Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რელიგიურ დაჯგუფებებს შორის ძალადობა მიწყნარდა


ერაყის მთავრობამ ბაღდადში კომენდანტის საათი შეაჩერა მას მერე, რაც ვითარება ერაყის დედაქალაქში შედარებით დაწყნარდა გასული კვირის კრიზისის შემდეგ.

შეგახსენებთ: 22 თებერვალს სამარაში შიიტების მეჩეთის აფეთქების შემდეგ შიიტებსა და სუნიტებს შორის ძალადობის ახალმა ტალღამ იფეთქა. ექსპეტრების აზრით, ასეთი ვითარება ექსტრემისტი ლიდერების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ერთხელ უკვე გაგრძელებული კომენდანტის საათის დასრულება იმის ნიშანია, რომ რელიგიურ დაჯგუფებებს შორის ძალადობის ყველაზე უარესმა პერიოდმა გადაიარა. ამ ძალადობით რამდენიმე დღის მანძილზე იყო მოცული ბაღდადი და ქვეყნის ზოგიერთი რაიონი.

ყველაფერი დაიწყო 22 თებერვალს, როცა სამარაში შიიტური მეჩეთის აფეთქებამ 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამას შიიტების მხრიდან სუნიტების წინააღმდეგ მიმართული შურისმაძიებელი აქციები მოჰყვა.

დაძაბულობა კვლავაც გრძელდება, მაგრამ რელიგიური და პოლიტიკური ლიდერების მოწოდებებმა, როგორც ჩანს, მიზანს მიაღწია და ვითარება ჩაწყნარებას იწყებს.

ერთ-ერთი ასეთი რადიკალი ლიდერია მუყტადა ალ-სადრი, რომელმა კვირას, ქალაქ ბასრაში გამოსვლისას, ყველა მუსულმანს, სუნიტებსაც და შიიტებსაც ძმობისკენ მოუწოდა.

გასული კვირის აფეთქებების შემდეგ ალ-სადრის წონა აშკარად გაიზარდა, ვინაიდან საყოველთაოდ გავრცელებული აზრით, შურისძიების აქციების მიღმა სწორედ მისი გასამხედროებული დაჯგუფება დგას.

ეს კი მშვიდობისკენ მის მოწოდებებს წონას ჰმატებს მიუხედავად იმისა, რომ რანგით იგი ჩამოუვარდება სხვა ლიდერებს.

ბასრაში გამოსვლისას ალ-სადრმა კვლავ გაიმეორა მოწოდება უცხოეთის ჯარების ერაყიდან გასვლის აუცილებლობის შესახებ.

აი, როგორ აფასებს ერაყში შექმნილ ვითარებას დუბაის სპარსეთის ყურის კვლევითი ცენტრის ექსპერტი მუსტაფა ალანი:

[ალანის ხმა] "ორი რამ ეხმარება რადიკალებს გაძლიერებაში. ჯერ ერთი უშიშროების მდგომარეობის კოლაფსი, რასაც ადგილი აქვს ერაყში. უშიშროების მდგომარეობაში არ არის სერიოზული გაუმჯობესება. მეორე მხრივ, არ უმჯობესდება პოლიტიკური მდგომარეობა. ჩემის აზრით, რადიკალ ლიდერებს ახლა მეტ-ნაკლებად კარგი გარემო აქვთ საიმისოდ, რომ სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებად იქცნენ. ერთგვარად მეორდება ლიბანური სცენარი, როცა ადამიანებს, რომლებიც ნორმალურ პირობებში არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენენ, უზარმაზარი ღირებულება შეიძლება ჰქონდეთ ასეთ გარემოში."

ალანის თქმით, შექმნილი ვითარება ალ-სადრის ტიპის ლიდერებს გაძლიერებაში უწყობს ხელს.

[ალანის ხმა] "ბატონ სადრს აქვს სტრატეგია, იქცეს ერაყის და რეგიონის ლიდერადაც კი. ძალადობის ამ ფაქტებამდე მან იმოგზაურა საუდის არაბეთში, ირანში, სირიაში. ასე რომ, მას ახლა სურს ამოძვრეს უმნიშვნელო ლიდერის ყუთიდან."

მრავალი ანალიტიკოსის აზრით, ალ-სადრი სერიოზულ ლიდერად უნდა იქნეს აღქმული, თუკი მართლაც მის ხელთაა ძალადობის წამოწყება და შეწყვეტა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ მოაწყო აფეთქება სამარაში. ერაყის ხელისუფლება ბრალს სდებს სუნიტურ დაჯგუფებებს, რომლებიც "ალ-ყაიდასთან" არიან კავშირში.

ახლა საკითხავი ისაა, შეძლებენ თუ არა ზომიერი პოლიტიკოსები სტაბილური ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნას, რათა წინააღმდეგობა გაუწინონ ალ-სადრის მსგავს რადიკალებს.
XS
SM
MD
LG