Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის დეპარტამენტი ”ფორბსს” მიკერძოებაში ადანაშაულებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა გასულ კვირას ფრინველის გრიპს ებრძოდა, ნიუ-იორკში დაგეგმილი მორიგი ბიზნესფორუმისათვის ემზადებოდა და ფისკალური წესრიგის გასამკაცრებლად სალარო აპარატების

დანერგვის აუცილებლობას უმტკიცებდა წვრილ მოვაჭრეებს.

მაშინ, როდესაც ნიუ-იორკში მასშტაბური კონფერენცია Invest in Georgia უნდა გაიმართოს, რომლის მეშვეობითაც ხელისუფლება საქართველოს მიმართ ამერიკული საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეეცდება, ამერიკული პოპულარული გამოცემა ”ფორბსი” საქართველოს ტურიზმისათვის სახიფათო ქვეყნის სტატუსს ანიჭებს. ”ფორბსის” მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულმა რეიტინგმა მთავრობა სერიოზულად გააღიზიანა. მაშინ როდესაც საქართველოში უცხოეთიდან შემოსული სტუმრების რაოდენობა გასულ წელს გაორმაგდა და ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში გარკვეული ინვესტიციები ჩაიდო, მთავრობამ ამერიკული გამოცემის მიერ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიკერძოებულად მიიჩნია, მით უმეტეს, როდესაც ”ფორბსის” გასული წლის რეიტინგში საქართველო არ იყო მოხვედრილი. ტურიზმის დეპარტამენტს ამ ინფორმაციის გასაქარწყლებლად მიმდინარე კვირის ბოლოს დიპლომატიური კორპუსისა და მედიის შეკრება და განმარტებების მიცემა მოუხდა.

საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის საბა კიკნაძის აზრით, მაშინ როდესაც საქართველო საინფორმაციო ომების მოგებას იწყებს, ბევრია დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა არ განვითარდეს. საბა კიკნაძე უსამართლოს უწოდებს ჟურნალ "ფორბსის" მიერ მოგზაურობისა და მუშაობისთვის საშიშ 14 ქვეყანას შორის საქართველოს დასახელებას:

[საბა კიკნაძის ხმა] ”ამ ტყუილის რამდენიმე ვერსია არსებობს: ის არის გამოწვეული ან ინფორმაციის ნაკლებობით, არის გამოწვეული სპეციალური არხიდან ინფორმაციის მიღებით, ანუ ვიღაცას აინტერესებდა, რომ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ცუდი ყოფილიყო და, მესამე, გულგრილობით და ინფორმაციის განუახლებლობით. არ ვიცი, რომელია, მაგრამ რომელიც არ უნდა იყოს, არც ერთი არ მეტყველებს მაღალ პროფესიონალიზმზე ამ კონკრეტულ სფეროში.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოგზაურობისა და მუშაობისათვის საშიში ქვეყნების განსაზღვრისას, ძირითადად, იმ ოფიციალურ სიას ეყრდნობა, რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს და რომელშიც საქართველო, საბედნიეროდ, არ არის მოხვედრილი, როგორც წესი, ”ფორბსის” რეიტინგსაც აქცევს ხოლმე ყურადღებას. საქართველო რეიტინგში 14 საშიშ ქვეყანას შორის, ასე ვთქვათ, ყველაზე ნაკლებად ”საშიშია”, თუმცა ეს ნამდვილად არ არის შეღავათი ქვეყნისათვის, რომლის ხელისუფლებაც ერთ-ერთ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარებას მიიჩნევს და ამის რეკლამირებასაც ეწევა მსოფლიოში.

ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში სალარო აპარატების გამოუყენებლობის შემთხვევაში სანქციების ამოქმედების ვადის მოახლოებასთან ერთად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აგრესიული საინფორმაციო კამპანია აწარმოა. ფისკალური წესრიგისათვის აუცილებელი ამ მოწყობილობის დანერგვას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. სალარო აპარატების შეძენა განსაკუთრებით რთულია წვრილი მოვაჭრეებისათვის, რომლებიც გასულ კვირას საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ. კვირის ბოლოს ლილოს ბაზრობის მოვაჭრეთა ერთ ამგვარ აქციაზე პოლიტიკოსებიც გამოჩნდნენ, თუმცა მოვაჭრეთა პროტესტი ამჯერად პოლიტიკურ მოთხოვნებში არ გადაზრდილა. აქციის მონაწილეებს, სალარო აპარატების ნაცვლად, ფიქსირებული გადასახადის დაწესება სურთ.

[აქციის მონაწილის ხმა] ”ფიქსირებული იყოს, იმიტომ რომ ის მერე აღარ წავიდეს სხვის ჯიბეში და წავიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა სამინისტრო დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ლექსო ალექსიშვილი ფიქრობს, რომ სალარო-საკონტროლო აპარატები წვრილ მოვაჭრეებს, პირიქით, იმ თანხის გადახდისაგან დაიცავს, რომელსაც აქამდე არალეგალურად იხდიდნენ.:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ის ხალხი, რომელიც დღეს განსაკუთრებულად ეწინააღმდეგება ამ სისტემის დანერგვას, უმრავლესი მათგანი ხშირ შემთხვევაში არალეგალურად იხდის იმ თანხებს, რომელზეც ჩვენ ვიძახით, რომ, გადახდილი უნდა იქნეს ბიუჯეტში და იმისთვის, რათა ეს თანხა მობილიზებულ იქნეს ბიუჯეტში და კერძო ადამიანების ჯიბეებიდან წამოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, ამისათვის ერთადერთი გზა არის სწორედ სალარო აპარატი.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრი აქვე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე არსებული საკონტროლო-სალარო აპარატები მოხმარებიდან ამოღებული იქნება.
მოკლედ, სხვადასხვა საპროტესტო აქციების მიუხედავად, ფისკალური წესრიგის დამყარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დროშით, ფინანსთა სამინისტროს პოზიცია აღარ შეიცვლება და 1 მარტიდან ვაჭრობისა თუ მომსახურების ყველა ობიექტი კლიენტთან ნაღდ ფულზე ანგარიშსწორებისას სალარო აპარატს გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG