Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა, 26 თებერვალი


19 თებერვალს ბერლინში დასრულდა

56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის მიმდინარეობის შესახებ საუბარი გვქონდა ყოველკვირეულ პროგრამაში “მეათე სტუდია”. დღეს “ბერლინალეს” კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით და ამჯერად წლის პირველი დიდი კინოფორუმის შედეგებზე ვიმსჯელებთ.

[ბერლინის ფესტივალის ქუდი]

ამ მუსიკალური ქუდით იწყებოდა წელს ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო და კონკურსგარეშე ფილმების ჩვენება. ამ მუსიკალური ქუდის მოლოდინში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სამი ათასამდე ჟურნალისტი პოტსდამის მოედანზე რამდენიმე წლის წინ აშენებულ “ბერლინალე პალასტში” წინა დღეს ნანახ ფილმებზე ვმსჯელობდით. სადისკუსიოდ დრო დიდი გვქონდა. ამ უზარმაზარ სასახლეში ადგილები სეანსის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც თუ არ დაიკავე, გადაჭედილ “ბერლინალე პალასტში” არავინ შეგიშვებს. არადა, დროს კარგავ – ბერლინის ფესტივალზე წელს, მაგალითად, ათასამდე ფილმი უჩვენეს... იქვე ახლოს, პოტსდამის მოედანზე აშენებულ “სონი ცენტრის” კინოდარბაზებში, ხალხი “ბერლინალეს” რეტროსპექტივებით ტკბებოდა (“ტკბებოდა”, რადგან წლევანდელი რეტროსპექტივა 50-იანი წლების მსოფლიო კინოს ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალებს მიეძღვნა), ჩვენ კი მინიმუმ ნახევარი საათი გვიწევდა მოცდა, რათა “ბერლინალეს” საკონკურსო პროგრამა გვენახა – როგორც ცნობილი, ასევე სრულიად უცნობი კინორეჟისორების ფილმები. რეტროსპექტივაზე არამარტო ლამაზ ქალებს იხილავდით... იმ ძველ ფილმებში იყო სილამაზე, რომელიც კინემატოგრაფმა დიდი ხანია დაკარგა. დღევანდელი კინო ან კომერციული სანახაობაა, ანდა პოლიტიკა... წელს ბერლინის 56-ე კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარემ, ბრიტანელმა მსახიობმა შარლოტა რემპლინგმაც კი აღიარა, რომ “ბერლინალე” ძალიან პოლიტიზებული იქნება. აღიარეს სხვებმაც. მაგალითად, თბილისელმა კულტურის მენეჯერმა თამარ გურჩიანმა, რომელიც, გერმანიის ფედერალური კინოცენტრის სპეციალური პროგრამით, ოქტომბერში ქართული ფილმების დიდ რეტროსპექტივას ამზადებს ნიურნბერგსა და ჰამბურგში.


[თამუნა გურჩიანის ხმა] “ძირითადად, საკონკურსო ფილმები არის პოლიტიკურ თემაზე, იმ თემაზე, რომლითაც მედიაა დაინტერესებული – ესაა ახლოაღმოსავლეთის თემა, ერაყის ომი, ირანის თემა... გაჟღერდა ამერიკისადმი კრიტიკული დამოკიდებულება... ეს გაჟღერდა ამერიკელების მხრიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე კრიტიკა მხოლოდ ევროპიდან მიდიოდა. ეს ამერიკული პოზიციაცაა. მე მგონი, საღად მოაზროვნე ამერიკელები ამ ომების წინააღმდეგები არიან.”

თამარ გურჩიანს არ დაუკონკრეტებია ვის გულისხმობს “საღად მოაზროვნე ამერიკელებში”. მაიკლ მური, მოგეხსენებათ, არა “ბერლინალეს”, არამედ კანის კინოფესტივალის ფავორიტია. თუმცა ბერლინის 56-ე კინოფორუმსაც ჰყავდა თავისი მაიკლ მური – “ბრიტანელი მაიკლ მური” – მაიკლ უინტერბოტომი, ავტორი ფილმისა “გზა გუანტანამოსკენ” – პაკისტანელ ჭაბუკებზე, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან და ისტორიულ სამშობლოში მეგობრის ქორწილში მიემგზავრებიან, მერე ავღანეთში ხვდებიან, ბოლოს მათ ამერიკელი ჯარისკაცები აპატიმრებენ და გუანტანამოს ბანაკში უკრავენ თავს. ამ ფილმს წელს “ბერლინალეს” მთავარ დათვს უწინასწარმეტყველებდნენ. როცა ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე გამოაცხადეს, რომ მაიკლ უენტერბოტომი “ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისურისათვის, დარბაზში “ბრავოს” ძახილი არავის გაგვიგია... და არა იმიტომ, რომ “გუანტანამო” არ მოეწონათ “ბერლინალეზე” აკრედიტებულ ჟურნალისტებს... უბრალოდ, ყველა მიხვდა, რომ “ოქროს დათვის” მფლობელი ვიღაც სხვა გახდა.

[აცხადებენ პრიზს საუკეთესო რეჟისურისთვის]

ამ პრიზით “ბერლინალეს” ჟიურიმ თითქოს თავი გაიმართლა: იმათ საყურადღებოდ, ვინც “გუანტანამოს” პოლიტიკურ კონიუნქტურად მიიჩნევს და აკრიტიკებს “ბერლინალეს” დირექციას კონკურსში ამ ფილმის ჩართვის გამო, ჩვენ უენტერბოტომს საუკეთესო რეჟისორად ვაცხადებთ, რადგან, პირველ რიგში, მხატვრული გადაწყვეტის გამო მოგვწონს “გუანტანამო”... ცოტა არ იყოს, ყალბად ჟღერს ეს განცხადება, რადგან “ბერლინალეს” ჟიურიმ უპრიზოდ დატოვა მსოფლიო კინოს ისეთი ოსტატები, როგორებიც არიან რობერტ ოლტმანი და კლოდ შაბროლი და მაინცდამაინც უენტერბოტომის პუბლიცისტური ფილმი მიიჩნია “მხატვრულად საინტერესოდ”. მაგრამ რას იზამ... როგორც ბერლინში “გუანტანამოს” დასრულების შემდეგ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანმა არჩილ შუბაშვილმა გვითხრა, პოლიტიკური კინო – “ბერლინალეს” ტრადიციაა:

[არჩილ შუბაშვილის ხმა] “ეს ტრადიციაა ბერლინის ფესტივალის – თავიდანვე პოლიტიზებული იყო. ამით ლეგენდაც კი შექმნა ბერლინის ფესტივალმა – დაწყებული 1951 წლიდან, როცა გადაიქცა ხიდად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, დღემდე ცდილობს ფესტივალი, შეინარჩუნოს ეს ფუნქცია.... მართალია, ევროპის ფარგლებს გასცდა, მაგრამ თუკი აზიური კინო ფართოდაა წარმოდგენილი მსოფლიოში, ეს, გარკვეულწილად, ბერლინის კინოფესტივალის დამსახურებაა.”

მაგრამ პოლიტიკური კინო მხოლოდ ვიღაცის მიმართ - ამ შემთხვევაში, ჯორჯ ბუშის პოლიტიკის მიმართ - დაპირისპირებას არ გულისხმობს. “ბერლინალეზე” ყოველთვის უყვარდათ შემრიგებლისა და პაციფისტის როლის თამაში. წლევანდელმა ჟიურიმ ეს ამოცანა ასი პროცენტით შეასრულა: “ვერცხლის დათვები” გაუყო ირანულ ფილმს “თამაშგარე მდგომარეობა” – თეირანელ გოგონებზე, რომლებიც “ბიჭურად გადაიცვამენ” იმ იმედით, რომ ასე შეაღწევენ სტადიონზე, სადაც ირანელი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში ბაჰრეიმის ნაკრებს ეთამაშებიან (ირანში ქალებს ეკრძალებათ სტადიონზე დასწრება) და დანიურ სურათს “საპონი” – ტრანსსექსუალისა და მისი ექიმის რომანზე. დანია და მუსულმანური ირანი თითქოს შეარიგეს. აი, ასეთი რეაქცია ჰქონდა “საპონის” რეჟისორს ფიშერ კრისტენსენს, როცა “ვერცხლის დათვის” ლაურეატად გამოაცხადეს:

[“საპონის” რეჟისორის რეაქცია]

“ბერლინალეს” დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე არჩილ შუბაშვილმა გაგვახსენა, რომ ჟიურის თავმჯდომარე შარლოტა რემპლინგი იმითაა სწორედ ცნობილი, რომ ყოველთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს:

[არჩილ შუბაშვილის ხმა] ”ეს ქალი ყოველთვის სკანდალური იყო. დღესაც სკანდალურია. არ მინდა ვიხმარო მის მიმართ სიტყვა “პათოლოგიური”... ამ ქალს თითქოს ასაკი არ ეტყობა. ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლება ქალის ირგვლივ ტრიალებდეს, ამ ქალშია ფოკუსირებული... თავიდანვე გამიკვირდა, რომ რემპლინგი ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს – არ იქნება გასაკვირი, რომ ეს იყოს მოულოდნელი გადაწყვეტილება.”


[შარლოტა რემპლინგი აცხადებს გამარჯვებულს]

მართლაც, თითქმის არავინ ელოდა, რომ ყველასათვის უცნობი 30 წლის ბოსნიელი რეჟისორი ქალი იასმილა ჟბანიცი, რომელიც აქამდე მარიონეტების თეატრს ხელმძღვანელობდა და კინოში თითქმის არაფერი გაუკეთებია, “ოქროს დათვის” ლაურეატი გახდებოდა ფილმისთვის “გრაბოვიცა” – ერთი ჩვეულებრივი, კამერული სურათისთვის, რომელიც ევროპის უახლეს ისტორიას, ბალკანეთის ომს, სარაევოს დაბომბვას, კარაჯიჩის, მლადიჩისა და სხვა სამხედრო დამნაშავეების მხეცობას შეგვახსენებს. მაგრამ “ბერლინალესთვის” ეს “ერთი ჩვეულებრივი, კამერული ფილმი” ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. “ბერლინალე” არ ცნობს სნობებსა და დეკადენტებს, რომლებიც კინოში სილამაზის სანახავად დადიან; თუ გსურთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ დატკბეთ, წადით “სონი ცენტრში” და უყურეთ 50-იანი წლების კლასიკას, ჩვენ კი გვწამს, რომ მაშინ, როცა სამყარო ლამის დაანგრიოს სიძულვილმა და შეუწყნარებლობამ, მხოლოდ და მხოლოდ სილამაზით ტკბობა უზნეობაა... თითქოს ამას ამტკიცებენ “ბერლინალეს” ორგანიზატორები და სეანსის წინ, მინიმუმ ნახევარი საათით ადრე, არა იმდენად ფილმებზე, რამდენადაც პოლიტიკაზე მსჯელობისკენ გვიბიძგებენ.
XS
SM
MD
LG