Accessibility links

logo-print

გაერო: ვინ იქნება შემდეგი გენერალური მდივანი


გაეროს უშიშროების საბჭომ გაეროს მომავალი ლიდერის შესახებ კონსულტაციები დაიწყო. ამჟამინდელი გენერალური მდივნის, განელი კოფი ანანის ვადა მიმდინარე წლის ბოლოს იწურება.

ანანი გაეროს თითქმის მთელი ათწლეულის განმავლობაში მართავს და, ორგანიზაციის ქარტიის თანახმად, მას მესამე ვადით ვეღარ აირჩევენ. ვინ შეიძლება შეცვალოს კოფი ანანი?

გაეროში შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბოლტონის შეფასებით, ახალი გენერალური მდივნის არჩევა, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს, რომელსაც ორგანიზაცია 2006 წლის განმავლობაში მიიღებს.

თუმცა ბოლტონი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული პირების დასახელება ნაადრევია:

[ბოლტონის ხმა] ”მომავალი გენერალური მდივნის თაობაზე ზოგადი კონსულტაციები გვქონდა ხუთ მუდმივ წევრთან. ეს, უბრალოდ, მიმდინარე კონსულტაციების ერთ-ერთი საკითხი იყო. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ.”

გაეროს ქარტიის თანახმად, გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, გენერალური ასამბლეა ნიშნავს.

ამავე დროს, არსებობს ერთგვარი დაუწერელი შეთანხმება - გენერალური მდივანი არ შეიძლება იყოს ვეტოს უფლების მქონე, საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნიდან რომელიმეს მოქალაქე. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.

ეს არაოფიციალური კანონი არასოდეს დარღვეულა. გაეროს ზოგიერთი დიპლომატი კერძო საუბრებში სინანულს გამოთქვამს, რომ ამის გამო შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ალბათ, არ იქნება განხილული გაეროს მომავალი ლიდერის პოსტზე.

კოფი ანანის შესაძლო შემცვლელებად კერძო საუბრებში სხვა სახელები ისმის. მათ შორის არიან: პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი, ტაილანდის ვიცე- პრემიერი სურაკიარტ სატირატაი, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი ბან კი მუნი, გაეროს განიარაღების უწყების ყოფილი ხელმღვანელი, შრი ლანკელი ჯაიანთა დჰანაპალა და გენერალური ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტი, შვედი იან ელიასონი. თუმცა ამ უკანასკნელის წარმომადგენელი პრაგატი პასკალი აცხადებს, რომ ელიასონი ამჟამინდელი მოვალეობებით არის დაკავებული და, გავრცელებული ცნობების მიუხედავად, გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატურის წარდგენას არ აპირებს.

გაეროს 61 წლიანი ისტორიის მანძილზე კიდევ ერთი არაოფიციალური კანონი დამკვიდრდა - ის, რომ გენერალური მდივნები განსხვავებული გეოგრაფიული რეგიონებიდან უნდა იყვნენ. თუმცა ჯონ ბოლტონი აცხადებს, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესში გაერო, უწინარესად, კვალიფიკაციას მიაქცევს ყურადღებას და არა რეგიონულ წარმომავლობას.

მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონი გამუდმებით უარყოფს გენერალური მდივნის შერჩევაში გეოგრაფიული ფაქტორის ცვალებადობის მნიშვნელობას, გაეროში აზიური და აფრიკული სახელმწიფოების ბლოკი ჩამოყალიბდა, რომელიც მხარს აზიელ კანდიდატს დაუჭერს.

უკანასკნელი აზიელი გენერალური მდივანი, ბირმელი - ახლა უკვე მიანმარელი - უ-თანტი გაეროს 1962-დან 1971 წლამდე მართავდა.

გაეროში ჩინეთის წარმომადგენელი ვანგ გუანგუა აცხადებს, რომ ჩინეთი აზიელი კანდიდატურის დამტკიცებას ლობირებს და რომ ამას გაეროს წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი ეთანხმება:

[ვანგის ხმა] ”ჩვენ ღიად და მკაფიოდ ვუჭერთ მხარს აზიელ კანდიდატებს. ჩვენ ვთვლით, რომ აზიას, რომლის მოსახლეობა ორ მილიარდზე მეტია, ნამდვილად შეუძლია გაეროს შესაფერისი კანდიდატი შესთავაზოს.”

მომავალი გენერალური მდივნის შერჩევის პროცესი გენერალური ასამბლეის ივნისის სესიის შემდეგ გამძაფრდება და გაგრძელდება სექტემბერში, როდესაც ასამბლეა ახალი სესიის დასაწყებად შეიკრიბება.

ორგანიზაციის და საკუთარი მოვალეობების გასაცნობად ახალ გენერალურ მდივანს ორი-სამი თვე დასჭირდება. კოფი ანანის გამოკლებით, - იგი ამ პოსტზე მოსვლამდეც გაეროს სტრუქტურებში მუშაობდა, - ყველა უწინდელი მდივანი გარედან იყო მოსული.

გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ანდრეი დენისოვი ამბობს, რომ მოსკოვი მოლოდინს და მოვლენებზე დაკვირვებას არჩევს და რომ ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი:

[დენისოვის ხმა] ”ამ საკითხში ჩვენ არ გვაქვს კატეგორიული პოზიცია, რაიმე მტკიცე პრინციპი. ეს, უწინარესად, დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. აზიელ კანდიდატს რაც შეეხება, ეს მხოლოდ ტრადიციაა და მეტი არაფერი. ეს არ ნიშნავს, რომ ამას მკაცრად იცავენ. ყველაფერი განხილვით გადაწყდება.”

გაეროს არასოდეს ჰყოლია ქალი გენერალური მდივანი. ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაცია ”თანასწორობა ახლა” კამპანიას მართავს და მოითხოვს, რომ კოფი ანანის შემცვლელი ქალი იყოს.

18 ქალ კანდიდატს შორის, რომელსაც ”თანასწორობა ახლა” ასახელებს, არიან ლატვიის პრეზიდენტი ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, გაეროს ადამიანის უფლებების უზენაესი კომისარი ლუიზ არბური და ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი, ბირმელი ანგ სან სუ კი.
XS
SM
MD
LG