Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის კომიტეტები ლუსტრაციის კანონპროექტის განხილვას შეუდგნენ


ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლობის რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ კანონპროექტის განხილვამ

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაცხოველებული კამათი გამოიწვია. ამის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი თავად საბჭოთა აგენტურის ლუსტრაციის საკითხის აქტუალობა იყო, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ის, რომ კანონპროექტი განხილვაზე ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის სახით გავიდა. პროექტის ავტორი ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტია“. ფრაქციის წევრებს უჭირთ იმის პროგნოზირება, ჩააგდებს თუ არა უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე მათ კანონპროექტს.

ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ მიერ მომზადებულ ლუსტრაციის კანონპროექტს მომხრეები უმრავლესობის რიგებშიც ჰყავს. მართალია, ჯერჯერობით ძნელია მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თანაფარდობის განსაზღვრა, მაგრამ ოპოზიციას უკვე აქვს ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იმის სავარაუდოდ, რა ბედი შეიძლება ეწიოს მათ მიერ ინიცირებულ დოკუმენტს:

[თემურ ნერგაძის ხმა] "დღეს გავიგე, რომ თურმე მთავრობას მიუღია გადაწყვეტილება, რომ ეს კანონი არ ამუშავდეს. უარყოფითი დასკვნა მისცა მთავრობამ. ანუ მთავრობამ მისცა დადებითი დასკვნა იმას, რომ მათ რიგებში იყვნენ კგბ–ს თანამშრომლები. ნუ, ასე ჩანს. და თუ უნდათ იმათ კაგებეშნიკები ჰყავდეთ, ჩვენ არ გვინდა და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ არ ჰყავდეთ."

ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრი თემურ ნერგაძე დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ ეს არის კანონპროექტი, რომელსაც უპირველესად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოსაზრებას დეკლარირებულად არც უმრავლესობის წევრები ეწინააღმდეგებიან, თუმცა მათთვის მაინც გაუგებარია, რატომ გახდა ყოფილი საბჭოთა სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების ლუსტრაცია აქტუალური სწორედ ახლა და სწორედ ამ ფორმით. კანონპროექტის თანახმად, სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებისა და გამოაშკარავებული აგენტების ანონიმურობა არსებითად დაცულია და მათი ვინაობა საჯარო, ძირითადად, იმ შემთხვევაში ხდება, თუ ეს ადამიანები კანონის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში არ გადადგებიან მაღალი სახელმწიფო პოსტებიდან. სხვა შემთხვევაში, სპეციალური კომისია მათ ვინაობას მხოლოდ ერთადერთ გარემოებაში გაამხელს – თუ ყოფილი საბჭოთა სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლები წარმომადგენლობით ორგანოებში არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადებენ პრეტენზიას. კანონპროექტით, თანამდებობრივი შეზღუდვები ეხება ისეთ თანამდებობებს, როგორებიცაა: აღმასრულებელი ორგანოები, ამ ორგანოების მიერ არჩეული, დამტკიცებული და დანიშნული საჯარო პოსტები, საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის აპარატისა და მთავრობის კანცელარიის საჯარო მოსამსახურეები, საკონსტიტუციო, უზენაესი და საერთო სასამართლოს მოსამართლეები და ასე შემდეგ. ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, კანონპროექტის ოპონენტების სკეპსისი კი - კონკრეტული:

[ნიკა გვარამიას ხმა] "მთავარი კრიტერიუმი, რომელიც ამ კანონის მიღების დროს უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის ის, განხორციელებადია თუ არა კანონი. თუ ჩვენ არა გვაქვს ბაზა, რომელიც აგენტების დაზუსტებული და უტყუარი სიის გამოქვეყნების საშუალებას მოგვცემს, მაშინ ამ კანონის მიღებას აზრი არა აქვს. ამიტომ მთავრობის აზრი უნდა მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად."

დეპუტატ ნიკა გვარამიას მოსაზრება ყოფილი საბჭოთა აგენტებისა და სპეცსამსახურების თანამშრომელთა შესახებ არსებული არქივის თემას შეეხება. არსებული ინფორმაციით, არქივის ერთი ნაწილი განადგურებულია, მეორე ნაწილი ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ხელშია გადასული, ნაწილი მოსკოვშია, ნაწილი მინსკში და ასე შემდეგ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აგენტთა ლუსტრაცია მაშინაც კი გამართლებულია, თუ დოკუმენტაცია არასრულია. ეს შედარებით რადიკალური პოზიციაა. არსებობს მეორე პოზიციაც:

[გია თორთლაძის ხმა] "უშიშროების სამინისტროში დევს სიები, სიები და არა საქმეები. საქმეები გატანილია. არის ასეთი სიები. კანონის მიღების წინ ჩვენ რომ მივმართოთ ეხლა უშიშროებას, არ ვიცი მე ეხლა, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ჯერ ერთი, მარტო აგენტებზე არ არის აქ საუბარი. კაგებეს ოფიცრებზე, რომლებიც არიან პოლკოვნიკები და ზემოთ, ის პარტიული ნომეკლატურა. თუნდაც ვერც ერთი აგენტი ვერ ვიპოვოთ ჩვენ, და ვიპოვით მე დარწმუნებული ვარ იმ აგენტებს, მაინც ამას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. და აქვს კიდევ მორალური მნიშვნელობა." (სტილი დაცულია)

ყოფილი საბჭოთა სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომელთა რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრმა გია თორთლაძემ წარადგინა. იგი მიიჩნევს, რომ, თუ საპარლამენტო კომიტეტები ლუსტრაციის კანონის პრინციპული საჭიროებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებზე შეთანხმდებიან, კანონპროექტის ჩასწორება პლენარულ სხდომაზე მოსმენებისასაც შესაძლებელია. ოპოზიცია შენიშვნების გასაზიარებლად სრულ გახსნილობას აცხადებს, იურიდიულმა კომიტეტმა კი დაასკვნა, რომ კანონპროექტი სამართლებრივად მოუმზადებელია და მისი განხორციელების მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს.
XS
SM
MD
LG