Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეწყდა შიმშილობის აქცია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში?


22 თებერვალს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა შიმშილობის აქცია შეწყდა. ისინი ქარხნის ხელმძღვანელობიდან

ავსტრიის კომპანია ”დეკომეტალის” წარმომადგენლის გიგა ბედინეიშვილის ჩამოშორებას მოითხოვდნენ. ბედინეიშვილმა რამდენიმე დღით ადრე, პოლიციის დახმარებით, სააქციო საზოგადოება ”ფეროს” გენერალური დირექტორის კაბინეტი დაიკავა. ამჟამად რა ხდება ფეროშენადნობთა ქარხანაში და რატომ შეწყვიტეს შიმშილობა ზესტაფონელმა მეტალურგებმა?

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სააქციო საზოგადოება ”ფეროს” 7 თანამშრომლის შიმშილობის აქცია 6 დღე გრძელდებოდა და მას შემდეგ შეწყდა, რაც ქარხნის მმართველი ბრიტანული კომპანია ”სტემკორი” გახდა. “სტემკორის” წარმომადგენლები ზესტაფონელ მეტალურგებს შეხვედრას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდნენ. აქციის დასრულების სხვა მიზეზებზე ერთ-ერთი მოშიმშილე, გრიგოლ ბრეგვაძე, გვესაუბრება:

[გრიგოლ ბრეგვაძის ხმა] ”ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რომ ქარხანაში თავისი ქმედებები შეეწყვიტა თვითმარქვია გიგა ბედინეიშვილს, დაკმაყოფილდა და ის ქარხანაში აღარ დაბრუნდება, როგორც რაიმეს მმართველი.”

გიგა ბედინეიშვილი ბოლო დრომდე ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელი ”სელრომექს ჰოლდინგის” აქციების 27 პროცენტის მესაკუთრე კომპანიის, ”დეკომეტალის”, წარმომადგენელი იყო, მანამდე კი პრეზიდენტ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩევლის პოსტი ეკავა. იგი ”სელრომექს ჰოლდინგის” ერთ-ერთი მსხვილი მეწილის, საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი ილია კოკაიას, წინააღმდეგ გამოდიოდა.

[გიგა ბედინეიშვილის ხმა] ”დაწყებული 2003 წლის ბოლოდან, ილია კოკაია და მისი ნათესავები მიზანმიმართულად აკოტრებენ ზესტაფონის “ფეროს.”

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები და საწარმოში შექმნილ რთულ ვითარებას გიგა ბედინეიშვილს აბრალებენ. გრიგოლ ბრეგვაძეს მოვუსმინოთ:

[გრიგოლ ბრეგვაძის ხმა] ”ბედინეიშვილის წინააღმდეგ ვიყავით იმის გამო, რომ ის არ წარმოადგენდა იმ პიროვნებას, რადაც თავს ასაღებდა და, გარდა ამისა, ყველა ის გადასახადები თუ დარიცხვები, რაც სააქციო საზოგადოება “ფეროს” დაეკისრა ბოლო პერიოდში, მოხდა იმ დროს, როდესაც “ფეროს” განკარგავდა “დეკომეტალი”, რომლის წარმომადგენლადაც ასაღებდა თავს გიგა ბედინეიშვილი.”

გამართლდება თუ არა ამ მეტალურგის იმედები, ძნელი სათქმელია, რადგან ”დეკომეტალი” კვლავ ინარჩუნებს ”სელრომექს ჰოლდინგის” აქციების 27 პროცენტს, ხოლო ”სტემკორმა” აქციების 73 პროცენტი შეიძინა, რომელიც მანამდე კოკაიას ეკუთვნოდა.

ბრიტანეთის კომპანიამ ”სტემკორმა” სააქციო საზოგადოება ”ფეროს” აქციების სამართავ პაკეტში 33 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა და უკვე ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც დანიშნა. “ფეროს” ადვოკატი გიგა კვერენჩხილაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს არ შეუშლის ”სტემკორის” საქმიანობას:

[გიგა კვერენჩხილაძის ხმა] ”სიტუაცია როგორი იქნება და რა იქნება, ჩემთვის უცნობია. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა კანონს არ გადააბიჯებს და “სტემკორს” მისცემს მუშაობის საშუალებას.”

ბოლო დრომდე ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღებულია, გაუცემელი იყო 3000-მდე თანამშრომლის 2 თვის ხელფასები და, ნედლეულის უქონლობის გამო, ქარხანა გაჩერების საშიშროების წინაშე იმყოფება.
XS
SM
MD
LG