Accessibility links

logo-print

მორიგ ბიზნესფორუმს საქართველოს მთავრობა ნიუ-იორკში გამართავს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა ემზადება მორიგი ბიზნესფორუმისათვის, რომელიც 2 მარტს ნიუ-იორკში დაიწყება

და რომელზეც აქცენტი, ძირითადად, მსხვილი საპრივატიზებო ობიექტების პრეზენტაციაზე გაკეთდება. ნიუ-იორკის საინვესტიციო ფორუმამდე საქართველოს მთავრობამ ანალოგიური მასშტაბური პრეზენტაციები ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში გამართა. რა შედეგი მოიტანა წინა ბიზნესფორუმებმა და რას ელოდება ხელისუფლება ნიუ-იორკის საინვესტიციო კონფერენციიდან?

ლონდონში, რომში, ტოკიოსა და სტამბულში გამართული ბიზნესფორუმების შემდეგ მორიგ "Invest in Georgia"-ს 2 მარტს ნიუ-იორკი უმასპინძლებს. ამ მასშტაბურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც მსოფლიო ბიზნესსაზოგადოების საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაში დარწმუნება გახლდათ, სათავე ორი წლის წინ ჩაეყარა. პირველ ამგვარ კონფერენციას კი ლონდონმა 2004 წლის 11 ნოემბერს უმასპინძლა.

ნიუ-იორკის ბიზნესფორუმისათვის მზადება საქართველოს მთავრობამ დიდი ხნით ადრე დაიწყო. წელს დაგეგმილი მსხვილი საპრივატიზებო ობიექტების საერთაშორისო საზოგადოებისათვის პრეზენტაცია თებერვლის დასაწყისში სტამბულში გამართულ საქართველო-თურქეთის ბიზნესკონფერენციაზე შედგა. ანუ ერთგვარი ”მოთელვა” მთავრობამ უკვე ჩაატარა. ”Invest in Georgia”-სათვის ძალების მობილიზებისაკენ პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მთავრობის უკანასკნელ სხდომაზე მინისტრებსაც მოუწოდა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ კონცენტრაციას ნიუ-იორკის საინვესტიციო კონფერენციისთვის - ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენციისთვის, სადაც წარდგენილი იქნება ჩვენი საპრივატიზაციო ობიექტები 3 მიმართულებით - ეს არის ჩვენი ენერგოსექტორი, ჩვენი სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სექტორები.”

ამ შემთხვევაში საუბარია რამდენიმე ენერგოობიექტის, „გაერთიანებული ტელეკომისა“ (ყოფილი საქელექტროკავშირი) და ბათუმის პორტის (49 წლიანი საიჯარო ვადით გაიცემა) პრეზენტაციაზე. ფორუმის მუშაობაში, პრემიერ-მინისტრის გარდა, ეკონომიკური განვითარების მინისტრი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ”Invest in Georgia” საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ამერიკულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თანადგომით გაიმართება.

ნიუ-იორკის ბიზნესფორუმის, ისევე როგორც სხვა წინა კონფერენციების ძირითადი მიზანი ამერიკული და კანადური საქმიანი წრეებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაცნობა და, როგორც შედეგი, ინვესტიციების მოზიდვაა. კონფერენციაზე, როგორც წესი, საუბარია საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და ფისკალურ კანონმდებლობაზე. ხელისუფლება, ტრადიციულად, ცდილობს დაარწმუნოს ინვესტორები, რომ საქართველოში კაპიტალის დაბანდების საუკეთესო პირობებია შექმნილი. მსგავსი კონფერენციები, ბუნებრივია, იპყრობს ბიზნესმენთა ყურადღებას. თუმცა კაპიტალს, მით უმეტეს, მსხვილ კაპიტალს, როგორც წესი, სიფრთხილე ახასიათებს. შესაბამისად, მხოლოდ მოწოდებები და თუნდაც ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირების დაპირებები ინვესტიციების მოსაზიდად საკმარისი არაა. ამაში წინა ფორუმების შედეგებითაც ვრწმუნდებით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისადმი საქმიანი წრეების და გავლენიანი მედიის ინტერესის გასაღვივებლად მსგავსი ღონისძიებები, უდავოდ, ეფექტური საშუალებაა, კაპიტალდაბანდებების მოცულობა ხელისუფლების პირად გარანტიებზე მეტად, ძირითადად, მაინც საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ გარანტიებზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG