Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელ უწყებას დაუწერენ ნატოელი ექსპერტები არადამაკმაყოფილებელ ნიშანს


მარტის დასაწყისში საქართველოს ეწვევა

ნატოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც “ინდივიდუალური თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის”-IPP(აი-პა-პის) შესრულება უნდა შეაფასოს. ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებზე ერთიმეორის მიყოლებით მართავენ სხვადასხვა სემინარებს, წინასწარ დარწმუნებულნი არიან, რომ საერთო შეფასება დადებითი იქნება. უფრო ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებს ეხება. დაუსრულებელი საკადრო რეორგანიზაცია, ჯარების სახეობების განუვითარებლობა, კორუფციის მაღალი დონე და სამხედრო ნაწილებში მომხდარი არასაწესდებო ურთიერთობები - სამხედრო რეფორმების დადებითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა. დღევანდელ კვირის პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” სწორედ IPP - ის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომპონენტის ჩრდილოვან მხარეებზე მინდა გავამახვილო ყურადღება.


ნატოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოდის იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ძალისმიერი უწყებების მიმართ სერიოზული პრეტენზიები დაგროვდა. თებერვლის დასაწყისში გაერთიანებული ქართული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის სანდრო გირგვლიანის საზარელი მკვლელობის ჟურნალისტურმა გამოძიებამ საზოგადოება შეძრა. ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ცოცხლად დარჩენილი მოწმეები ყვებოდნენ, რომ გარდაცვლილს უსიმოვნება მოუვიდა პოლიციის მაღალჩინოსნებთან, რომლებმაც გირგვლიანი ცემით მოაკვლევინეს სპეციალურ რაზმს. უფრო ადრე გაურკვეველი შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა ოპოზიციონერ დეპუტატ ვალერი გელაშვილს, რომელიც სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ განამტკიცა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს სპეციალური სადამსჯელო ჯგუფები პოლიტიკური ოპონენტების დასაშინებლად, განაცხადა რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს საინფორმაციო -სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მოძრაობა “წინ, საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ბათიაშვილმა:


[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] “სერიოზული ვითარებაა, არსებობს ჯგუფები და არაერთი. აქედან ზოგიერთი, შესაძლოა, არსებობდეს არაოფიციალურად, რაღაც ჯგუფი შეიძლება არსებობდეს ოფიციალური სტრუქტურის ქვეშ. მაგრამ ყველა ისინი დღეს ასრულებენ ხელისუფლების არაკანონიერ ფარულ დაკვეთებს.”


მძიმე დანაშაულების სერია რამდენჯერმე მოხდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. 8 იანვარს რიგით აკაკი პარკაიას ცხედარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე საყარაულო ჯიხურში იპოვეს. ჯარისკაცი ავტომატის ტყვიით იყო მოკლული. ცხედარს არ ეტყობოდა ძალადობის კვალი. სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი მოკვლევით თვითმკვლელობა დადგინდა. 3 თებერვალს კი თბილისის სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილმა სამმა უცნობა სიცოცხლეს გამოასალმა რიგითი ირაკლი ყიფშიძე. სამხედრო პოლიციის მიერ დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. თუმცა სრულიად ბუნებრივად იბადება კითხვა: როგორ მოხდა დაცულ ტერიტორიაზე უცხო პირი და რატომ იღუპებიან მშვიდობიანობის დროს ჯარისკაცები? ამ კითხვაზე სამხედრო უწყების მხრიდან პასუხები არ არსებობს.

სამხედრო უწყება ჯერჯერობით არაფერს ამბობს ახალციხეში 6 იანვარს მომხდარ ინციდენტზე. სასტიკად ნაცემი რიგითი ვალერი სარიშვილი ტვინის შერყევით სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. დაზარალებულის ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი ამბობს, რომ ჯარისკაცს, ხარკის გადაუხდელობის გამო, ქურდული ტრადიციების მიმდევარმა მისმავე თანამებრძოლებმა სცემეს.

[მალხაზ შვიდბიჭაშვილის ხმა] “ღამის ორ საათამდე ემუქრებოდნენ ჯარისკაცები, თუ ფულს არ მოიტან, გცემთ, მოგკლავთ, ამას გიზამთ, იმას გიზამთო. ამის შემდეგ სარიშვილი დილის 4 საათზე იძულებული გახდა დაეტოვებინა სამხედრო ნაწილი. გზაზე გახდა ცუდად, ვიღაც ცოლ-ქმარმა ნახა გულწასული, ჩასვა ტაქსში და გამოუშვა სოფელ მუხრანში. იქიდან ნაცემი ჯარისკაცი ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა.”


სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო ურთიერთობების დამკვიდრება პირდაპირ კავშირშია სამხედრო უწყებიდან პროფესიონალი კადრების დათხოვნასა და დაუსრულებელ საორგანიზაციო-საშტატო ცვლილებებთან, რის გამოც მთელი რიგი ჯარის სახეობების მართვა შესუსტებულია. ჰაერზე ლაპარაკი რომ არ გამოგვივიდეს, აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლის განმავლობაში სამჯერ შეიცვალნენ სამხედრო-საზღვაო, სამხედრო-საჰაერო ჯარებისა და ეროვნული გვარდიის სარდლები. გარდა ამისა, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული სახმელეთო ჯარების სახეობა და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი, რაც სამხედრო მმართველობაში არსებული სერიოზული ხარვეზია, მიიჩნევს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე:


[ვახტანგ კაპანაძის ხმა] “სახმელეთო ჯარების ჩამოყალიბება ლოგიკურად უნდა მომხდარიყო, რადგან ყველაზე დიდ სამხედრო კომპონენტს არ ჰყავდა სარდალი, მაშინ როცა სარდალი ჰყავს ლოგისტიკას, საზღვაო ძალებს, საჰაერო ძალებს და ა.შ.”


ამ დღეებში საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობამ სკანდალური საკადრო ცვლილება განახორციელა, რაზეც აუცილებლად მოუწევს ანგარიშის ჩაბარება ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წინაშე: 16 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დანიშნული ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი გიორგი თათუხაშვილი ირაკლი ოქრუაშვილმა 24 იანვარს თანამდებობიდან გადააყენა, მის ნაცვლად კი გასული კვირის დასაწყისში თანამდებობაზე დაინიშნა იმერეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული აკაკი ბობოხიძე, რომელმაც თანამდებობა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო დატოვა. დამოუკიდებელი პრესა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ამის გამო საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მიმართვას მიმართვაზე აქვეყნებს და სთხოვს მიხეილ სააკაშვილს, ჟურნალისტის ცემაში მხილებული სარდალი თანამდებობას ჩამოაშოროს. მაგრამ პრეზიდენტი მათ მოთხოვნაზე ჯერჯერობით არ რეაგირებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG