლავ თავს, კაცურად მოვიკლავ და ეგ იქნება...“

კობა აბრამიშვილის თქმით, კანონი ვეტერანების შესახებ სრულფასოვნად არც არასოდეს მუშაობდა, ვეტერანები სახელმწიფოსგან ქმედით დახმარებას ვერც ვერასოდეს იღებდნენ, თუმცა კანონით მინიჭებული შეღავათების გაუქმებით, როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, დაიკარგა ყველაზე მნიშვნელოვანი - მომავლის იმედი. შალვა თადუმაძეც, იურისტი ასოციაციისა „სამართალი და თავისუფლება“, ადასტურებს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა ვეტერანებს ცხოვრება გაურთულა:

[შალვა თადუმაძის ხმა] „არის უამრავი შემთხვევა, როცა ერთჯერადი დახმარების სიიდან ამოიღეს ვეტერანები ამ ცვლილებების საფუძველზე, ანუ გარკვეული გაუგებრობა დააფიქსირა სახელმწიფომ ამ საკითხთან მიმართებაში. რაც შეეხება კანონის მე-14 მუხლს, რომელშიც ვეტერანთა სოციალურ დაცვაზეა საუბარი, ეს მუხლი მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, მუხლი 20-ზე მეტ შეღავათს ითვალისწინებდა, შემცირდა და მხოლოდ ოთხი შეღავათი დარჩა.“

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობაც აკრიტიკებს. მეტიც, ნუკრი ცაგარეიშვილი, დეპარტამენტის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ცვლილებები მისი უწყების მონაწილეობის გარეშე მომზადდა:

[ნუკრი ცაგარეიშვილის ხმა] „არ ვიცი, ეს მოხდა ჩვენი უწყების გვერდის ავლით. ერთი ზარი და შეტყობინებაც კი არ ყოფილა, რომ ამას აპირებდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ეს ცვლილებები და გადააგზავნა პარლამენტში და ასე მიიღეს მალულად.“

აქციის მონაწილე ვეტერანები კანონში შეტანილი ცვლილებების გამო პასუხს პარლამენტს სთხოვენ, თუმცა, როგორც 68 წლის ვეტერანი კობა აბრამიშვილი ამბობს, დეპუტატები და მთავრობის წევრები მათთან კონტაქტს გაურბიან:

[კობა აბრამიშვილის ხმა] „მარტო ის ხომ არ არის, რომ მემორიალთან მიიტანო გვირგვინი. ამას კომუნისტებიც აკეთებდნენ. ამ დაღუპულ მებრძოლებს დარჩათ შვილები, მოხუცი მშობლები, რომლებსაც დახმარება და ყურადღება აკლიათ. ხო უნდა მათ ყურადღება! მეც იმ დაფაზე უნდა ვიყო, 7 საათი მიწაში ვიყავი დამარხული... გარდაცვლილებს რამე ესმით? ცოცხალი ვარ, გადავრჩი და მომხედეთ!“
XS
SM
MD
LG