Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული ”ბიბლიოთეკა”: აკა მორჩილაძე, ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”


დავით პაიჭაძე, თბილისი დღევანდელ ბიბლიოთეკაში ვისაუბრებთ, ალბათ, ყველაზე უჩვეულო თანამედროვე ქართულ წიგნზე. ან ეგებ ჯობდეს, გვეთქვა ”ტექსტზე”, რადგან წიგნი მას პირობითად თუ შეიძლება ეწოდოს.

თუმცა ვერც ასეთ შემთხვევაში ავცდებით ნიშნების აღწერას, რომლებიც წარმოქმნიან ტექსტს, როგორც მთლიანობას. ამ გამოცემაში ტექსტი მხოლოდ წიგნად არ არის აკინძული, არამედ ”იფანტება” და გადმოიცემა სხვადასხვა ნივთით: ბლოკნოტით, სავიზიტო და ღია ბარათებით, პირადი წერილებით, ამონაჭრებით გაზეთებიდან, საექსკურსიო ბილეთებით, რვეულებით... აკა მორჩილაძის ეს ახალი რომანი, ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. საუბრის დასაწყისში ”ბიბლიოთეკის” ავტორს, დავით პაიჭაძეს, სწორედ ამ უჩვეულო წიგნით აღძრული შთაბეჭდილება გაუზიარა მწერალმა ლაშა ბუღაძემ:


[ლაშა ბუღაძის ხმა] ”შთაბეჭდილებები, მართლაც, ხდება ნივთიერი, ხელშესახები. რაღაც ატმოსფერულ წიგნთან გვაქვს საქმე. ასეთი არალინეარული, ანუ არატრადიციულად დაწერილი, ტექსტები დასავლურ ლიტერატურაში არის, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში, თუკი ”სანტა ესპერანსას” - იმავე ავტორის წიგნს - არ ჩავთვლით, ასეთი ტიპის წიგნი პირველია, სადაც მეთოდიკაც კი კითხვისა იცვლება.”


ვინც აკა მორჩილაძის რომანებს კითხულობს, იცის, რომ მკვლელობა ხშირად აუცილებელი სტიმულია მათში მოქმედების განვითარებისთვის. სადაც მკვლელობაა, გამოძიებაც იქვეა, მაგრამ საკუთრივ დეტექტიური ქარგა აკა მორჩილაძესთან მხოლოდ საშუალება გახლავთ ტექსტში მკითხველის შესატყუებლად. ასეა ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთშიც”. მისტერ დიქსლი მკვლელობას იძიებს, მაგრამ დეტექტივთა უმეტესობა მაშინ გადადის სხვა რიგის ლიტერატურაში, როცა გამომძიებელი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია. დიქსლის ფიგურა აკა მორჩილაძის ამ ტექსტში მეათეხარისხოვანია.


[ბუღაძის ხმა] ”ფაქტობრივად, მისტერ დიქსლი არის თითოეული ის მკითხველი, ვინც ამ ყუთს, ამ სეიფს ყიდულობს. სეიფში შენახულია მთელი მასალა, რომელიც მისტერ დიქსლიმ, გამომძიებელმა, შეაგროვა მკვლელობის შესახებ. ასე რომ, ჩვენ, მკითხველები, ვართ გამომძიებლები და, ამ მასალებიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ვუახლოვდებით მთავარ ამბავს, თუ ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მკვლელი.”

მას შემდეგ, რაც მკითხველი დანაშაულს ”გახსნის” და მტკიცებულებებსაც მიაკვლევს, ის ხვდება, რა ხვეულებში დაჰყავდა თურმე მწერალს, რამდენ დიდოსტატურ ცრუმოძრაობას მიმართავდა თავგზის ასაბნევად. მთავარი ცრუმოძრაობაა, ერთი შეხედვით, რომანის ღერძი, პერსონაჟი, რომლის პროტოტიპს ყველა ქართველი იცნობს, მაგრამ ტექსტში ნამდვილად რა ჰქვია, უცნობი რჩება: ასურასტან ასურასტანი, გიორგი ბედაური, ირაკლი ყაზბეგი თუ ჯიბრაილ ვისრამიანი.


რომანის მოქმედება აკა მორჩილაძის გამოგონილ კუნძულზე, სანტა ესპერანსაზე, მიმდინარეობს. ვისაც ”სანტა ესპერანსა”, ამავე მწერლის ორი წლის წინანდელი რომანი წაუკითხავს, შესაძლოა, ახსოვს პატარა თავი, რომელიც არქაიზებული, ფსევდოსაეკლესიო ენით მოგვითხრობს საქართველოს 90-იანი წლების ისტორიას. აკა მორჩილაძე პირველად სწორედ მაშინ შეეხო ჯაბა იოსელიანს. ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთში” კი ჯაბა იოსელიანი ფენომენია, რომლის გარშემოც, გგონიათ, რომ იგება მთელი მოქმედება. ეს არ გახლავთ ისტორიული პირის მხატვრულად გააზრების ცდა. ეს უფრო ჯაბა იოსელიანის, როგორც პერსონაჟის, თავისებური კანონიზაციაა ლიტერატურაში. და შეცდება ის, ვინც პროტოტიპთან ამ პერსონაჟის - ამირბარის - სრულ გაიგივებას მოისურვებს.


გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ჯაბა იოსელიანის პოლიტიკური ზეობის ეპოქაში, გამოქვეყნდა გურამ გამყრელიძის წერილი ”ჯაბა იოსელიანი - ქართული პოლიტიკის ტრიქსტერი.” არ ვიცი, შერისხეს თუ არა იმხანად მხედრიონელებმა გურამ გამყრელიძე. მეტიც, იმ წერილის შემდეგ საერთოდ არაფერი ვიცი მისი ავტორის შესახებ. გურამ გამყრელიძის პუბლიკაცია იმდენად უჩვეულოდ იაზრებდა და აღწერდა ჯაბა იოსელიანის ფენომენს, რომ ნაწერის აღქმა უბრალო კრიტიკად აშკარად მისი დაკნინება იქნებოდა, ხოლო წყენა და რისხვა - პრიმიტიული რეაქცია, რაც, საეჭვოა, დაეშვა თვითონ ჯაბა იოსელიანს. დროა, ალბათ, მსმენელს ვუთხრათ, რა არის ტრიქსტერი: ტრიქსტერი არის მითოსური პერსონაჟი და მითოლოგიურ თემათა ერთობლიობა, რომელიც წარუვალი მიმზიდველობითა და პოპულარობით სარგებლობს ხალხში. ტრიქსტერი წარმოდგება, როგორც შემოქმედი და დამანგრეველი, მატყუარა და ტყუილის მსხვერპლი, გამღები და უარმყოფელი. ტრიქსტერს არა აქვს ცნობიერი სურვილები, მან არ იცის არც კეთილი და არც ბოროტი, თუმცა პასუხს აგებს ორივეს გამო; ტრიქსტერი არ ცნობს მორალურ და სოციალურ ღირებულებებს, მას მხოლოდ საკუთარი ვნება და მადა ამოძრავებს; არა აქვს მკაფიოდ განსაზღვრული და მუდმივი ფორმა. ტრიქსტერი და მისი ქმედება იწვევს, ერთდროულად, სიცილსა და შეძრწუნებას.


ეს სქემატური ჩამონათვალი იმიტომაც შემოგთავაზეთ, რომ, ჩემი აზრით, აკა მორჩილაძის ასურასტან ასურასტანი სწორედ გურამ გამყრელიძის მიერ გაჭრილი კალაპოტიდან გამოვიდა. თუმცა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, წაიკითხა თუ არა ამ 13 წლის წინ მწერალმა ის წერილი. შეიძლება ჩემი შთაბეჭდილება მცდარია, მაგრამ მხატვრულ ტექსტში ჯაბა იოსელიანის რეინკარნაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალებისა და იმ ძრწოლის საბოლოო განქარვების შემდეგ, რომელსაც ეს კაცი, ჩანს, აკა მორჩილაძეშიც აღძრავდა. მის რომანში ასურასტან ასურასტანს კლავენ. ბუნებრივია, არ გავამხელ ვინ და რატომ.


[ლაშა ბუღაძის ხმა] ”რომანი და ამირბარის ამბავი, განსაკუთრებით მისი სიკვდილი - სიკვდილი ადამიანისა, რომელიც ამდენ ფათერაკს გამოივლის და დარჩება ცოცხალი, მაგრამ კვდება სრულიად არარომანტიკულ ვითარებაში - ამით, ამ ტრაგიკომიკური პარადოქსულობით, ძალიან ჰგავს ჯაბა იოსელიანის სოციალურად ჩვეულებრივ სიკვდილს. ეს ადამიანი, რომელმაც ამდენი ომი, ციხე და უბედურება გაიარა, კვდება ინსულტით. ეს მომწონს აკა მორჩილაძის ტექსტში: შემთხვევითობის, უაზრობის ფატალურობა აქვს მოცემული ამ პერსონაჟის სახით. სიკვდილი, როგორც აბსურდი, ამ თავგადასავლების მაძიებელი და ინსპირატორი კაცისა, რომელიც რაღაც მექსიკურ სერიალში ეხვევა და კვდება ასევე მექსიკურად.”


წიგნის გამოცემა მუყაოს ყუთში ჩაწყობილი ნივთების სახით აკა მორჩილაძის იდეა არ ყოფილა. ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, ფაქტობრივად, მწერლის, მხატვრისა და გამომცემლის ერთობლივი პროდუქტია. სიტყვა ”ყუთი” სათაურში თავისთავად ეხმიანება სერბი მწერლის, მილორად პავიჩის, ”საწერ მოწყობილობათა ყუთს”, ოღონდ აკა მორჩილაძის ჩამონათვალი განივთებულია. ლაშა ბუღაძე უშვებს, რომ, აკა მორჩილაძის აზრით, შესაძლოა, მკითხველს მობეზრდა ტრადიციული, ინტელექტუალური თუ ფსევდოინტელექტუალური დეტექტივების კითხვა და ამიტომაც სთავაზობს მას ახალ თამაშს.


[ბუღაძის ხმა] ”და მეორე, პრაქტიკული რამ: ესაა წიგნი, რომელიც, სავარაუდოდ, გაარღვევს ლოკალურ, ქართულ ლიტერატურულ სივრცეს. შესაძლოა, ფორმის თვალსაზრისით სწორედ იმიტომაც არის ასე დაწერილი, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს უცხოელ მკითხველზე. თვითონ პერსონაჟებიც არ არიან ტიპიური ქართველები. გარკვეულწილად, ლიტერატურულ სტერეოტიპებთან გვაქვს საქმე. ასეთია, პირველ რიგში, ჯესიკა რაიდერი, რომელიც გადმომხტარია ჰოლივუდური ფილმიდან: მარტოხელა მწერალი ქალი, რომელიც ხვდება ყველაფერს. ეს არის ერთგვარი ყალიბი, კლიშე. ასეთ მწერალ ქალს შეიძლება ყველა იცნობდეს.”


”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთში” მკითხველს არაერთი მოტივი და პერსონაჟი ეცნობა. მწერალი მიანიშნებს ან პირდაპირ გამოიხმობს ტექსტებს ანტიკური ლიტერატურიდან დღემდე. მოქმედებას ვერ ჩასწვდებით იმ მხატვრული ტექსტებისა თუ ესკიზების გარეშე, რომელსაც აკა მორჩილაძის მწერალი პერსონაჟები ქმნიან რომანში. შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ”ყუთი”, გარკვეულწილად, რომანია ლიტერატურაზე. ლაშა ბუღაძემ ჩვენი საუბრის ბოლოს ”აღიარა”:


[ბუღაძის ხმა] ”აკა მორჩილაძემ შეგვიყვანა, შეგვიტყუა ამ ლაბირინთებში. მეც საკმარისად დამაბნია: სრულიად სხვა ადამიანი მეგონა მკვლელი, იმიტომ რომ...”


აი, ამის გამხელა კი უკვე აღარ შეიძლება, რადგან მკითხველს პირველად წაკითხვის სიხარულს წავართმევთ. ”მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი” ხომ სულ ახლახან, იანვარში, გამოვიდა და მასთან შეხვედრა ბევრ თქვენგანს, ალბათ, წინ უძევს.
XS
SM
MD
LG