Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროფკავშირების გაერთიანება საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შეახსენებს, რომ ბავშვები კომბოსტოებიდან არ იბადებიან


საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებული ახალგაზრდა ქალები შვილების ყოლის მოტივაციას კარგავენ.

შექმნილი რეალობის გაპროტესტების მიზნით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ პარლამენტის შენობის წინ საგანგებო აქცია მოაწყო. აქციაში ორსული ქალები და ბავშვებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სრულიად ჩვეულებრივი კომბოსტოებით ხელში იდგნენ. რატომ?

[თეონა კვიციანის ხმა]“ კომბოსტო, უბრალოდ, არის იმის სიმბოლო, რომ შევახსენოთ პარლამენტს და მთავრობას, რომ ბავშვები კომბოსტოებიდან არ ჩნდებიან და ქალს ორსულობის პირველი დღიდან და ბავშვის დაბადებამდე და შემდგომ პერიოდშიც სჭირდება სერიოზული მატერიალური სახსრები იმისათვის, რომ ნორმალური და ჯანმრთელი თაობა ჰყავდეს საქართველოს.“(სტილი დაცულია)

თეონა კვიციანს ორწლინახევრის შვილი ჰყავს და მეორე შვილსაც მალევე გააჩენდა, რომ არა გასული წლის 23 დეკემბერს მიღებული კანონი, რომლის 29–ე მუხლის ძალით გაუქმდა კანონი სავალდებულო სოციალური დაზღვევის შესახებ. სწორედ ეს კანონი არეგულირებდა დროებითი შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხებს. მას შემდეგ კი, რაც ამ საკითხების მარეგულირებელი ნორმა შრომის კოდექსიდანაც გაქრა, დროებითი შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონმა განსაზღვრა: დროებით შრომისუუნარობისას ანაზღაურების მაქსიმალური ზღვარი 115 ლარია, ხოლო დეკრეტული შვებულებისას - არა უმეტეს 600 ლარისა, ოთხი თვის მანძილზე.

[მაია წულაიას ხმა]“ ჩემი ხელფასის 10 პროცენტს მთავაზობენ, ფაქტიურად. 150 ლარი გამოდის თვეში. ჩემი ანაზღაურება 1500 ლარია. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ბევრს ვკარგავ და ბავშვის გაჩენის სურვილი ღმერთმა ნუ დაგვიკარგოს ქართველებს და მაინც გავაჩენთ, რა თქმა უნდა, და მაინც ვიყოლიებთ და მაინც გავმრავლდებით, მაგრამ, ალბათ, ძალიან ბევრი მაინც თავს შეიკავებს მეორე შვილის ყოლაზე.“(სტილი დაცულია)

მაია წულაია პირველი შვილის მოლოდინშია. მის მდგომარეობას დეკრეტული შვებულების ახალი წესის პირობებში ნაწილობრივ ამსუბუქებს ის გარემოება, რომ იგი ოჯახის მარჩენლად არ ითვლება და მისი ოჯახის წევრები ასევე დასაქმებულები არიან. გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის ორსულები, რომლებიც იძულებულნი იქნებიან, დეკრეტული შვებულებით არ ისარგებლონ სწორედ იმის გამო, რომ მათი ხელფასი საგრძნობლად აღემატება დეკრეტული შვებულებით გათვალისწინებულ, თუნდაც მაქსიმალურ, ზღვარს. აქამდე მოქმედი წესით, სახელმწიფო დეკრეტულ შვებულებას ხელფასის ადეკვატური თანხით ანაზღაურებდა.

[ნინო მიროტაძის ხმა]“ ყველა ფეხმძიმეს გათვლილი ჰქონდა დღესდღეობით მისი ხელფასიდან 4 თვის მანძილზე ეს ფული ჰქონოდა. დღეს მოხდება ისე, რომ დედა გავა დეკრეტულში, ალბათ, 9 თვის და გამოვა სამუშაოდ 2 კვირის მერე და ეს კუთვნილი რძე, ბავშვისთვის კუთვნილი რძე, მოუწევს გაიშროს და, შვილის მაგივრად, მიხედოს სამსახურს, იმიტომ რომ არავის არა აქვს იმდენი, რომ უხელფასოდ ბავშვი გაზარდოს.“(სტილი დაცულია)

პროფკავშირული მოძრაობის ერთ–ერთი აქტივისტი, ნინო მიროტაძე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე იმ იმედითა და მოთხოვნით მივიდა, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები უარს იტყვიან ორსული ქალების მადისკრიმინირებელ გადაწყვეტილებაზე და მუშაობას დაიწყებენ ახალ კანონპროექტზე - პროექტზე, რომელიც დეტალურად და, რაც მთავარია, საზოგადოებისთვის მისაღებად დაარეგულირებს დროებითი შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულებების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხებს. შრომის კოდექსის საბაზისო დოკუმენტის პროექტი, რომელზე სჯა–ბაასიც პარლამენტში გაზაფხულზე განახლდება, ასეთ მარეგულირებელ ნორმებს ჯერჯერობით არ ითვალისწინებს. როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკოთხთა კომიტეტში განგვიმარტეს, უახლოეს ხანში - კერძოდ, მარტის შუა რიცხვებში - კომიტეტი ამ საკითხებზე სამსჯელად საგანგებოდ მიიწვევს დარგის ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. თუმცა, მეორე მხრივ, ნათელია სახელმწიფო პოლიტიკაც: პარლამენტში ამბობენ, რომ მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ეკონომიკურად არც სახელმწიფოს უჭირს და არც მის თითოეულ წევრს, დეკრეტული შვებულების მაქსიმალური ზღვარი გაცილებით დაბალია, ვიდრე თუნდაც საშუალო ხელფასი.

საქართველოს პარლამენტის პოზიცია კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური უმრავლესობისთვის და არამარტო მათთვის. ისინი ახლა უკვე თავად უხსნიან პატარებს, რომ ბავშვები არც კომბოსტოებიდან ჩნდებიან და არც წეროებს მოჰყავთ. 22 თებერვალს გამართული აქციის ერთ–ერთი თავისებურება ისიც იყო, რომ 2–3 წლის ბავშვები საპროტესტო შეკრების აქტიური მონაწილენი იყვნენ.

[ირაკლი მძელურის ხმა]“ მე კომბოსტოსთან არ გავჩნდი. ელენემ, დედიკომ გამაჩინა.“(სტილი დაცულია)

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ დროებითი შრომისუუნარობისა და დეკრეტული შვებულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების საზოგადოებისათვის მისაღები ახალი ნორმების შემუშავების თხოვნით ამ ორიოდე დღის წინ წერილობით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.


XS
SM
MD
LG