Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი სამდღიან ვიზიტად ესტუმრა იაპონიას, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.

იაპონიაში მოტაკის ვიზიტი უშუალოდ მოსდევს თეირანსა და მოსკოვს შორის შეთანხმებას რუსეთის ტეროტორიაზე ირანის ბირთვული საწვავის გამდიდრების შესახებ, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

საგარეო საქმეთა მინისტრი მოტაკი, რომელიც 1995-99 წლებში ირანის ელჩი იყო იაპონიაში, ვიზიტის განმავლობაში შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრ იუნიხირო კოიზუმის და საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო ასოს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ასოს თქმით, ის შეეცდება მოტაკისგან შეიტყოს რუსეთთან მიღწეული შეთანხმების დეტალები.

ამ შეთანხმების შესახებ ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ღოლამრეზა აყაზადე-ხოიმ 26 თებერვალს გამოაცხადა თავის რუს კოლეგასთან, სერგეი კირიენკოსთან შეხვედრის შემდეგ.

[აყაზადე-ხოის ხმა] "ამ ერთობლივ საწარმოსთან დაკავშირებით მივაღწიეთ ზოგად შეთანხმებას. უახლოეს დღეებში რუსეთში გაგრძელდება მოლაპარაკებები შეთანხმებათა ამ პაკეტის დასასრულებლად."

შეთანხმების დეტალები ცნობილი არ არის. რუსეთის წინადადება შეიცავს გეგმას, შეიქმნას ერთობლივი საწარმო, რომელიც ირანის ბირთვულ საწვავს რუსეთის ტერიტორიაზე გადაამუშავებს. ამით ბოლო მოეღებოდა დასავლეთის შიშს, რომ ირანმა ეს საწვავი ბირთვული იარაღისთვის შეიძლება გამოიყენოს.

როგორც იტყობინებიან, თეირანმა და მოსკოვმა უარი თქვეს თავდაპირველ ფართო მასშტაბის გეგმაზე.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, როგორ ეთანხმება რუსეთის გეგმა ირანის მოთხოვნას, რომ იგი არ აპირებს დათმოს უფლება, თავის ტერიტორიაზე გაამდიდროს ურანი.

რუსეთის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა სერგეი კირიენკომ განაცხადა, რომ შეთანხმებებისთვის ცოტა დროღაა დარჩენილი, მაგრამ ამავე დროს გამოთქვა იმედი, რომ პრობლემის მოგვარება დიპლომატიური გზით შეიძლება.

[კირიენკოს ხმა] "ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები მოსკოვში გაგრძელდება უახლოეს მომავალში. მოლაპარაკებები არ არის იოლი საქმე, ეს რთულია, მაგრამ გავიმეორებ - დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელია."

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნა იტყობინება, რომ იაპონიამ გასულ კვირაში მხარდაჭერა გამოუხატა რუსეთის წინადადებას და ირანს მისი მიღებისკენ მოუწოდა.

იაპონია ნავთობის იმპორტის 15 პროცენტს ირანიდან აწარმოებს და არ არის დაინტერესებული გაეროს უშიშროების საბჭოსთვის ირანის საკითხის გადაცემით. მოხდება თუ არა ეს, გაირკვევა 6 მარტს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სხდომაზე.

ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. შეერთებული შტატები კი მას ბირთვულ იარაღზე საიდუმლოდ მუშაობაში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG