Accessibility links

logo-print

ევროპა ბელორუსიაში დემოკრატიზაციას უჭერს მხარს


23 თებერვალს ბელორუსიის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები პრაღაში შეიკრიბნენ და მარტში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრეს.

შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ იყო ორგანიზებული. რის გაკეთება შეუძლიათ მეზობელ ქვეყნებს ბელორუსის დასახმარებლად - ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი თემა, რომელიც შეხვედრაზე განიხილეს.

23 თებერვალს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის პოლიტიკოსებმა - მათ შორის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა - კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ბელორუსიის დემოკრატიულ ოპოზიციას უჭერენ მხარს.

ჩეხეთის საგაერო საქმეთა მინისტრის კირილ სვობოდას თქმით, შეხვედრაზე ბელორუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაპატიჟეს, მაგრამ ისინი დაპატიჟებას არ გამოხმაურებიან. სვობოდას მინიშნებით, ჩეხეთსა და ბელორუსიას შორის ურთიერთობა საკმაოდ გართულებულია და ბელორუსიის ოფიციალური პირები თავიანთ ქვეყანაში ჩეხეთის დისკრედიტაციას ახდენენ:

[სვობოდას ხმა] ”მინსკში ჩეხეთის წინააღმდეგ საკმაოდ მძლავრი კამპანია ტარდება. კამპანია საკვირაო ტელეგადაცემებსა და პრესაში რეგულარულად მიმდინარეობს. ჩეხ დიპლომატებს ბელორუსიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.”

სვობოდას აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჩეხეთი ბელორუსიაში დემოკრატიზაციას უჭერს მხარს. ბელორუსიის რეჟიმი მინსკში ჩეხეთის საელჩოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ბეჭდვითი მასალის დარიგებაში ადანაშაულებს. სვობოდას თქმით, ეს ბეჭდვითი მასალა სინამდვილეში გაეროს რეზოლუცია იყო ბელორუსიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესახებ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რენე ვან დერ ლინდენის განცხადებით, 23 თებერვალს გამართული შეხვედრა ბელორუსი ხალხის დახმარებას ისახავდა მიზნად. ვან დერ ლინდენის აზრით, ევროპამ კიდევ უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი ბელორუსიის ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს:

[ლინდენის ხმა] ”მე ცალსახად ვხედავ, რომ იზოლაციის პოლიტიკა არ ამართლებს. იზოლირება საბოლოოდ ჩიხში შევა. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან უნდა ვითანამშრომლოთ - ეუთოსთან, მაგალითად - და ბელორუსიაში სამოქალაქო საზოგადოების, მოქალაქეების და დემოკრატიული ძალების მხარდაჭერისთვის ახალი სტრატეგია შევიმუშაოთ.”

26 თებერვლიდან ბელორუსიაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტელე და რადიოგადაცემები გავა. ეს მედიაპროექტი ორი მილიონი ევროთია დაფინანსებული და ორი წლის მანძილზე გასტანს. პროექტში რუსი, გერმანელი, პოლონელი, ლიტველი და ბელორუსი პარტნიორები იღებენ მონაწილეობას.

რენე ვან დერ ლინდენის თქმით, საპარლამენტო ასამბლეას იმედი აქვს, რომ 19 მარტის არჩევნები, სხვა თუ არაფერი, ცვლილებების მოსურნე ბელორუს ხალხს უკეთესი მომავლის იმედს მაინც გაუჩენს.

ბელორუსიის სახალხო ფრონტის პარტიის ხელმძღვანელი ვინსუკ ვიაჩორკა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო, რომელიც 23 თებერვალს პრაღაში შემდგარ შეხვედრაში მონაწილეობდა. ვიაჩორკას პარტია ოპოზიციის ერთიან კანდიდატს, ალექსანდრ მილინკევიჩს, უჭერს მხარს.

შეხვედრის მონაწილეებს ვიაჩორკამ შემდეგი სიტყვებით მიმართა:

[ვიაჩორკას ხმა] ”ჩვენ ევროპული ერი ვართ და ევროპის კულტურულ და სამოქალაქო სივრცეს ვეკუთვნით. მოხარულები ვართ, რომ ამას კონფერენციაზეც გაესვა ხაზი. ის, რაც ახლა ჩემს ქვეყანაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან. ჩვენ ევროპელი მეზობლებისა და ძმებისგან მხარდაჭერა გვჭირდება.”
XS
SM
MD
LG