Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის მიმართ ყურადღებას ამძაფრებს


15 თებერვლის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის გამწვავებამ საერთაშორისო საზოგადოებრიობის - მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების -ყურადღება საქართველოში

არსებული კონფლიქტების მოგვარების მიმართ კიდევ უფრო გაამძაფრა. გუშინ გავრცელდა ევროკავშირის ”განცხადება საქართველოში, სამხრეთ ოსეთში, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ”. რამდენიმე წუთის წინ კი ბრიუსელში დაიწყო ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.

ვიდრე ბრიუსელში მიმდინარე სხდომაზე განსახილველ საკითხებს შევეხებოდე, ორიოდე სიტყვით ევროკავშირის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე გეტყვით. ეს განცხადება გახლავთ გამოხმაურება 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაზე. ევროკავშირი საჭიროდ მიიჩნევს იმის შეხსენებას, რომ ის მხარს უჭერს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს თავი შეიკავონ ცალმხრივი მოქმედებისგან, ერთად გამონახონ კონსტრუქციული გზა იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთში მშვიდობის შენარჩუნების ოპერაცია ეფექტიანი იყოს. ევროკავშირი გამოთქვამს სინანულს 20-21 თებერვალს ვენაში დაგეგმილი შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლის გამო და მოუწოდებს მხარეებს, რაც შეიძლება მალე განაახლონ დიალოგი.

21 თებერვლის განცხადებაში აგრეთვე წერია, რომ შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს ამ ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებისას მიღწეული შეთანხმებების შესრულების ხარისხით. უმთავრესად ამ შეთანხმებათა შორის ევროკავშირი კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას მიიჩნევს და გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას ნებისმიერ შესატყვის ფორუმში მონაწილეობით.

რაც შეეხება ევროპარლამენტში მიმდინარე სხდომას, განხილვის თემა გახლავთ: ”სტაბილურობისა და დემოკრატიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირის სამეზობლოში: რა როლი ეკისრება ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში?”. შეხვედრაზე შეფასდება ევროკავშირის ახლანდელი როლიც და განხილული იქნება მისი გააქტიურების გზებიც.

შეხვედრის დაწყებამდე გამოქვეყნდა რამდენიმე დოკუმენტი, მათ შორის, ერთ-ერთი მომხსენებლის მოსაზრება იმაზე, თუ რამდენად გამოსადეგია ე.წ. კოსოვოს მოდელი კავკასიის კოფნლიქტების მოსაგვარებლად. ავტორი გამოყოფს ოთხ გაკვეთილს და პრაქტიკულად ამ გზით ასაბუთებს კოსოვოს გამოცდილების უსარგებლობას სამხრეთ კავკასიისთვის. პირველი გაკვეთილი, უფრო ზუსტად კი, დასკვნა, რომელსაც მომხსენებელი აკეთებს, არის ის, რომ კოსოვოს გამოცდილება არ არის უნივერსალური. ის, პირიქით, მიუთითებს იმაზე, რომ სტატუსის საკითხი არ უნდა გადაწყდეს უნივერსალური პრინციპების მიხედვით, არამედ კონკრეტულ ვითარებაში - ამ ვითარების შესატყვისი საგანგებო კრიტერიუმების საფუძველზე. ამგვარი მიდგომა, ავტორის აზრით, ბევრ პრობლემას წარმოშობს სამხრეთ კავკასიაში. მეორე გაკვეთილი კოსოვოს გამოცდილებიდან გახლავთ ის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა შეძლეს სამხედრო ჩარევა სეპარატისტულ კრიზისში და შეძლეს რუსეთის პოზიციის უგულებელყოფა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად საერთაშორისო ძალის გამოყენების იდეა კოსოვოში ნატოს ძალების გამოყენების შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლებას გაუჩნდა, თუმცა მაშინდელი ხელისუფლება მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა იმას, რომ ამ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოებრიობამ სამხედრო ძალა სეპარატისტების სასარგებლოდ გამოიყენა. მესამე გაკვეთილი - კოსოვოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ გარე ძალები სეპარატისტულ კონფლიქტში ჩარევის შემთხვევაში იქცევიან რომელიმე მხარის იარაღად. ევროპელი ექსპერტის აზრით, ამ გაკვეთილის გაზიარებაც არ არის დადებითი შედეგის მომტანი. კოსოვოს გამოცდილებით მიღებული მეოთხე გაკვეთილიც, სამწუხაროდ, წინააღმდეგობრივი და ძნელად გასაზიარებელია: კოსოვოს შემთხვევის უნივერსალიზაციით რუსეთსაც და სხვა ქვეყნებსაც, გარკვეულწილად, ეძლევათ უფლება კონფლიქტის რომელიმე მხარეს მიემხრონ. ზოგადი შთაბეჭდილება კი ის გახლავთ, რომ კოსოვოს შემთხვევას ყველა მხარე - მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტიც - თავისი ინტერესების გასამართლებლად იყენებს.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც, თბილისის დროით, შუაღამემდე გაგრძელდება, ისაუბრებენ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებზე. ამ კონტექსტში უპრიანი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შეხსენებაც მსმენელისთვის. გუშინ რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს ბრიუსელში აჰტო ლობიაკასს საქართველოს ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა განუცხადა:

[სამადაშვილის ხმა]
”გვჯერა, რომ ევროკავშირს ბევრად უფრო აქტიურად შეუძლია ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში. ამის შესახებ ნათქვამი იყო საქართველოს მთავრობის მიერ ხავიერ სოლანასთვის გაგზავნილ წერილშიც. ჩვენ ევროკავშირს ვთხოვეთ ეფიქრა სამხრეთ კავკასიაში მისი საგანგებო წარმომადგენლის მანდატის გაფართოებაზე იმისათვის, რომ მან უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტების მოგვარების პროცესში”,

- განუცხადა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს. აქვე გეტყვით, რომ თებერვლის ბოლოდან ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში ახალი საგანგებო წარმომადგენელი, პიტერ სემნებუ, ეყოლება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG