Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული თითქმის ყველა ქართული გაზეთი საუბრობს 27 იანვარს ღამით


დღეს გამოსული თითქმის ყველა ქართული გაზეთი საუბრობს 27 იანვარს ღამით ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობის ამბავზე. საუბარია გაერთიანებული ქართული ბანკის საგარეო

ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის სანდრო გირგვლიანის ბურუსით მოცულ მკვლელობაზე. დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით სამშაბათს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოფისში სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა და მკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული ვარაუდებიც გამოითქვა.

”მკვლელობა უკომენტაროდ/ სანდრო გირგვლიანის დედა პრეზიდენტს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს” - წერს პირველ გვერდზე დღევანდელი ”24 საათი”. სტატია იმ პიროვნებათა ნუსხით იწყება, რომლებსაც მოკლულის დედა ირინა ენუქიძე ეჭვმიტანილებად მიიჩნევს და რომელთა დაკითხვასაც ითხოვს. ესენი გახლავთ: შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია, მისი მეგობარი თათია მაისურაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ვასილ სანოძე, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და კანონიერების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათა ახალაია, ამავე სამინისტროს თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი და სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე.

”ჩემი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დავალებით მოკლეს” - სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძის ეს სიტყვები, რომელიც მან სამშაბათს პრესკონფერენციაზეც გაიმეორა, გაზეთმა ”რეზონანსმა” გამოქვეყნებული სტატიის სათაურად გამოიტანა. ”არ გავჩერდები, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენებ და ჩემი შვილის მკვლელებს აუცილებლად დავსჯი,” - ამბობს ის. ”რეზონანსი” ინტერესდება, დაიკითხნენ თუ არა პირები, რომლებსაც გირგვლიანის ოჯახი ეჭვმიტანილებად მიიჩნევს და შეკითხვით მიმართავს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს, რომელმაც მკვლელობის საქმე აღძრა. მთავარი სამმართველოს უფროსი მერაბ ბაღათურია თავიდან ზოგადი პასუხით შემოიფარგლება: ”დაკითხულია ძალიან ბევრი ხალხი. ვისი დაკითხვაც გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა, აბსოლუტურად ყველა დაკითხულია”. ”რეზონანსი” ცდილობს რესპონდენტს პასუხი დააკონკრეტებინოს, მოკლულის დედის მიერ დასახელებულ გვარებს იმეორებს და კიდევ ერთხელ სვამს შეკითხვას: დაიკითხნენ თუ არა ეს ადამიანები? ბაღათურია შეკითხვას ორი სიტყვით უპასუხებს: ”ყველა დაკითხულია”. თუმცა, როგორც ცნობილია, სანდრო გირგვლიანის ოჯახს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და, საერთოდ, საზოგადოების დიდ ნაწილს ამაში ეჭვი ეპარება.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომელზეც დღევანდელი ”რეზონანსი” ამახვილებს ყურადღებას, კახელ გლეხებს შეეხება. ”კახელები შიმშილის საფრთხის წინაშე დგანან” - წერს გაზეთი: ”გაძვირებული საწვავის გამო, კახელი გლეხები მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ. მათ რამდენჯერმე მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს და სთხოვეს - ლაგოდეხის საბაჟოზე აზერბაიჯანში ნაყიდი საწვავის კანონიერად განბაჟებაში დახმარებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. კახელები ამბობენ, რომ მთავრობა საწვავის გაიაფებას არ ცდილობს. დიზელი კი აზერბაიჯანიდან საქართველოში მხოლოდ ჩინოვნიკებს შემოაქვთ. რეგიონის მოსახლეობა შიმშილის საფრთხის წინაშე დგას.”

გაზეთი “ახალი თაობა” ბეჭდავს ინტერვიუს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან. ირკვევა, რომ ვაჟა ხაჭაპურიძეს ქართულ-ოსური ურთიერთობის სასიკეთო პერსპექტივაში ეჭვი შეეპარა და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, მისი თქმით, ქართულმა მხარემ არაფრად ჩააგდო და დღემდე უპასუხოდ დატოვა კოკოითის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG