Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში კონფესიებს შორის ძალადობრივი კონფლიქტის საშიშროებამ კომენდანტის საათის დაწესება გამოიწვია


22 თებერვალს შიიტების მთავარი სალოცავის აფეთქების გამო შიიტებსა და სუნიტებს შორის ძალადობრივი კონფლიქტის დაწყების საშიშროებამ

ერაყის მთავრობა აიძულა, ბაღდადში დღის საათებში კომენდანტის საათი დაეწესებინა. ექსპერტების და პოლიტიკოსების აზრით, სალოცავის აფეთქებამ ძლიერი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

ერაყის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ბაღდადში მოქმედი კომენდანტის საათი. ის უკვე ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათიდან იწყება. ამის მიზეზი მუსულმანთა ლოცვის დღეს შესაძლო ძალადობის თავიდან აცილების სურვილია.

რადიო “თავისუფალი ერაყის” ბაღდადის ბიუროს დირექტორის მოაიედ ალ ჰაიდარის თქმით, კომენდანტის საათი არ ნიშნავს, რომ ადამიანები ქუჩაში არ დადიან. თუმცა ბაღდადში გადაადგილება შეზღუდულია და ქუჩებში პოლიცია და ჯარი დგას:

[ალ-ჰაიდარის ხმა] ”ბაღდადში დღეს არსებული სიტუაცია არ შეესაბამება ნორმალურ ვითარებას. პირადად მე სამსახურამდე მისვლა ვერ მოვახერხე. ქუჩებში გამშვები პუნქტებია აღმართული და ბევრი ჯარისკაცი და პოლიციელი დგას. თუმცა, ამავე დროს, მოქალაქეები დღეს უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს - ზოგიერთ ვიწრო ქუჩაზე ბავშვები ფეხბურთსაც თამაშობენ. ხალხს უხარია, რომ ქუჩები, ჩვეულებისამებრ, მანქანებით გადატვირთული არ არის.”

მთავრობის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ კომენდანტის საათის მოქმედების გაზრდით პარასკევის ლოცვაზე მეჩეთებში მიმავალი ხალხის რაოდენობა შემცირდება. ამან კი, შესაძლოა, თავდასხმების ალბათობაც შეამციროს.

მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს ქალაქ სამარაში მთავარი შიიტური სალოცავი ააფეთქეს, 24 თებერვალს პირველი პარასკევის ლოცვა იმართება. სამარის სალოცავი ერაყში შიიტების ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთი იყო და მისმა დაზიანებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ახალი ტალღა გამოიწვია.

ამ ეტაპზე დაღუპულთა რაოდენობა 130-ს აჭარბებს. მათ შორის არიან როგორც შიიტების, ისე სუნიტების წარმომადგენლები. განხორციელდა რამდენიმე თავდასხმა სუნიტურ მეჩეთებზეც.

ძალადობამ ძლიერი პოლიტიკური კრიზისიც გამოიწვია. მთავარმა სუნიტურმა ბლოკმა შეწყვიტა მთავრობის ფორმირების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაში მონაწილეობა.

ანალიტიკოსების აზრით, მოლაპარაკების შეწყვეტა დროებითი მოვლენაა. მაგრამ ის ნათლად აჩვენებს, რამდენად სუსტია ერაყის პოლიტიკური სისტემა და როგორ ადვილად შეუძლიათ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს მისთვის საბოტაჟის მოწყობა.

ჯერჯერობით დაუდგენელია, ვინ განახორციელა თავდასხმა სამარის მეჩეთზე. თუმცა ერაყი და შეერთებული შტატები ამაში ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ადანაშაულებენ.

ამანში მოქმედი საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის რეგიონული ექსპერტი იოსტ ჰილტერმანი ერაყში არსებულ ვითარებას ასე აღწერს:

[ჰილტერმანის ხმა] ”სამარაში შიიტურ სალოცავზე განხორციელებულმა თავდასხმამ სუნიტების წინააღმდეგ ახალი ტალღის აგორება გამოიწვია. ეს ერაყელი სუნიტების ფსიქიკაში საკმაოდ ღრმად გამჯდარი თემაა - ისინი ფიქრობენ, რომ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ შექმნილი ახალი წყობა მათ წინააღმდეგ არის მიმართული. უკანასკნელი თვეების განმავლობაში ისინი საკონსტიტუციო და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაზე დაითანხმეს. მაგრამ როდესაც ხედავენ, რომ მათ, როგორც სუნიტ არაბებს, ნეგატიურად ექცევიან, ისინი კვლავ განცალკევებას ამჯობინებენ.”

ჰილტერმანის თქმით, განცალკევების სურვილი, რაც შიიტებს შორისაც შეინიშნება, მეამბოხეებს ერთიანი ეროვნული მთავრობის შექმნაზე ვეტოს დადების საშუალებას აძლევს. არადა, ექსპერტები სწორედ ასეთი მთავრობის ფორმირებას მიიჩნევენ ერთადერთ გზად, რომელიც ერაყში შექმნილ რთულ ვითარებას გადაჭრის:

[ჰილტერმანის ხმა] ”მეამბოხეებმა პოლიტიკურ პროცესზე, გარკვეულწილად, ვეტოს დადების ძალა მოიპოვეს. ამას ძალადობის ღილაკზე ხელის დაჭერით მიაღწიეს, რომელიც შიიტებს სამაგიეროს გადახდისკენ მოუწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი სულიერი ლიდერები თავდაჭერას ქადაგებენ. ეს სუნიტ პოლიტიკოსებს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათ თავიანთი რადიკალური ამომრჩევლის თვალში სუსტებად გამოჩენა არ სურთ და ამიტომ პოლიტიკურ პროცესს უნდა გამოეთიშონ და ამით შიიტები აიძულონ, კიდევ უფრო მეტ კომპრომისზე წავიდნენ.”

ჰილტერმანი შიშობს, რომ არსებულ სიტუაციაში ერაყში სამოქალაქო ომის დაწყების რეალური საფრთხე იქმნება.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG