Accessibility links

logo-print

როგორ ასრულებს საქართველო ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმას?


კონფერენცია, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს უმასპინძლა, მიეძღვნა ერთადერთ საკითხს

- საქართველოს ურთიერთობას ნატოსთან. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა მიწვეულ სტუმრებს -ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს, სამხედრო ატაშეებსა და უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტებს - მიაწოდეს ინფორმაცია ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, IPAP-ის შესრულების შესახებ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ პროგრამა ზედმიწევნით კარგად სრულდება, რაშიც სულ მალე ასევე დარწმუნდებიან ნატოს ექსპერტები, რომლებიც თბილისს ოფიციალური ვიზიტით მარტში ეწვევიან. რას ემყარება საქართველოს მთავრობის ოპტიმიზმი და რას ფიქრობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უცხოელი დიპლომატები?

საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. 2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველომ მიიღო ალიანსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა, ეგრეთ წოდებული IPAP-ი, რომლის წარმატებით შესრულების შემდეგ, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, ამოქმედდება ნატოში გაწევრიანების რეალური პროგრამა. თუმცა მანამდე მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ნატოს ექსპერტები, რომ საქართველო IPAP-ის შესრულების პროცესში თვისებრივად ახალ სახელმწიფოდ იქცა:

[დავით ბაქრაძის ხმა] „დემოკრატია არის აბსოლუტურად აუცილებელი პირობა ალიანსში გასაწევრიანებლად. გარდა ამისა, ქვეყანაში უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკა, კორუფციას უნდა ებრძოდნენ, უნდა არსებობდნენ ძირითადი ძლიერი ინსტიტუტები და უნდა იყოს შესაბამისი სამართლებრივი სივრცე - ეს არის ის ზოგადი პრინციპები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რათა ქვეყანამ განაცხადი გააკეთოს ნატოში გაწევრიანებისთვის და ყოველივე ამის ფონზე ფასდება ქვეყნის სამხედრო ძალების მდგომარეობა.“ (სტილი დაცულია)

სამხედრო ძალების მდგომარეობაზე კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მიაწოდა. ნიკა რურუას თქმით, ნატოს დელეგაციას, რომელიც თბილსს მარტში ეწვევა, თავდაცვის სამინისტრო მომზადებული დახვდება:

[ნიკა რურუას ხმა] „მიღებულია მთელი რიგი კონცეპტუალური დოკუმენტები, რომლებიც ნაგულისხმები იყო IPAP-ში, როგორც ვალდებულება. ასევ მიმდინარეობს ჯარის რეორგანიზაცია, მიმდინარეობს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, ეგრეთ წოდებული SDR-ი, და სხვა მრავალი რეფორმა, რომელიც ამ წუთას განხორციელების პროცესშია, ნაგულისხმები და გაწერილია IPAP-ში და ყველაფერს თავდაცვის უწყება ნაბიჯ-ნაბიჯ და წარმატებით ასრულებს.“

ნიკა რურუას თქმით, IPAP-ის შესრულებით საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს. უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიღების იმედი? ამ კითხვას ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ასე უპასუხებს:

[ჯონ ტეფტის ხმა] „საქართველოს აქვს ისეთივე შანსი, როგორც ნატოს წევრობის ნებისმიერ სხვა პრეტენდენტს. არც ერთ ქვეყანას არ ეკრძალება ნატოს წევრობა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის წევრობაზე ალიანსის ყველა წევრმა უნდა მიიღოს. ნატოში ინტეგრაციისთვის თქვენ უნდა შეასრულოთ IPAP-ისა და MAP-ის ყველა მოთხოვნა, რასაც დიდი შრომა სჭირდება. თუმცა საქართველო თავდაუზოგავად იღვწის. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს დასახული ამოცანების შესრულებაში.“

ჯონ ტეფტმა ახსენა MAP-ი, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომელიც 1999 წელს ვაშინგტონის სამიტზე მომზადდა და რომლის შესრულება ალიანსში მიღების საკმარისი პირობაა. გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დარწმუნებულია, რომ IPAP -ის წარმატებით დაძლევის შემდეგ საქართველო აუცილებლად მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას:

[გიორგი ბარამიძის ხმა] „ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, რაც არის იმის საფუძველი, რომ იმედი ვიქონიოთ, რომ მარტში ჩამოსული ნატოს ექსპერტები დადებითად შეაფასებენ ჩვენ მიერ IPAP-ის შესრულებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რათა ამ წლის ბოლომდე მივიღოთ MAP-ი, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.“

ცნობისათვის: ამჟამად გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიღებული აქვს სამ ქვეყანას: ალბანეთს, ხორვატიასა და მაკედონიას. ოფიციალური თბილისი იმედოვნებს, რომ ეს სია უახლოეს ერთ წელიწადში შეიცვლება.
XS
SM
MD
LG