Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, რენე ვან დერ ლინდენთან


რობერტ პარსონსი, პრაღა ამ დღეებში პრაღაში, სადაც ჩვენი რადიოს შტაბ-ბინა მდებარეობს, იმყოფება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რენე ვან დერ ლინდენი.

გარდა იმისა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის ლიდერებს ხვდება, ჰოლანდიელი პოლიტიკოსი მონაწილეობს საერთაშორისო სემინარში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბელორუსიაში შექმნილ არასახარბიელო ვითარებას ეძღვნება. ამასთან დაკავშირებით ვან დერ ლინდენს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა რობერტ პარსონსმა, რომელმაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს საუბრის დასასრულს საქართველოზეც ჩამოუგდო სიტყვა. კერძოდ, მან რესპონდენტს ჰკითხა, რამდენად დასაშვებია, ევროპის საბჭოს წევრი ერთი ქვეყანა მეორე წევრის მიმართ ისეთ ნაბიჯს დგამდეს, როგორიც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტით გადადგა.

[რენე ვან დერ ლინდენის ხმა]: ”ძალიან ვწუხვარ, რომ განმუხტვის ნაცვლად, დაძაბულობა იზრდება. აუცილებელია ევროპაში, ევროსაბჭოს ტერიტორიაზე არსებული ე.წ. "გაყინული" კონფლიქტები მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს. ამაში ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა - საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით. პარლამენტის წევრებისთვის ბევრად იოლია გამოსავლის პოვნა, რადგან მათ მთავრობის პოზიცია არ ზღუდავს და ისინი წარმოადგენენ არა მარტო მმართველ პარტიებს, არამედ ოპოზიციასაც. წარსულში ჩვენ უკვე დავამტკიცეთ, რომ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეგვიძლია მშვიდობიანი გამოსავლისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად. საკუთრივ გამოსავლის პოვნისთვის ჩვენ არც საკმარისი უფლებამოსილება და არც ფინანსები გაგვაჩნია. მაგრამ შესაფერისი კლიმატის, შესაფერისი გარემოს შექმნით დადებითი როლის შესრულება შეგვიძლია. იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთიც დადებით როლს შეასრულებს და საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენებს, რომ "გაყინული კონფლიქტების" გალღვობა ხელეწიფება".

ჩვენი კორესპონდენტი რობერტ პარსონსი რენე ვან დერ ლინდენის ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა და მან თავისი შეკითხვა გაიმეორა: როგორ ფიქრობთ, მისაღებია თუ არა, ევროსაბჭოს წევრი ერთი ქვეყანა მეორის მიმართ ისე იქცეოდეს, როგორც რუსეთი საქართველოს მიმართ იქცევაო. პასუხი ასეთი იყო:

[რენე ვან დერ ლინდენის ხმა]: "მე ვთქვი, ძალიან ვწუხვარ-მეთქი. და ეს ფრაზა ნათლად აჩვენებს, რომ არ მომწონს, როცა ერთი ევროპული ორგანიზაციის წევრებს შორის მსგავსი ქმედებები ხორციელდება".
XS
SM
MD
LG